მზის სხივები - კანის სიმსივნეების 90%-ის მიზეზი - კვირის პალიტრა

მზის სხივები - კანის სიმსივნეების 90%-ის მიზეზი

ზაფხული - არდადეგების, შვებულებების, დასვენების საუკეთესო პერიოდია. როგორ მოვიქცეთ, რომ დასვენება  ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და სასიამოვნო იყოს? ზოგი რამის ცოდნა აუცილებელია. ზაფხულში მზის აქტივობა წელიწადის ყველა სხვა დროსთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი - კანის საფარველს.

ირმა ბუჩუკური, ექიმი-დერმატოლოგი:

- კანის მზით დასხივების საზიანო ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს მწვავე და ქრონიკული ფორმით. მწვავე ეფექტია: დამწვრობა, იმუნიტეტის დროებითი დაქვეითება, წამლისმიერი ფოტოტოქსიკური რეაქციები, უკვე არსებული ფოტომგრძნობიარე დაავადებების გამწვავება. ქრონიკული  ეფექტია: კანის დანაოჭება, პიგმენტაცია, სიმსივნის წინარე დაავადებები (მოხუცებულობითი კერატოზი), უკვე არსებული სიმსივნის წინარე დაავადების გარდაქმნა კანის სიმსივნედ, კატარაქტა, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა,  მელანომა.

- სასარგებლოა თუ არა მზის სხივები?

- მზის სხივებით განპირობებული სასარგებლო ეფექტები მცირერიცხოვანია: კანის დასხივება ულტრაიისფერი  სხივებით აუცილებელია ორგანიზმის მიერ ვიტამინ  D3-ის გამომუშავებისთვის, რომელიც თავის მხრივ, ორგანიზმში კალციუმის ცვლას არეგულირებს. მზის გამოსხივების ხილული ნაწილი აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ განწყობას. ულტრაიისფერი სხივები გამოიყენება კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ (მაგალითად, ფსორიაზის). მეორე მხრივ, მზის სხივები კანის სიმსივნეების 90%-ის მიზეზია. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი ავთვისებიანი სიმსივნე - მელანომას შემთხვევათა 30% გვხვდება 45 წლამდე ასაკში. იგი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა 25-30 წლის ასაკის ქალებში და სიხშირით მეორე ადგილზეა 30-35 წლის ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ. მელანომების სიხშირე  სხვა სიმსივნეებთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად იზრდება. მაგალითად, ბოლო წლებში მათი რიცხვი 40-ჯერ გაიზარდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დგება მზისგან დაცვის აუცილებლობის საკითხი. მზისგან მიყენებული ზიანი კუმულაციური (დაგროვებითი) ხასიათისაა: ულტრაიისფერი სხივების ყოველი ახალი დოზა (მცირე თუ დიდი) ემატება მთელი ცხოვრების მანძილზე მიღებულს და იწვევს კანის დანაოჭებას, ნაადრევ დაბერებას, პიგმენტაციის დარღვევას, კანის სიმსივნეებს. ,,ჯანმრთელი გარუჯვა" არ არსებობს. გარუჯვა - ეს არის ულტრაიისფერი სხივებით კანის დაზიანება.

- როგორ მოვიქცეთ, თუ ვისვენებთ და გვინდა, რომ მზემ და ზღვამ ზიანი არ მოგვაყენოს?

- უნდა მოვერიდოთ მზეზე ყოფნას 11-დან 16 საათამდე, როცა ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა მაქსიმუმს აღწევს. დავიცვათ კანი ტანსაცმლით, ხოლო კანის ღია ადგილებზე ვიხმაროთ მზისგან დამცავი კრემი.

უნდა გვახსოვდეს, რომ მაღალმთიან რაიონებში ატმოსფეროს ფენა თხელია და ის უფრო ინტენსიურად ატარებს მზის სხივებს. ამიტომ მზით დამწვრობის საშიშროება აქ მეტია. მზისგან დამცავი კრემი უნდა გამოვიყენოთ ღრუბლიან ამინდშიც. უნდა გვახსოვდეს, რომ ულტრაიისფერი სხივები აირეკლება ქვიშიდან ან ცემენტიდან და განიბნევა. ამიტომ ჩრდილშიც კი არსებობს მზით დამწვრობის მიღების შესაძლებლობა.

გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი (სულფანილამიდები, ტეტრაციკლინი, კონტრაცეპტივები და სხვ.) და კოსმეტიკური საშუალება იწვევს კანის სენსიბილიზაციას (მგრძნობელობის მომატებას) მზის სხივებისადმი. ბავშვები განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ მზის სხივებს.

- თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს მზისგან დამცავი კრემების დიდ არჩევანს. როგორ ვისარგებლოთ მზისგან დამცავი კრემით?

- საშუალო სიმაღლის ადამიანის სხეულის დასაფარად საჭიროა 30 გრამამდე მზისგან დამცავი კრემი, რაც დაახლოებით ერთი პეშვია. კრემი თანაბრად უნდა განაწილდეს და შეიზილოს კანში. სასურველია კრემის განმეორებითი შეზელა მზეზე ყოფნის სამი საათის შემდეგ.

- აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით მზის სხივებით გამოწვეული ყველაზე სერიოზული დაავადებების შესახებ. აუცილებლად უნდა შევეხოთ კანის ინფექციურ დაავადებებსაც, რომელთა უმრავლესობა თან სდევს მზის და ზღვის წყლის ზემოქმედებას, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას აგარაკის პირობებში.

- მზის სხივები და ზღვის წყალი იწვევს კანის ზედმეტად გამოშრობას, რაც მკვეთრად აქვეითებს კანის ბარიერულ ფუნქციას. შედეგად კანი ადვილად შეღწევადი ხდება ჩირქოვანი, სოკოვანი, ვირუსული და პარაზიტული დაავადებებისათვის. ხშირია მიკროტრავმები, რომლებიც ასევე შეიძლება გართულდეს მეორადი ინფექციით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანის ინფექციური დაავადებები გადამდებია და საკმაოდ ადვილადაც, რის გამოც ზოგჯერ ავადდება აგარაკზე მყოფთა მთელი ჯგუფი. ამ ინფექციათა ნაწილი ადვილად იკურნება ადგილობრივი საშუალებებით, ნაწილი კი (მაგალითად, კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებანი) საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, და არა მხოლოდ ადგილობრივად.

- როდის შეიძლება ვიმკურნალოთ სახლის პირობებში და როდის არის აუცილებელი მივმართოთ ექიმს?

- ამის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. შემთხვევათა 80%-ში ექიმის დროული ჩარევა აუცილებელია. ეს თავიდან აგვაცილებს დაავადების ქრონიკულ მდგომარეობაში გადასვლას, გართულებებს, გარშემომყოფთა დასნებოვნების საშიშროებას. ყველა შემთხვევაში კატეგორიული რჩევაა - მოვერიდოთ თვითმკურნალობას, მკურნალობას შინაური საშუალებებით დიაგნოზის გარეშე.

ჩვენ არაჩვეულებრივი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანაში ვცხოვრობთ. გვაქვს ზღვაც და მთაც, იდეალური სეზონურობა, წელიწადის დროთა მონაცვლეობა. ამ შესანიშნავი კლიმატით რაციონალური სარგებლობა იძლევა შესაძლებლობას, რომ შვებულებისა და არდადეგების ხანმოკლე პერიოდში მივიღოთ მთელი სასწავლო და სამუშაო წლისთვის აუცილებელი ენერგია.