ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ვენების გაგანიერების დროს

250 გ დანაყილ ნიორს დაასხით 350 გ თაფლი. აურიეთ. გააჩერეთ 1 კვირა და მიიღეთ თითო ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 თვეა.

საერთო სისუსტის დროს

თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული წითელი მოცვისა და ასკილის 1ს/კ ნარევს დაასხით 1ჭ მდუღარე წყალი და 5 წუთი ადუღეთ. სვით ყავისა და ჩაის ნაცვლად.

თმის ცვენას შეაჩერებს

1. 50 გ გამხმარი (ან ნედლი) ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 1 ლ ღვინის ძმარი, 10 დღე გააჩერეთ ბნელ და გრილ ადგილას, შემდეგ გადაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. კარგად ათქვეფილი 2 კვერცხის გულის, 150 მლ წყლის, 5-8 მლ ნიშადურის სპირტის ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში და შემდეგ ჩამოიბანეთ ცხელი წყლით. მკურნალობის კურსი 2-3 კვირაა.

სახეზე მუწუკებს შველის

ახალმოწყვეტილი გარეცხილი მრავალძარღვას ფოთლის ფაფა სახეზე მუწუკებს აქრობს. ფაფა წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ ნიღაბი სველი ბამბის ტამპონით მოიშორეთ (პროცედურები ყოველ საღამოს გაიმეორეთ სასურველ შედეგამდე).

კუჭის აშლილობის დროს

10 ჩ/კ გვირილის ყვავილს დაასხით 2 ჩ/ჭ ცივი წყალი, გააჩერეთ 8 საათი, შემდეგ 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გააცივეთ და სვით 1/3 ჩ/ჭ ნაყენი 3-ჯერ დღეში - ორი დღე.

სახსრებში მარილების დაგროვებისა და ტკივილის დროს

20 გ იასამნის ყვავილს დაასხით 200 გ 40-გრადუსიანი სპირტი. თავდახურული გააჩერეთ 10 დღე სიბნელეში. 10 დღის შემდეგ მიიღეთ 30 წვეთი ნაყენი 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 4 კვირაა.