შეინარჩუნეთ სამყაროს ხმები - კვირის პალიტრა

შეინარჩუნეთ სამყაროს ხმები

ჩიტების ჭიკჭიკი, საყვარელი ადამიანებისა და შვილების ხმები რომ არ გესმოდეთ, რამდენად უინტერესო გახდებოდა თქვენთვის სამყარო. თუმცა ასეც ხდება, რომ ეს მოვლენა ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ან უცბად იგრძნობთ, რომ დაყრუვდით!

ნებისმიერ შემთხვევაში ყური უნდა დაუგდოთ ორგანიზმს და ხშირად შეამოწმოთ თქვენი სმენა - დროულმა მკურნალობამ შეიძლება ყველაფერი გამოასწოროს...

ასე რომ, თუკი შეამჩნევთ, ხმები, რომლებიც ყოველდღე გესმით დახშობილია და ყრუდ გესმით, ან ტელევიზორს ყოველდღე უწევთ ხმას, არ გესმით ტელეფონის ზარი, სასწრაფოდ მიმართეთ სურდოლოგს. გახსოვდეთ, რაც უფრო ადრე მიმართავთ ექიმს, წარმატებული მკურნალობის მეტი შანსი გაქვთ.

ბევრს ჰგონია, რომ სმენის დაქვეითება მოხუცების ხვედრია. ასე არ არის. დღეს სურდოლოგების პაციენტთა უმრავლესობა ახალგაზრდაა. ამის მიზეზი ბევრია: მაგალითად, ხმაურიან დიდ ქალაქში ცხოვრება, მეტროს მატარებლების გრუხუნი, ღამის კლუბების ხმამაღალი მუსიკა, ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა, ავტოტრასის გამაღიზიანებელი ხმაური. ყოველივე ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს სმენაზე.

სმენის დაქვეითების მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე ანტიბიოტიკები ან ინფექციური დაავადებები, გაცივება, სურდო, ყურებში გოგირდის საცობები, თავის ტრავმა ან მემკვიდრეობითობა...

ყველა შემთხვევაში საჭიროა გამოკვლევა - სმენის დაქვეითების ან სიყრუის მიზეზის დადგენის შემდეგ, ექიმი შეარჩევს მკურნალობის ხერხს - მედიკამენტოზურს თუ ქირურგიულს.

გირჩევთ, გოგირდის საცობების მიზეზით სმენის დაქვეითების დროს თავად არ შეეცადოთ ყურებიდან მათ გამოღებას, შეიძლება დაიზიანოთ სმენა - დაყრუვდეთ. ეს პროცედურა აუცილებლად უნდა ჩაატაროს სურდოლოგმა.