"დაავადების პირველ საათებში გაკეთებული ოპერაციების რისკი თითქმის ნულის ტოლია" - კვირის პალიტრა

"დაავადების პირველ საათებში გაკეთებული ოპერაციების რისკი თითქმის ნულის ტოლია"

სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ მწვავე ტკივილს მუცლის არეში სათანადო მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ვსვამთ ტკივილგამაყუჩებლებს, სპაზმის მომხსნელ პრეპარატებს, მოკლედ, ყველა ღონეს მივმართავთ, ოღონდ კი ექიმთან არ მივიდეთ. ექიმები ამბობენ, რომ მუცლის ტკივილთან ხუმრობა არ შეიძლება, რადგან მიზეზი შესაძლოა ძალიან სერიოზული იყოს, ხოლო დაგვიანებული მკურნალობის შედეგი კი სავალალო.

ზურაბ რატიანი, ექიმი, ზოგადი ქირურგი: - ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აფრთხობს ფასიანი სამედიცინო მომსახურება და ყველანაირად ცდილობენ ექიმთან ვიზიტისთვის თავის არიდებას. ეს კი ხშირად იწვევს სტაციონარში პაციენტთა დაგვიანებით მოთავსებას, რაც საშიში გართულებების მიზეზი ხდება ისევ ავადმყოფთა საზიანოდ, მკურნალობას მკვეთრად აძვირებს. "მწვავე მუცელი" კრებითი ცნებაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ქირურგიულ დაავადებებს - მუცლის ღრუს კატასტროფებს. ამ დაავადებათა მკურნალობისთვის აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, დახმარების მცირედით (რამდენიმე საათით) დაგვიანებაც კი ავადმყოფის სიცოცხლეს დიდი რისკის ქვეშ აყენებს. "მწვავე მუცელი" აერთიანებს შემდეგ დაავადებებს: მწვავე აპენდიციტი, კუჭ-ნაწლავის პერფორაციული, "გახეთქილი" წყლულები, ნაწლავთა გაუვალობა (ნაწლავები შიგთავსს ვერ ატარებენ, ავადმყოფს არ აქვს კუჭის მოქმედება), ჩაჭედილი თიაქარი (თიაქრის პარკი გაიბერება, გამაგრდება და მუცელში არ შედის), მწვავე პანკრეატიტი, საშვილოსნოს გარე დარღვეული ორსულობა (გასკდება საშვილოსნოს მილი და იწყება სისხლდენა), ელენთის ფეხზე შემოტრიალება (გადაიხრება მკვებავი სისხლძარღვები და ორგანო კვდება). მწვავე ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთება), მეზენტერიალურ სისხლძარღვთა თრომბოზი (ნაწლავთა მკვებავი სისხლძარღვების დახშობა, ორგანოს ნეკროზი).

- როგორ მივხვდეთ, რომ ტკივილი, რომელიც პაციენტს აწუხებს, სწორედ "მწვავე მუცელია"?

- ყველა ამ დაავადებათა, ანუ "მწვავე მუცლის" გამაერთიანებელი საერთო კლინიკური ნიშნებია: მწვავე ტკივილი მუცლის არეში, მუცლის წინა კედლის - პრესის დაჭიმულობა, მუცლის ფარის, ანუ პერიტონიუმის გაღიზიანების დადებითი სიმპტომი, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება და ყაბზობა.

- "მწვავე მუცლის" შემთხვევაში ყველა ეს სიმპტომი უნდა არსებობდეს, თუ შესაძლოა მათგან მხოლოდ რამდენიმე აღენიშნებოდეს პაციენტს?

-  "მწვავე მუცელი" ყოველთვის იწყება მუცლის არეში მწვავე ტკივილით. ტკივილი შეიძლება იყოს მოვლითი ხასიათის, მზარდი ინტენსივობის, "გულის კოვზთან", ჭიპთან, მუცლის მარჯვენა ან მარცხენა ნახევარში, მენჯის ღრუში ან საზარდულის არეში. შესაძლოა ხანდაზმულმა ავადმყოფმა ან ბავშვმა ზოგჯერ ვერ გვაჩვენოს ტკივილის ზუსტი ადგილი, მაგრამ არ არსებობს "მწვავე მუცელი" მუცლის ღრუში მწვავე ინტენსიური ტკივილის გარეშე.

"მწვავე მუცლის" თითქმის მუდმივი თანამგზავრია მუცლის წინა კედლის, ე.წ. პრესის დაჭიმულობა. მუცლის "პრესი" შესაძლოა დაჭიმული იყოს მუცლის რომელიმე ნაწილში, მაგალითად, მარჯვენა თეძოს ფოსოს, ეპიგასტრიუმის (გულის კოვზი), მენჯის ღრუს არეში. ან შესაძლოა დაჭიმული იყოს ტოტალურად მთელი მუცლის მიდამო, რაც ნიშნავს, რომ ხელის დაჭერით მუცლის წინა კედლის ჩაზნექა არ ხდება ან გაძნელებულია და სუნთქვის დროს მუცელი არ მოძრაობს.

შემდეგი საერთო ნიშანია მუცლის ფარის, ანუ პერიტონიუმის (აპკის, რომელიც შიგნიდან აკრავს მუცელს) გაღიზიანების დადებითი სიმპტომი. დაავადებული ორგანოს მიმდებარედ პერიტონიუმზე გადმოდის ან კუჭ-ნაწლავის შიგთავსი, ან ნაღვლის წვენი, ან ანთებითი სითხე, რაც იწვევს პერიტონიუმის გაღიზიანებას, ანთებას და მუცლის კედლის ხელით ოდნავ შერყევის დროს შეიგრძნობა ამ ადგილას მწვავე ტკივილი - სიმპტომი ითვლება დადებითად.

შემდეგი საერთო ნიშანი პირის ღრუსა და ენის სიმშრალეა. ეს სიმპტომი პერიტონიტის (ანუ მუცლის ფარის ანთების) მუდმივი თანამგზავრია და რადგანაც "მწვავე მუცელს" ყოველთვის ახლავს ამა თუ იმ ინტენსიურობისა და გავრცელების პერიტონიტი, ამიტომ პირის სიმშრალე და ჭარბი წყლის მიღების სურვილი თითქმის ყოველთვის არის გამოხატული "მწვავე მუცლით" ავადმყოფებში.

გულისრევა, ღებინება "მწვავე მუცლით" ავადმყოფებში რეფლექტორული ხასიათისაა. როგორც წესი, შეტევის დასაწყისში ერთი-ორჯერ ხდება და მერე აღარ მეორდება. შემდეგი ნიშანი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მუცლის შეკრულობა-ყაბზობაა. "მწვავე მუცლის" ნიშნების გამოჩენის მომენტიდან, როგორც წესი, ავადმყოფს არ აქვს დეფეკაცია (კუჭ-ნაწლავის მოქმედება) და აირების გამოყოფა. ეს ნიშნავს, რომ ფაღარათი, ანუ კუჭის აშლილობა გამორიცხავს "მწვავე მუცელს".

- ჩამოთვლილი სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ პირველ რიგში როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი?

- თუ პაციენტს ეეჭვება, რომ აღნიშნული სიმპტომებიდან ერთი მაინც აქვს, გარისკვად არ ღირს, ნუ დაელოდებით, რომ ტკივილი დილამდე გაივლის, ნუ შეუშინდებით იმას, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს სტაციონარში მოთავსება და ქირურგიული ჩარევა. თანამედროვე ნარკოზი მაღალეფექტიანი და უსაფრთხოა, ოპერაციული ტექნიკა კი ფილიგრანული და ავტომატიზმამდეა დაყვანილი. დაავადების პირველსავე საათებში გაკეთებული ოპერაციების რისკი თითქმის ნულის ტოლია. ასე რომ, "მწვავე მუცლით", ანუ მუცლის რომელიმე ორგანოს გასკდომით, შემოგრეხით, ანთებითა და დაჩირქებით შინ დარჩენა ძალიან სარისკოა. "მწვავე მუცელი" თითქმის ყოველთვის მთავრდება დიფუზური (გავრცელებული) პერიტონიტით, რომლის მოთმენა შინ წოლით შეუძლებელია. ის მაინც გაიძულებთ საავადმყოფოში მისვლას, მაგრამ შესაძლოა, უკვე დაგვიანებული იყოს. ასეთ დროს მკურნალობა ბევრად უფრო რთული, ნაკლებად ეფექტიანი, მტკივნეული და ძვირი იქნება.