ზურგი აგტკივდათ? - კვირის პალიტრა

ზურგი აგტკივდათ?

ხშირად ჯანმრთელ ადამიანსაც ინტენსიური ვარჯიშის, მძიმე შრომის დროს, თუ დიდხანს მუშაობს მჯდომარე ან მოუხერხებელ პოზაში, ეწყება ზურგის ტკივილი.ზურგის კუნთები გადაღლილობისა და დაჭიმულობის შედეგად იძაბება, იჭიმება, ბუჟდება, მკვრივდება, ხშირად ზურგში ტკივილს იწვევს მოუხერხებელი მოძრაობა, კუნთების ანთება. კისრის არე მათ სტკივათ, ვისაც უწევთ მჯდომარე მუშაობა, ხოლო ვინც ფეხზე მდგომი მუშაობს - აწუხებს წელი.

მიალგია - კუნთების ტკივილი ხშირად ვითარდება გადაცივებისა და ორპირ ქარში

მოხვედრისას. ასევე, მას იწვევს კონდიციონერი. წელის არეში ტკივილი თითქმის 80%-ით გამოწვეულია ზურგის კუნთების დაჭიმვით, დაძაბულობით. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (მალამო, კრემი), რომელთა გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ ალერგიულობა და პრეპარატის ზოგიერთი კომპონენტისადმი ინდივიდუალური მგრძნობელობა.

სითბო ადუნებს დაჭიმულ და გაღიზიანებულ კუნთებს და ანელებს ტკივილს. ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ ჩვეულებრივი ელექტროსათბურა, ინფრაწითელი ნათურა ან სპეციალური გამათბობელი სალბუნი, ცხელი აბაზანა. გახსოვდეთ, მკერდი და მუცელი წყლით არ უნდა იყოს დაფარული. აბაზანას შეგიძლიათ დაამატოთ როზმარინის ექსტრაქტი, რომელიც ასტიმულირებს სისხლით მომარაგებას.

ზოგჯერ, როდესაც სითბო არ ხსნის ტკივილს, ტკივილს აყუჩებს დამტვრეული ყინული ან ნებისმიერი გაყინული პროდუქტი. ორივე შემთხვევაში, ის უნდა შეახვიოთ რამდენიმე ფენად დაკეცილ ქსოვილში და დაიდოთ მტკივნეულ ადგილზე დღეში რამდენჯერმე 1-2 წუთით.