ეს დაავადება მოსახლეობის 60-70%-ს აწუხებს... - კვირის პალიტრა

ეს დაავადება მოსახლეობის 60-70%-ს აწუხებს...

ვარიკოზი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება უძველესი დროიდან არის ცნობილი. მის შესახებ ცნობები მოიპოვება ეგვიპტურ პაპირუსებში, ბიზანტიის კანონთა კრებულში მედიცინის შესახებ და ძველ აღთქმაშიც კი. ვარიკოზული დაავადების მკურნალობას უშედეგოდ ცდილობდნენ ძველი დროის უდიდესი ექიმები: ჰიპოკრატე, ავიცენა, გალენუსი და პარაცელსიუსი. ამ დაავადებას ასე მოიხსენიებდნენ - "სენი, რომელიც მოგცელავს". მის შესწავლას მრავალი წელი მიუძღვნა იტალიელმა ექიმმა მარჩელო მალპიგიმ. სწორედ მან აღმოაჩინა 300 წლის წინ კაპილარული სისხლის მიმოქცევა და დაამტკიცა, რომ სისხლი მიედინება არტერიებიდან ვენებისაკენ და იქიდან - გულისაკენ.

ვენების ვარიკოზული გაფართოება დღესაც გავრცელებული დაავადებაა - აწუხებს ყოველ მესამე ქალს და მეათე მამაკაცს. ამ დროს ზიანდება სხვადასხვა ორგანოს ვენები; შესაბამისად, დაზიანებული სისხლძარღვების ადგილმდებარეობის მიხედვით დაავადებას სხვადასხვა გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბუასილი, ვარიკოცელე და კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება პრაქტიკულად ერთი და იგივე დაავადებაა.

მამუკა ბოკუჩავა, აკად. ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებების ცენტრის დირექტორის მოადგილე, პროფესორი: - ზაფხულში ეს ნერვული პათოლოგია უფრო აქტუალური ხდება. მოსახლეობის დაახლოებით 60% ვენების პათოლოგიას უჩივის. დაავადების გამომწვევი შესაძლოა ბევრი რისკფაქტორი არსებობდეს. უპირველესად, ეს, შესაძლოა იყოს გენეტიკური ფაქტორი. ქალბატონებში რიგით მეორე რისკფაქტორად განიხილება ფეხმძიმობა, ამას მოსდევს ჭარბი წონა, მძიმე სამუშაო პირობები, რომელიც ხანგრძლივად ფეხზე დგომას მოითხოვს. რისკფაქტორებს შორის შესაძლოა განვიხილოთ თამბაქოს მოხმარება და კვების არასწორი რეჟიმი.

- როგორია დაავადების პირველი სიმპტომები, რომელთა გამოვლინებისთანავე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს?

- პირველი სიმპტომები, ვიზუალური გამოვლინების გარეშე, არის სიმძიმის შეგრძნება და კიდურების შეშუპება დღის ბოლოს. მოსვენების შემდეგ შეშუპებაც ცხრება და სიმძიმის შეგრძნებაც ნელდება. ვიზუალურად გამოვლენილ დაავადებას ვეძახით ტელეანგექტაზიებს - წვრილი კაპილარები, რომლებიც ობობას ქსელივით ჩნდება კანზე. მეორე - რეტიკულური ვენებია, რომლის დიამეტრი 2-3 მმ ფარგლებშია და 3 მმ-ზე მაღალი დიამეტრის ვენები უკვე გაფართოებულია და მიიჩნევა ვარიკოზულად.

- ეს დაავადება უფრო ხშირად ქალბატონებში ვლინდება...

- დაავადების განვითარების რიგით მეორე რისკის ფაქტორი ორსულობა და მშობიარობაა. ორსულობის პირველსავე ტრიმესტრში ათი სხვადასხვა მექანიზმი ერთვება ქალის ორგანიზმში. მათ შორის ისეთიც, რაც განაპირობებს გენეტიკური ფაქტორების გააქტიურებას, ჰორმონალურ ცვლილებებს, წონაში მატებას, ცვლილებებს შემდედებელ სისტემაში და სხვ. ეს ყველაფერი ვენური დაავადებების პროვოცირებას იწვევს. ამიტომ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მეან-გინეკოლოგებთან. ფეხმძიმეებს ხშირად სჭირდებათ აკონტროლონ კუაგულოგრამა, შემდედებელი სისტემა, ვიზუალური გამოვლინებები და ა.შ.

- ექიმები ამბობენ ხოლმე, ესა თუ ის დაავადება ძალიან გაახალგაზრდავდაო. ვენების ვარიკოზულ დაავადებაზეც ითქმის ეს?

- ბოლო დროს გაახალგაზრდავდა ათეროსკლეროზი და სხვ. ხოლო ვენების გაგანიერება შესაძლოა შეგვხვდეს როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებში, მაგრამ ახალგაზრდა პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი მაინც დაბალია. სამოც წელზე მეტი ხნის მოსახლეობაში, ზოგ ქვეყანაში ეს დაავადება 70%-საც კი აღწევს.

- ვენების დაავადების ერთ-ერთი სახიფათო გართულებაა თრომბოზი. მოსახლეობა ამას ხშირად მომატებულ პროთრომბინს უკავშირებს...

- ეს არასწორია, რადგან გარდა პროთრომბინისა, კიდევ უამრავი ფაქტორია შემდედებელ სისტემაში, რომელიც შესაძლოა თრომბოზის მიზეზი გახდეს. ამიტომ მცდარია მოსაზრება, რომ პროთრომბინი შესაძლოა ყოფილიყო თრომბოზის განვითარების მიზეზი. მცდარია ისიც, რომ პროთრომბინი იწვევს დაბუჟებებს, უსიამოვნო შეგრძნებებს კიდურებში. ამიტომ, როდესაც თრომბოზი ვითარდება, პირველ რიგში ხდება პაციენტის სიმპტომატური მკურნალობა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოიყვანო და შემდეგ არკვევ დაავადების მიზეზს. შესაძლოა, თრომბოზი განვითარდეს არა ვარიკოზული ვენების პირობებში, არამედ ჩვეულებრივ ნორმალურ სისხლძარღვებშიც.

- პროთრომბინის პირველივე სიმპტომების დროს პაციენტების უმეტესობა თვითმკურნალობას მიმართავს...

- თუ პაციენტს მაღალი პროთრომბინი აქვს, არავითარ შემთხვევაში არ ვურჩევ ექიმთან ვიზიტის გარეშე დაიწყოს რაიმე მედიკამენტური თერაპია. ხალხური მეთოდები, ის, რაც მიღებულია: მჟავე საკვები, ვაშლის ძმარი ან კომშის ფოთლის ნახარში, ამის მიღება შესაძლებელია და არ გამოიწვევს რამე კატასტროფულ შედეგებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მედიკამენტური თვითმკურნალობა.

- ვენების გაგანიერების შორსწასული ფორმები ხშირად გხვდებათ?

- სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხშირია. ვენების პათოლოგიის ყველაზე უფრო პრობლემური მიმართულებაა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. თრომბოემბოლია და თრომბოზი შესაძლოა განუვითარდეს პაციენტს არა სისხლძარღვოვანი პათოლოგიის მიზეზითაც. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული რისკჯგუფია ონკოლოგიური პაციენტები.

- თუ არის რეკომენდებული ვენების ვარიკოზული დაავადების დროს კვების განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა?

- ზაფხულში სითხის მიღება აუცილებელია, რადგან გარდა იმისა, რომ ადამიანი ოფლის სახით გამოყოფს სითხეს ორგანიზმიდან, მაღალ ტემპერატურაზე კანის ზედაპირიდან ხდება სითხის აორთქლება. ამიტომ, პაციენტმა ვენების პათოლოგიით, ყოველდღე 1,5-2 ლ სითხე უნდა მიიღოს. ამ დაავადებისთვის რაიმე საგანგებო დიეტა არ არსებობს, უბრალოდ, პაციენტი უნდა ცდილობდეს, წონაში არ მოიმატოს. ქრონიკული ვენური დაავადების პაციენტებს, დაავადების პირველ, მეორე და მესამე სტადიაზე ვთხოვთ, რაც შეიძლება აქტიურად იცხოვრონ. წლის გრილ სეზონზე კი ვურჩევთ სპეციალური ელასტიკური ტრიკოტაჟის ტარებას, ხოლო თუ ზღვაზე წასვლა აქვთ გადაწყვეტილი, მზეზე დიდხანს ნუ გაჩერდებიან.