საბავშვო ბაღი და ბავშვი - კვირის პალიტრა

საბავშვო ბაღი და ბავშვი

ბავშვის ბაღში მიყვანის საუკეთესო ასაკი 3-4 წელია

დადგა დრო, როდესაც თქვენი პატარა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში განუყრელად იყო თქვენთან, უნდა წავიდეს ბაღში და ღელავთ... ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ თქვენც და თქვენს პატარასაც საბავშვო ბაღთან შეგუებაში:

...პირველი ერთი თვის განმავლობაში საბავშვო ბაღში პატარა მიიყვანეთ კვირაში რამდენჯერმე 3 საათით, უმჯობესია დილით, რათა დაძინებამდე წაიყვანოთ.

...ყოველდღე დაინტერესდით, როგორ იყო ბავშვი, რას აკეთებდა.

...შეაქეთ პატარა კარგი ქცევისთვის, რომ არ ტიროდა, კარგად ჭამა - ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

...მოითმინეთ მისი კაპრიზები, ნუ გაუბრაზდებით, რადგან ბავშვის მძაფრი რეაქცია გამართლებულია - თქვენი შვილის ცხოვრებაში ხომ ბევრი რამ შეიცვალა.

...შინ შეამცირეთ ტელევიზორის ყურებისა და კომპიუტერული თამაშების დრო (დღეში არა უმეტეს 30 წუთისა), რათა ბავშვმა დაისვენოს, არ გაღიზიანდეს და მშვიდად დაიძინოს.

...დასვენების დღეებშიც კი არ დაარღვიოთ რეჟიმი. დაე, პატარა ადგეს 8 საათზე, აუცილებლად დაიძინოს ნასადილევს და ადრე დაწვეს დასაძინებლად. არ დაუშვათ მცირე შეღავათებიც კი. მაგალითად, გვიანობამდე ტელევიზორის ყურება, თამაში, ძილის წინ წაუკითხეთ ან მოუყევით მისი საყვარელი ზღაპარი...

...განსაკუთრებით ძნელია და რთული განშორების პირველი დღე როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვის. რაც მთავარია, პატარამ არ უნდა იგრძნოს და დაინახოს თქვენი მღელვარება, შიში... ჩაიხუტეთ და მშვიდად უთხარით, რომ მალე მიხვალთ მის წასაყვანად. თუ თავს ვერ ერევით, ჯობია პატარა ბაღში წაიყვანოს მამამ ან ოჯახის სხვა წევრმა.

რაც მთავარია, არ დაიგვიანოთ (განსაკუთრებით პირველ დღეებში), ბავშვები მტკივნეულად განიცდიან, როდესაც გვიან და ყველაზე ბოლოს მიჰყავთ. მათ არ ესმით, რომ არ გცალიათ, ბევრი სამუშაო გაქვთ, ტრანსპორტმა დაიგვიანა, საცობში მოყევით...

კიდევ ერთი დაბრკოლებაა, პატარა, რომელიც მადით გამოირჩეოდა, საბავშვო ბაღში არ ჭამს. ის ხომ არ არის შეჩვეული იმ საჭმელს, რასაც ბაღში ამზადებენ. შეეცადეთ, ეს კერძები შინაც მოამზადოთ და ადრევე შეაჩვიეთ პატარა ამ მენიუს.

რაც მთავარია, ბევრ პრობლემას მოევლება, თუ წინასწარ გაიცნობთ აღმზრდელს, ნუ შეგრცხვებათ, დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა, ასევე გააცანით თქვენი პატარის თავისებურებანი - ადამიანმა, რომელსაც მოუწევს თქვენს შვილთან მუდმივად ყოფნა, ყველაფერი უნდა იცოდეს აღსაზრდელის შესახებ, რადგან ყველა ბავშვთან საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა.

რა თქმა უნდა, ბავშვის ბაღში მიყვანის საუკეთესო ასაკი 3-4 წელია.