ახალგაზრდობისა და სილამაზის ვიტამინები - კვირის პალიტრა

ახალგაზრდობისა და სილამაზის ვიტამინები

ერ კიდევ 50 წლის წინ დიეტოლოგების ჯანმრთელი კვების რეკომენდაციები საერთო იყო ქალისა და მამაკაცისათვის. მხოლოდ XX საუკუნის II ნახევრიდან სპეციალისტებმა შეისწავლეს ჯანმრთელი რაციონის ე.წ. გენდერული თავისებურებანი და დღეს უკვე შემუშავებულია განსაკუთრებული რეკომენდაციები ქალებისთვის იმ ნივთიერებების შესახებ, რომლებიც შეუნარჩუნებენ მათ ჯანმრთელობას, სილამაზეს და გაუხანგრძლივებენ ახალგაზრდობას.

A ვიტამინი ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, კანს ამკვრივებს, ხდის ელასტიკურს და იცავს ნაადრევი დაბერებისაგან, აუმჯობესებს მხედველობას. ამ ვიტამინს შეიცავს რძე, ღვიძლი, კვერცხის გული, კარაქი და მაგარი ყველი, წითელი და ნარინჯისფერი ხილ-ბოსტნეული (სტაფილო, წიწაკა, გარგარი, ქაცვი, გოგრა), მათში უხვადაა ბეტა-კაროტინი, რომელიც ფერმენტების ზემოქმედებით ორგანიზმში გარდაიქმნებიან A ვიტამინებად.

B ჯგუფის ვიტამინები უჯრედებს ავსებენ ენერგიით, ამაგრებენ ნერვულ სისტემას, მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, ხელს უწყობენ ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის ადაპტირებას. ამ ვიტამინებს უხვად შეიცავს თევზი, ხორბლის პური, კაკალი, რძე, ავოკადო და ფინიკი (ინდისხურმა). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  B9 (ფოლიუმჟავა) ვიტამინი. ფეხმძიმობის დროს ხელს უწყობს ბავშვის სწორად განვითარებას, მისი დეფიციტი იწვევს სისხლნაკლებობას. ამ ვიტამინებს შეიცავს პარკოსნები, ღვიძლი, ისპანახი და სატაცური.

Сვიტამინი აქტიურად ებრძვის სიბერის ხელშემწყობ თავისუფალ რადიკალებს, გაცივებას, ამაღლებს იმუნიტეტს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ხელს უშლის სარძევე ჯირკვლების კიბოს გაჩენას. С ვიტამინით მდიდარია ციტრუსები, კივი, მოცხარი, ხურმა, მარწყვი, ვაშლი და ოხრახუში.

ფიტონუტრიენტები - ამ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავენ მცენარეული პროდუქტები (კაროტინოიდები, პოლიფენოები, ფლავონოიდები), ეწინააღმდეგებიან თავისუფალ რადიკალებს, თრომბის წარმოქმნასა და ათეროსკლეროზის განვითარებას, იცავენ ორგანიზმს კიბოსგან. მათ შეიცავს: პომიდორი, ალუბალი, ჟოლო, შტოში, ყურძენი, კივი, ზოგიერთი სანელებელი (მაგალითად, ვანილი).

მაგნიუმი საჭიროა გულ-სისხლძარღვებისათვის, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის. მისი დეფიციტი იწვევს ორსულთა გაღიზიანებას, უძილობას. მაგნიუმის ძირითადი წყაროა კაკალი, ბანანი, ავოკადო, ბრინჯი.

D ვიტამინის დახმარებით ორგანიზმი ითვისებს კალციუმს. ეს ვიტამინი ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, წონაში მომატებას, აიოლებს კრიტიკულ დღეებს. მას შეიცავს ცხიმიანი თევზი, თევზის ქონი, ზღვის პროდუქტები და კვერცხის გული.

E ვიტამინი საუკეთესო ანტიოქსიდანტია, უნარჩუნებს კანს სილამაზეს, იცავს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან, აფერხებს ორგანიზმის დაბერების პროცესს, ასტიმულირებს კანის უჯრედების ზრდას და განახლებას. ხსნის ფეხების დაბუჟებას, სასარგებლოა ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს. E ვიტამინს შეიცავს მცენარეული ზეთი, ხორბლის ღივი, კაკალი და ავოკადო.

რკინა აუცილებელია ანემიის პროფილაქტიკისა და ფეხმძიმეებისთვის. რკინას შეიცავს ხორცი, პარკოსნები, გარგარის ჩირი, ქიშმიში, მარცვლეული. რკინას კარგად ითვისებს ორგანიზმი ჩ ვიტამინთან ერთად.

კალციუმი ამაგრებს ძვლებს, კბილებსა და ფრჩხილებს, ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას, აუმჯობესებს სისხლის შედედების უნარს, ხელს უწყობს წონაში დაკლებას და აიოლებს კრიტიკულ დღეებს. კალციუმს შეიცავს რძის პროდუქტები, ყველი, თევზი, მწვანილი, ქოქოსის რბილობი.