ეს აქტუალურია - კვირის პალიტრა

ეს აქტუალურია

დამტკიცებულია, რომ ამინდის ნებისმიერი ცვლილება (ჰაერის ტემპერატურა, სინოტივე, ქარის მიმართულება და სიძლიერე) მოქმედებს ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობილებაზე. სტატისტიკური მონაცემებით მოსახლეობის 73% რეაგირებს ამინდის მკვეთრ ცვლილებაზე.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამინდის ცვლილებას უფრო მეტად განიცდიან ჯანმრთელობაშერყეული ადამიანები. ეწყებათ თავბრუსხვევა, სისუსტე, უღონობა და თავის ტკივილი. სამწუხაროდ, არავის ძალუძს ამინდზე ზეგავლენის მოხდენა, თუმცა შეიძლება მედიკამენტებით შეიმსუბუქონ მდგომარეობა. სპეციალისტები ურჩევენ ამინდზე დამოკიდებულ ადამიანებს: ხშირად ისეირნონ ჰაერზე, წვიმასა და ქარშიც კი. ასე შეეჩვევა ორგანიზმი ამინდის ცვლილებას, სისხლი მდიდრდება ჟანგბადით, ნივთიერებათა ცვლა კი სწრაფად მიმდინარეობს. დილით მიიღონ კონტრასტული შხაპი, არ ჭამონ მაძღრისად, რაციონიდან ამოიღონ შემწვარი და ცხარე კერძები, შოკოლადი, სანელებლები, ტკბილეული და ალკოჰოლი, უპირატესობა მიანიჭონ რძის პროდუქტებს.

დაბალწნევიანებმა უნდა მიიღონ ციტრუსების წვენი, ლიმონიანი შავი ჩაი, თავის ტკივილს დაუამებთ პიტნის სურნელოვანი ზეთი. რამდენიმე წვეთი დააწვეთონ ბამბის ტამპონს და გაიწმინდონ შუბლი, საფეთქლები. ამინდის ცვლილების დროს თუ შეაწუხათ სახსრებმა, წაისვან გამათბობელი მალამოები, გაიკეთონ კომპრესები ან დაიდონ სათბურა.

მაღალწნევიანებსაც ამინდის ცვლილებასთან ერთად უუარესდებათ მდგომარეობა, ეწყებათ თავის ტკივილი, თავში სიმძიმის შეგრძნება, უძილობა, ერღვევათ ყურადღების კონცენტრაცია.

ექიმები ურჩევენ მათ, ამ დღეებში ჭამის წინ მიიღონ ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ცოტა მარილდამატებული მინერალური ან ლიმონისწვნიანი ანადუღარი წყალი. მენიუში უნდა გაითვალისწინონ თევზი, ზღვის კომბოსტო, ლობიო, ჭარხალი, კანიანად მოხარშული კარტოფილი, შემწვარი ვაშლი და შტოში, ჭამიდან 15-20 წუთის შემდეგ დალიონ ბალახის ჩაი (თავშავას, გვირილის, მატიტელას, ვირისტერფას, პიტნის ან ცაცხვის ყვავილის).

მაღალწნევიანებმა უნდა მიიღონ იმბირის ფესვების ნაყენი, რომელიც ათხელებს სისხლს და აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. დილით შეგიძლიათ დალიოთ იმბირის ფესვების წვენი კამით.

მაგნიტურ დღეებს განსაკუთრებით გრძნობენ გულ-სისხლძარღვებით დაავადებულები. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მიწის მაგნიტური ველის მერყეობა ანელებს კაპილარებში სისხლის მოძრაობას, სისხლში შეიმჩნევა ქოლესტერინის დონისა და ადრენალინის აწევა, რაც იწვევს გადაღლილობასა და მოთენთილობას, გაღიზიანებას...

გულ-სისხლძარღვებით დაავადებულებმა ამ დროს ნაკლები უნდა იმუშაონ, თავი შეიკავონ უსიამოვნო ამბებისა და კონფლიქტებისგან, შორეული მგზავრობისა და პასუხსაგები შეხვედრებისგან, არ მართონ მანქანა, არ დალიონ სპირტიანი და მატონიზებელი სასმელები სასურველია, მიიღონ დამამშვიდებელი საშუალებები (კატაბალახას ან ბარამბოს წვეთები) და ექიმის მიერ გამოწერილი სამკურნალო წამლები.