ფრთხილად საბავშვო ინფექციებთან - კვირის პალიტრა

ფრთხილად საბავშვო ინფექციებთან

ბოლო ხანს საბავშვო ინფექციებმა - წითურამ, ჩუტყვავილამ, ყბაყურამ უფროსებშიც იჩინა თავი, რის მთავარ მიზეზადაც ექიმები მიიჩნევენ ბავშვობაში ამ დაავადებათა წინააღმდეგ აუცრელობას.

ჩუტყვავილა - ბავშვებსა და უფროსებში ერთნაირად იწყება. კანზე ჩნდება გამონაყარი, ქინძისთავისოდენა ბუშტუკები, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ ხმება, იფარება ქერქით და ცვივა. ჩუტყვავილას იწვევს ჰერპესის ჯგუფის ვირუსი.

ჩუტყვავილა ბავშვებს მსუბუქად, უკვალოდ გადააქვთ, უფროსებს - მძიმედ. უწევთ სიცხე, გრძნობენ საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს, შეიძლება ამას მოჰყვეს გართულებები - სახსრების (ართრიტი, რევმატიზმი) დაავადებები და ენცეფალიტი.

თუ ჩუტყვავილათი დაავადებულთან მოგიწიათ ურთიერთობამ, 72 საათის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ აცრა, და თუ მაინც დაავადდით, ადვილად გადაიტანთ.

წითურასაც ახასიათებს მთელ სხეულზე წითელი ან მოწითალო-მოვარდისფრო გამონაყარი, რომელიც ძალიან ჰგავს ალერგიულ რეაქციას. ამ ინფექციას პატარები იოლად უმკლავდებიან, უფროსებს უწევთ სიცხე, უდიდდებათ ლიმფური კვანძები (კისრის, ზურგისა და სხვ.), ამას ემატება გაცივება, ხველა, ცრემლდენა...

წითურა განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის; ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეიძლება იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზე. ამიტომაც, თუ ქალს ბავშვობაში არ აუცრია, დაორსულებამდე უნდა მიმართოს ექიმს და გაითვალისწინოს მისი რჩევა.

ცნობისთვის: წითურას ვაქცინაციასა და დაფეხმძიმებას შორის ინტერვალი 3 თვეა.

ყბაყურაც (ეპილეგიური პაროტიტი) ერთ-ერთი საბავშვო ინფექციაა. მართალია, კანზე გამონაყარი არ ჩნდება, სამაგიეროდ, ჩნდება ყურებთან, ყელთან და სახე სივდება, ჯერ ერთ მხარეს, 1-2 დღის შემდეგ კი - მეორე მხარეს. მასაც ახასიათებს მაღალი სიცხე და ყურებთან შესივებული ჯირკვლების ტკივილი. ამ დაავადებამ შეიძლება იმოქმედოს ტვინის გარსზე, კუჭქვეშა, ენისა და ყბასახსრის ჯირკვლებზე...

ყბაყურისაგან თავს დაიცავთ ორმაგი ვაქცინაციით (ვაქცინაცია და რევაქცინაცია), რომელიც გაგიძლიერებთ იმუნიტეტს.

დაბოლოს, გირჩევთ, საბავშვო ინფექციებით დაავადების დროს აუცილებლად მიმართოთ ექიმს.