უძილობა გაწუხებთ? - კვირის პალიტრა

უძილობა გაწუხებთ?

ჩვენი ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ. ძილის დროს აღდგება სასიცოცხლო ძალები და წესრიგდება ყველა ორგანოსა და სისტემის ფუნქციები. ხშირი უძილობა ამიტომაც მოქმედებს უარყოფითად ადამიანის ჯანმრთელობაზე - უქვეითდება შრომის უნარი, უფუჭდება გუნება-განწყობილება, მოთენთილია, ტანში ამტვრევს. მეტიც, უძილობა იწვევს ნერვული სისტემის დაავადებას, გასუქებას, დიაბეტს, ჰიპერტონიას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას...

ხშირად უძილობის მიზეზი ხდება დღის პრობლემები, რომლებიც ღამითაც გვაწუხებს. ამ დროს ტვინი იწყებს გაძლიერებულად ინფორმაციის გადამუშავებას, რაც ხელს უშლის ძილის პროცესს...

შეეცადეთ, დაივიწყოთ ყოველგვარი პრობლემა, მოეშვით, მოუსმინეთ წყნარ მუსიკას, მიიღეთ ლავანდის ეთეროვანზეთიანი ან წიწვის ექსტრაქტის თბილი აბაზანა, დალიეთ თაფლიანი თბილი რძე ან გაიკეთეთ დამამშვიდებელი მასაჟი... ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში მიიღეთ შავბალახას ან კატაბალახას ნაყენი. ძილის წინ მაძღრისად არ ჭამოთ, არ დალიოთ ყავა და მაგარი ჩაი.

უძილობას ხშირად იწვევს ფეხების დაბუჟება; ამ დროს რამდენჯერმე იჩქმიტეთ მტკივნეულ ადგილზე და გაიკეთეთ ფეხისა და წვივების მასაჟი. შემდეგ ფეხები ასწიეთ 60-გრადუსიანი კუთხით, რაც ხელს უწყობს სისხლის მოძრაობას და ხელს უშლის დაბუჟების გამეორებას.

ძილის წინ არ დალიოთ ჩაი ან წყალი, რათა ხშირად არ მოგიწიოთ ტუალეტში სირბილმა... თუმცა ხშირი შარდვის მიზეზი შეიძლება იყოს შარდის ბუშტის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ან სხვ.

ღამით თუ ხშირად გეღვიძებათ, უნდა შეამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი.

უძილობას ხელს უწყობს საძინებელში არასაკმარისი სიბნელე ან ხმაური. ძილის წინ ჩამოაფარეთ სქელი ფარდები, რადგან სიბნელე ხელს უწყობს ძილის ჰორმონების - მელატონინის გამომუშავებას.

უძილობის მიზეზი შეიძლება იყოს გულძმარვა. თავი დადეთ ბალიშზე სხეულიდან 15-20 სმ-ზე მაღლა, რაც ხელს შეუშლის კუჭიდან საყლაპავ მილში საჭმლის მოხვედრას; გულძმარვამ გაგაღვიძათ? ჭამეთ ორცხობილა, მაგრამ თუ გულძმარვამ სისტემატური ხასიათი მიიღო, მიმართეთ ექიმს.

უძილობამ რომ არ შეგაწუხოთ, დაძინებამდე ერთი საათით ადრე ფეხებზე გადაივლეთ ცივი წყალი. მერე დაიძინეთ.