მწვანე აფთიაქი - კვირის პალიტრა

მწვანე აფთიაქი

საყმაწვილოსა და კანის დაავადებების სამკურნალოდ ორკბილას უხსოვარი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში. ორკბილა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ეფექტურია დიათეზის, ნეიროდერმიტის, სებორეით გაღიზიანებული თავის კანის სამკურნალოდ.

ფურუნკულის მოსაშუშებლად შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის ორკბილასა და მოცვის ფოთლები. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, გაწურეთ და დალიეთ 50 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე (აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას).

თუ ფსორიაზი გაქვთ, 100 გ ხმელ ორკბილას დაასხით 0,5 70%-იანი სპირტი და გააჩერეთ 14 დღე. დალიეთ 1 ჩ/კ ნაყენი 1 ს/კ წყალთან ერთად დღეში სამჯერ ჭამამდე.

დაზიანებულ კანზე უნდა შეიზილოთ ორკბილას ექსტრაქტი, ოღონდ არა 100, არამედ 50 გ ხმელი ორკბილა დაგჭირდებათ. შეიძლება გააკეთოთ მალამოც: 5 წილ ვაზელინსა და ლანოლინს დაამატეთ 1 წილი ექსტრაქტი (ვაზელინისა და ლანოლინის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ გადამდნარი ღორის მუცლის ქონი) და მუდმივად ურიეთ. როცა გაცივდება, მალამო მზად იქნება.

ორკბილას, როგორც სისხლის გამწმენდ საშუალებას, სხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად იყენებენ კანის ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით ეგზემის, დიათეზის, ჭინჭრის ციების, საყმაწვილოს, რაქიტის სამკურნალოდ. შეურიეთ ერთმანეთს 10 გ ორკბილა, 5 გ კაკლის ფოთოლი, 10 გ სამფერა ია, 20 გ ჭინჭრის დედის ყვავილი, 15-15 გ ოროვანდის ფესვები და მარწყვის ფოთლები, 10 გ ფარსმანდუკის ყვავილები. 20 გ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 1ლ ცივი წყალი და 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. 20-30 მლ ნახარში დალიეთ საათში ერთხელ. ბავშვებისთვის დოზა 2-3-ჯერ ნაკლებია.

თუ ნარევს დაამატებთ 30 გ არყის ხის კვირტებსაც და მოამზადებთ იმავე წესით, ნახარში შეიძლება გამოიყენოთ თირკმლების დაავადებისა და ცისტიტის სამკურნალოდ.

გასტროენტეროლოგები ორკბილას ნაყენს იყენებენ როგორც ანთებსაწინააღმდეგო საშუალებას კუჭის წყლულისა და წყლულოვანი კოლიტის დროს: 2 ს/კ ორკბილას დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და დალიეთ 100 მლ დღეში 3-ჯერ ჭამამდე.

კანის დაავადებების სამკურნალოდ (კომპრესებისთვის) 2 ს/კ ორკბილას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გამოიყენეთ როგორც დამატენიანებელი საშუალება.

ბავშვის კანის დაავადებების სამკურნალოდ 3 ს/კ ორკბილას დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, 30 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე და 3 ლ მდუღარე წყალში გააზავეთ. გამოიყენეთ ბავშვის აბაზანისთვის.