აუტიზმი - XXI საუკუნის დაავადება - კვირის პალიტრა

აუტიზმი - XXI საუკუნის დაავადება

"კოალიციამ აუტიზმისთვის" მედიის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრები გამართა, სადაც ჟურნალისტებთან ერთად მოწვეული იყვნენ აუტიზმით დაავადებული ბავშვების მშობლებიც. ყველაზე შთამბეჭდავი და ამაღელვებელი, ბუნებრივია, მშობლების მონათხრობი იყო, ამიტომ მინდა, უცვლელად შემოგთავაზოთ მათი ნაამბობის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი.

ელინა: "ჩემი შვილი, ლუკა, ახლა 18 წლისაა. 3 წლის იყო, როცა მოულოდნელად მესამე პირში დაიწყო ლაპარაკი. ფაქტობრივად, დაკარგა ნაცვალსახელი "მე". როდესაც ვცდილობდი, შემესწორებინა , იწყებდა ნერვიულობას, ტირილს. "მეს", უბრალოდ, ვერ აღიქვამდა.

პირველად  ამ ჩივილით მივაკითხეთ ექიმს. რამდენიმე წელი სკოლაშიც ვატარეთ, მაგრამ ამას უფრო დასწრების ხასიათი ჰქონდა. ხშირად გაკვეთილზე  მასთან ერთად ვიჯექი, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ ასე სკოლაში სიარულს აზრი არ ჰქონდა. კომუნიკაციის პრობლემები დღესაც აქვს..."

ხათუნა: "აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ყველაფრის დასწავლა უწევთ, მათ შორის, ემოციისაც. მაშინ, როდესაც ჯანმრთელი ბავშვები ამ ყველაფერს სოციალური ურთიერთობებით  ითვისებენ. ჩემს ორივე შვილს -   უფროსი 5-ის ხდება, უმცროსი კი 3 წლისაა, ექიმებმა აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. სანდროსთან დაკავშირებით ეჭვი არაფერზე მიმიტანია, რადგან ბავშვი დროულად დაჯდა, გაიარა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთი წლის იყო, როდესაც შევფიქრიანდი, რადგან მინდოდა, საჩვენებელი თითის აწევით ესწავლა, რომ ერთი წლის არის და ვერ ვასწავლე. შემდეგ დავიწყეთ სიარული ექიმებთან, მაგრამ დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდებოდა. როდესაც სანდრო 3 წლის გახდა, შემეძინა უმცროსი შვილი, დათა და სანდროს მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ახალშობილის დანახვაზე ისე ეჭვიანობდა, პირღებინება ემართებოდა..."

ნანა ტატიშვილი, ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა საზოგადოების პრეზიდენტი: "ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ბავშვის განვითარების ეტაპები, რათა დროულად ამოვიცნოთ ატიპური განვითარების შემთხვევები, რომელთაგან  ერთ-ერთი აუტიზმია, რაც ძირითადად ვლინდება სოციალურ უნარ-ჩვევათა და კომუნიკაციის დეფიციტში. მარტივად რომ ავხსნათ: თვალებით კონტაქტი, სახელის დაძახებაზე რეაქცია, ბავშვებთან თამაში, მითითება საჩვენებელი თითით სასურველ საგანზე, რეაგირება მშობლის ყოფნაზე ან მის გასვლაზე - აუტიზმის შემთხვევაში ეს ყველაფერი დარღვეულია. ამ სიმპტომების ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო დროულად დავსვამთ დიაგნოზს, შედეგი ბევრად უკეთესი იქნება. გვიან დასმული დიაგნოზის დროს, როგორც წესი, მძიმე უნარშეზღუდულობა ვითარდება, დროულად დასმული დიაგნოზის დროს კი შესაძლოა, საზოგადოებაში ბავშვის სრული ინტეგრაციაც კი  მივიღოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რას აკეთებს და რა უნდა გააკეთოს ამ თვალსაზრისით საზოგადოებამ და მედიამ. ეს სამსახური საქართველოში ჯერ კიდევ აუწყობელია. მართალია, აუტიზმის დიაგნოსტიკა შედარებით მოწესრიგდა, მაგრამ მხოლოდ თბილისში. რაც შეეხება ამ ბავშვების მართვას, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ცალკეული ადგილებია, სადაც მათი რეაბილიტაცია ხდება. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან ბავშვთა გარკვეულ პროცენტს, შესაძლოა, ჰქონდეს აუტიზმი ან მისი სპექტრი. ამიტომ, ჩვენი მიზანია, ჟურნალისტებთან ერთად ვისაუბროთ ამ თემაზე, რათა უფრო აქტიურად გააშუქონ ეს საკითხი და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ მშობლებს, პროფესიულ საზოგადოებებს, რათა გამოიძებნოს ამ პრობლემის გადაჭრის გზები. ეს ეხება როგორც ჯანდაცვის, ასევე განათლების სისტემებს. აუცილებელია, ვიცნობდეთ ამ ოჯახების სოციალურ თუ საგანმანათლებლო პრობლემებს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ 1000 ბავშვიდან აუტიზმით დაავადებულია ერთი, აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ერთ ბავშვს ჰყავს ორი-სამი წევრისგან შემდგარი ოჯახი. შესაბამისად, ძალიან დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამ პრობლემით უშუალოდ არის შეწუხებული და დაინტერესებული. თუ მედია ინფორმირებული არ იქნება, შესაძლოა, არასწორი გაშუქებით მან სტიგმა გააღრმავოს.

- დაავადების გავრცელების ტენდენცია როგორია?

- მსოფლიოში დაავადების მატების ტენდენცია შეიმჩნევა, მაგრამ ჯერჯერობით დაუდგენელია, ეს რეალური მატებაა, თუ ამოცნობის გაუმჯობესებით არის განპირობებული. მაგალითად, 10 წლის წინ დაახლოებით 10 000 კაცში აუტიზმის რამდენიმე შემთხვევა ვლინდებოდა, ახლა კი 100 კაცში ერთი და ზოგჯერ მეტი შემთხვევაა.

- თუ არის ცნობილი ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები?

- მიზეზები არ არის ცნობილი. ფიქრობენ, რომ ეს არის გენეტიკური და გარემო ფაქტორების ურთიერთმოქმედების შედეგი. არ არის აღმოჩენილი ერთი რომელიმე გენი, რომელიც ამ დაავადებაზეა პასუხისმგებელი; შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის დაავადების ეტიოლოგია უცნობია.

- რა შეგვიძლია შევთავაზოთ აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს და მათ მშობლებს?

- ერთი მხრივ, შეგვიძლია შევთავაზოთ სწორი დიაგნოსტიკა თბილისში. თბილისის გარდა, კიდევ ოთხ რეგიონში უნდა მოვამზადოთ ჯგუფები, რომლებიც შეძლებენ  არა მხოლოდ აუტიზმის ამოცნობას, არამედ აუტიზმით დაავადებულ ბავშვებთან მუშაობას. თბილისში არსებობს რამდენიმე ასეთი ჯგუფი, მათ შორის, ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში, ასევე არის აუტიზმის სკოლა, რომელიც "ილიას უნივერსიტეტში" მუშაობს...

- ამ ბავშვების სიცოცხლისუნარიანობა როგორია?

- ჩვეულებრივი, როგორც სხვა ჯანმრთელი ბავშვების. უბრალოდ, მათი დიდი ნაწილი, შესაძლოა, გონებრივად ჩამორჩებოდეს. თუმცა, არიან აუტიზმით დაავადებული ადამიანები, რომლებიც უმაღლეს განათლებას იღებენ, მუშაობენ. ამ დაავადების დროულად ამოცნობის მიზანია, გაიზარდოს იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, ვინც სრულ ინტეგრაციას მოახდენს საზოგადოებაში და შემცირდეს მათი უნარშეზღუდულობის ხარისხი.

აუტიზმით დაავადებულთა სტატისტიკა მსოფლიოსა და საქართველოში

მსოფლიოში 100 ადამიანიდან ერთს აქვს აუტიზმი. შესაბამისად, თუ საქართველოში 700000 ბავშვია,  თეორიულად მათგან დაახლოებით 7000 აუტიზმით არის  დაავადებული. ეს კი ძალიან დიდი რიცხვია.

სტატისტიკის მიხედვით, ვაჟებში აუტიზმი გაცილებით უფრო ხშირად - 7-8-ჯერ მეტად ვლინდება. მაგალითად, თბილისის მასშტაბით 2400 ბავშვია გამოკვლეული და მათ შორის 16 შემთხვევაში აუტიზმის დიაგნოზი დაისვა. აქედან 15 ვაჟი იყო და მხოლოდ ერთი - გოგონა.