მრავალძარღვა - ბუნებრივი მკურნალი - კვირის პალიტრა

მრავალძარღვა - ბუნებრივი მკურნალი

მრავალძარღვას უამრავი სამკურნალო თვისება აქვს: ანთებსაწინააღმდეგო, ჭრილობების შემხორცებელი, ამოსახველებელი, სისხლის შემჩერებელი, შარდმდენი და პრამიტენზური (გამოიყენება ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დროს).ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია როგორც ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი ორგანოების, მწვავე და ქრონიკული დაავადებისას. მრავალძარღვა ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, მწვავე და ქრონიკული ენტერიტის, წყლულოვანი კოლიტის, დიარეის, თირკმლების, ღვიძლის, დიაბეტისა და თვალების ზოგიერთი დაავადების, ჭრილობების, ფურუნკულისა და წყლულების სამკურნალოდ.

გთავაზობთ რეცეპტებს:

ჭრილობებიდან სისხლდენის, დაჟეჟილობის, დამწვრობის, მწერების ნაკბენის დროს: დაქუცმაცებული მრავალძარღვას ფოთლები დასრისეთ და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, შეიხვიეთ და კომპრესი გამოცვალეთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ; 2 ს/კ მრავალძარღვას გამხმარ, დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 30 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, გააცივეთ, გაწურეთ და გამოიყენეთ ნატკენ ადგილებზე სველ საფენებად, მოსაბანად.

გასტრიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს: 3 ს/კ მრავალძარღვას გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე, გააჩერეთ 6-8 საათი და მიიღეთ 1/3 ნაყენი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. უკეთეს შედეგს მიიღებთ თუ 1 ს/კ მრავალძარღვას ფოთლების ახალგამოწურულ წვენს მიიღებთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. თუ წვენი სქელია, გააზავეთ წყლით (1:1) და 1-3 წუთი ადუღეთ.

ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს: 1 ს/კ მრავალძარღვას გამხმარი ფოთლები ჩაყარეთ ემალის ჭურჭელში, 10 წუთით შედგით ნელ ცეცხლზე, ერთი დღე-ღამე გააჩერეთ თბილ ადგილას (შეგიძლიათ თბილად შეახვიოთ), გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ასთმის, პლევრიტის, ხველების, ყივანახველის დროს: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ, 1 საათის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1ჩ/ჭ ნაყენი დღის განმავლობაში ყლუპობით.

ბრონქიტის (შესქელებული ნახველის) დროს: 4 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 4 საათი. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ.

თვალების ანთების დროს: 1 ს/კ გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 2 წუთით ადუღეთ. შეფუთეთ და 30 წუთის შემდეგ კარგად გაწურეთ და გაიკეთეთ თვალებზე თბილი ნაყენის კომპრესი.

თირკმლების ტკივილისა და შარდის შეუკავებლობის დროს: 1 ს/კ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე, შეფუთეთ, 1 საათის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე 20 წუთით ადრე.

მაღალი არტერიული წნევის დროს: 20 გ დაქუცმაცებულ გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ არაყი და 14 დღე გააჩერეთ ბნელ ადგილას. შემდეგ გაწურეთ და მჭიდროდ თავდახურული შეინახეთ მაცივარში. რეკომენდებულია 30 წვეთი ნაყენის მიღება დღეში 3-ჯერ.

დაბალი მჟავიანობის გასტრიტის დროს: 100 გ გამხმარ ფოთოლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და 2 საათის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი დღეში 2-ჯერ ჭამის წინ.

ათეროსკლეროზის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ლარინგიტის დროს: გარეცხილი ფოთლები დაჭერით, დასრისეთ, გამოწურეთ წვენი, შეურიეთ თანაბარი რაოდენობის თაფლი და 20 წუთი ადუღეთ. მიიღეთ დღეში 2-3 ს/კ.

ქოლეცისტიტის დროს: 1 ს/კ მრავალძარღვას ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 10 წუთის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 საათის განმავლობაში ყლუპობით (დღე-ღამის ნორმაა).

შეკრულობის დროს: როგორც მსუბუქი გამხსნელი მიიღეთ 0,5-1 გ დაფქული ფოთლები დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ანგინის დროს: 4 ცალ ახალ ან გამხმარ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე, გააჩერეთ 0,5 საათი. თბილი ნაყენი გამოივლეთ საათში ერთხელ. გემოსათვის შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი.

არარეკომენდებულია მრავალძარღვას პრეპარატები ჰიპერაციდული (მაღალი მჟავიანობით გამოწვეული კუჭის ანთება), კუჭის წყლულის (მაღალი მჟავიანობით) და თრომბებისადმი მიდრეკილების დროს.