ბუნება მკურნალია - კვირის პალიტრა

ბუნება მკურნალია

სამკურნალოდ არა მარტო შინდის ნაყოფი, არამედ მისი ფოთლები, ქერქი და ფესვებიც გამოიყენება. ნაყოფს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, შემკვრელი და ზოგადგამაჯანსაღებელი თვისებები, ქერქს - მატონიზებელი და აღმგზნები.ნაყენს იყენებენ დიარეის დროს. მისი ეფექტიანობა გაიზრდება თუ პიტნის ნახარშს დაამატებთ. ის შველის მწვავე დიარეასაც კი, რადგან აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება, რომელიც თრგუნავს ტიფურ-დიზენტერიის ჯგუფის ბაქტერიებს. ზოგიერთ ქვეყანაში შინდის ფესვების ნახარშით მკურნალობენ რევმატიზმს, ხოლო დიარეას - კურკის ნახარშით.

იაპონურ ხალხურ მედიცინაში შინდს იყენებენ მატონიზებელ და ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებად, წელის ტკივილის, გახშირებული შარდვისა და ყურებში ხმაურის დროს. ხოლო ამერიკელი აბორიგენები შინდის ქერქითა და ფესვებით მკურნალობენ მალარიას. ჩვენში ამზადებენ შინდის შეჭამანდს, რომელიც საუკეთესოა მაღალი ტემპერატურის დროს, ნაყოფის ნახარშს - ყელის ტკივილის, დიარეისას და სხვ.

შინდის ხის ქერქი, რომელსაც ანთებსაწინააღმდეგო თვისება აქვს, განსაკუთრებით სასარგებლოა ციებ-ცხელების დროს, მასაც ჟოლოსმაგვარი თვისება აქვს - კურნავს გრიპს. შინდს იყენებენ კუჭიდან და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, როგორც სისხლის შემაჩერებელ საშუალებას.

ქერქის ნახარშისა და ქერის ფქვილის ნარევი აჩქარებს იარების შეხორცებას, ხოლო თავის ტკივილს შველის შინდის ნახარშის სველი საფენები.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

- 2 ს/კ კერკი ან ნედლი შინდი ხარშეთ 20 წუთი 1 ჩ/ჭ წყალში, გააჩერეთ ერთი ღამე, შემდეგ კარგად დაჭყლიტეთ და დალიეთ 100-200 მლ ნახარში (გემოვნებით დაატკბეთ თაფლით), როგორც მატონიზებელი და ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება.

- ამ ნახარშს დაამატეთ კრაზანას ნაყენი (2 ს/კ კრაზანას დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გაწურეთ) და მიიღეთ 0,5 ჭ დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე, როგორც დეპრესიის საშუალება.

- რევმატიზმის დროს 2 ჩ/კ ფესვები ხარშეთ 30 წუთი 1 ჩ/ჭ წყალში და გაწურეთ. მიიღეთ 2-2 ს/კ ნახარში დღეში 3-ჯერ ჭამამდე.

- 2 ს/კ გამხმარ შინდს დაამატეთ 1ს/კ ასკილი და ადუღეთ 30 წუთი 0,5 მლ წყალში ნელ ცეცხლზე. გააჩერეთ 45 წუთი, გაწურეთ და სვით 0,5 ჭ (გემოვნებით დაატკბეთ თაფლით) დღეში 3-4-ჯერ, როგორც მატონიზებელი და ანტიდეპრესანტული საშუალება.

- შინდის რბილობი შეახვიეთ მარლაში და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე.