ეს უნდა ვიცოდეთ!.. - კვირის პალიტრა

ეს უნდა ვიცოდეთ!..

თურმე ყოველი მოწეული ღერი სიგარეტი 12 წუთით ამოკლებს სიცოცხლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 წლის განმავლობაში დღეში 10 სიგარეტის მოწევა სიცოცხლეს 9 თვით ამცირებს. არ დაგავიწყდეთ, ეს პასიურ მწეველებზეც ვრცელდება.

კვლევები ამტკიცებს, რომ მწეველი ქმრების ცოლები 4 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე ის ქალები, რომელთა ქმრებიც არ ეწევიან. თუ ცოლ-ქმარი ეწევა, ეს ციფრი ორმაგდება... მწეველებს განსაკუთრებით ხშირად აწუხებთ ქრონიკული ბრონქიტი და ფილტვების ემფიზემა. ეს დაავადებები ართულებენ სუნთქვას და ხელს უშლიან ფილტვებში ჟანგბადის მიწოდებას, რამაც შეიძლება მძიმე შედეგამდე მიიყვანოს ავადმყოფი.

გირჩევთ, არ მოსწიოთ, რათა ფილტვები არ დაგიავადდეთ!

მწეველები 2-4-ჯერ მეტად ავადდებიან გულის იშემიით, ათეროსკლეროზით, ჰიპერტონიით, სტენოკარდიითა და სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადებით.

თამბაქოს ბოლი შეიცავს 3000-ზე მეტ ქიმიურ ნაერთს, მათგან 60 კანცეროგენურია, რომელთაც შეუძლიათ დააზიანონ უჯრედების გენეტიკური მასალა, გაზარდონ კიბოს განვითარების რისკი (ფილტვების, ხახისა და ხორხის, საყლაპავი მილისა და კუჭქვეშა ჯირკვლის, შარდის ბუშტის, თირკმლების, კუჭის, სარძევე ჯირკვლებისა და საშვილოსნოსი).

ფრთხილად, მოწევა იწვევს კიბოს!

ნიკოტინი კბილებს აყვითლებს, რაც არცთუ ესთეტიკურია, ამიტომ მოგიწევთ კბილების გასათეთრებლად ძვირად ღირებული გამათეთრებელი პროცედურების ჩატარება... ან სიგარეტისთვის თავის დანებება!

თამბაქოს ბოლი საზიანოა არა მარტო მწეველებისთვის, არამედ გარშემომყოფთათვისაც, განსაკუთრებით "პასიური მწეველი" პატარებისთვის. თუ გსურთ, თქვენი პატარა არ გაიზარდოს სუსტი და ავადმყოფი, გირჩევთ თავი დაანებოთ სიგარეტს და თუ მაინც უნდა მოსწიოთ, ეს არ გააკეთოთ ბავშვთან.

ხშირ შემთხვევაში მწეველი ქალები არ ფეხმძიმდებიან, ან დაეწყებათ ნაადრევი მშობიარობა, გარდა ამისა, მოწევა იწვევს ნაყოფის პათოლოგიურ განვითარებას.

გირჩევთ, თქვენი შვილების ჯანმრთელობისათვის არ მოსწიოთ სიგარეტი!

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მწეველი ქალები თანატოლ არამწეველებთან შედარებით ასაკოვანნი ჩანან. თამბაქოს ბოლი ვნებს კანს, სწრაფად აბერებს, აუხეშებს, ფიტავს, აშრობს...

დაბოლოს, მწეველებო, დაითვალეთ, წელიწადში რა რაოდენობის ფულს წვავთ ცეცხლში, - სულ მცირე - 1.500-დან-2.000 ლარამდე!