ჭუჭყიანი ხელების დაავადებები... - კვირის პალიტრა

ჭუჭყიანი ხელების დაავადებები...

ნაწლავურ-ინფექციურ დაავადებებს უმეტესად იწვევს ჭუჭყიანი ხელები და ხილ-ბოსტნეული. ეს დაავადებებია: სალმონელოზი, შიგელოზი, ეშეხრიოზი, ბოტულიზმი და ვირუსული ჰეპატიტი. ძირითადად ნაწლავურ-ინფექციური დაავადებები მიმდინარეობს გულისრევის შეგრძნებით, პირღებინებით, დიარეით და მაღალი სიცხით.

სალმონელოზის ბაქტერიები დიდხანს ცოცხლობენ: სასმელ წყალში - 11-დან 120 დღემდე, ნიადაგში 30-დან 320 დღემდე, ოთახის მტვერში 180-დან 547 დღემდე, ამიტომ ის ნივთები (ხალიჩა, იატაკი და სხვ.), რომლებიც პირღებინების დროს დაბინძურდა, გულმოდგინედ უნდა გაირეცხოს და დამუშავდეს.

დიზენტერია, რომელსაც შიგელა იწვევს, გადაეცემა არა მხოლოდ ჭუჭყიანი ხალიჩითა და ბოსტნეულით, არამედ ჭუჭყიანი ხელებითაც. დიზენტერიის გამომწვევი ბაქტერიები (შიგელები) დიდხანს ცოცხლობენ ნიადაგსა და წყალში. ამიტომ, რომ არ დაინფიცირდეთ, საკმარისია გაირეცხოს ხილ-ბოსტნეული და დაიბანოთ ხელები.

ეს ბაქტერიები ვერ უძლებენ და სწრაფად იღუპებიან ფიზიკურ-ქიმიური, ულტრაიისფერი სხივებისა და სადეზინფექციო საშუალების ზემოქმედებით.

ბაქტერია ეშერიხია კოლის  პათოლოგიური შტამები იწვევენ ეშერიხიოზს, რომელიც აავადებს თირკმლებს, გულსა და ნერვულ სისტემას. ეშერიხია კარგად გრძნობს თავს დაბალ ტემპერატურაზე, მაგრამ ძალიან სწრაფად იღუპება სადეზინფექციო საშუალებებით.

ბოტულიზმის გამომწვევი მიკრობი - ბოტულინის ჩხირი გამოყოფს ბოტულიზმის გამომწვევ ყველაზე ძლიერ შხამს - ბოტულოტოქსინს, რომელიც მიეკუთვნება კვებითი ინტოქსიკაციების რიცხვს.

ბოტულიზმს უმეტეს შემთხვევაში იწვევს შინ დამზადებული კონსერვები. ბოტულინის ჩხირი კარგად გრძნობს თავს სიცივეში, სამაგიეროდ, ვერ უძლებს სიცხეს - 15 წუთის დუღილის შემდეგ კვდება.

ვირუსული ჰეპატიტის დროს ავადმყოფს ეწყება გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ტემპერატურის მომატება. ეს ვირუსიც საკმაოდ გამძლეა სიცივის მიმართ, სამაგიეროდ, 5-წუთიანი დუღილის შემდეგ კვდება.

ნაწლავურ-ინფექციური დაავადებებით რომ არ დაავადდეთ, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

კარგად გარეცხეთ ხილ-ბოსტნეული და გადაავლეთ მდუღარე წყალი.

არ შეიძინოთ დაბეჟილი, კანდაზიანებული ხილ-ბოსტნეული - მათში სწრაფად მრავლდება ბაქტერიები.

მაცივარში დიდხანს ნუ შეინახავთ ხილ-ბოსტნეულს, რადგან ბაქტერიები სიცივეში კარგად გრძნობენ თავს, მით უმეტეს, თუ პროდუქტს მაგიდაზე დიდხანს დების შემდეგ შეინახავთ მაცივარში.

მაცივარში შენახულმა ხილმა და ბოსტნეულმა ფერი და სუნი თუ შეიცვალა, აუცილებლად გადაყარეთ, ე.ი. საკვები გაფუჭდა.

ხშირად გარეცხეთ, გაწმინდეთ სადეზინფექციო საშუალებებით მაცივარი, საკვების შესანახი კარადები, მაგიდა, ხილ-ბოსტნეულის დასაჭრელი დანა და ნაგვის ვედრო, რადგან ბაქტერიების გამრავლების ბუდეა...

დაიცავით ინფექციების გადამტანი და გამავრცელებელი ბუზებისგან, ტარაკნებისგან და სხვა მწერებისგან ჭურჭელი, ხილ-ბოსტნეული, საკვები, ბავშვის სათამაშოები, დგამ-ავეჯი და ა.შ.

ნაწლავების ინფექციით დაავადებული ოჯახის წევრს ცალკე გამოუყავით ჭურჭელი და სხვა ჭურჭელთან ნუ გარეცხავთ.

ხელები დაიბანეთ საპნით შინ დაბრუნებისას, კერძის მომზადების წინ და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ.

პატარაობიდანვე მიაჩვიეთ ბავშვები სისუფთავეს, პირადი ჰიგიენის დაცვას.

დაიხსომეთ:

- მწვავე ნაწლავურ ინფექციებს ექიმები ჭუჭყიანი ხელების დაავადებებს ეძახიან.

- სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების შემდეგ ჭურჭელი და სხვა ნივთები კარგად გარეცხეთ გამდინარე ცხელი წყლით, გაამშრალეთ და ისე შეინახეთ კარადაში.