მიხეილ სტომატოლოგი - კვირის პალიტრა

მიხეილ სტომატოლოგი

ჰოდა, თემას რომ არ მოვწყდეთ, სწორედ ეს ღირსშესანიშნავი წელი სრულდებოდა, დეკემბრის თვე იდგა, თითქოს ერთი ჩვეულებრივი წელი უნდა ყოფილიყო, თავისი წარმატებებით, თუ წარუმატებლობებით, სკანდალებით ახალი პოლიტიკური ლიდერის გამოჩენით და ა. შ. ალბათ იმ წლის მთავარ მოვლენად, ან ჩვენს მიერ არხსენებული პოლიტიკური ლიდერის გამოჩენა, ან კიდევ ჩანგლის მოქნევა გახდებოდა, რომ არა პრეზიდენტ სააკაშვილის იდეა. აბა, ვინ წარმოიდგენდა დიდი სახელმწიფო მოღვაწის, თავში რა გენიალური იდეა მწიფდებოდა. ეს მხოლოდ მან იცოდა და საგანგებოდ არჩევდა დროს მის გასახმოვანებლად. ასეთი იდეის გასახმოვანებლად იმაზე უკეთესი დღე რა უნდა შეარჩიო, ვიდრე საკუთარი დაბადების დღე. ბატონი პრეზიდენტიც ასე მოიქცა. 21 დეკემბერი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ჩვენს ისტორიაში. ამ დღეს დაიბადა ქვეყნის უდიდესი მოღვაწე და გენიალური იდეა. იმ დღეს ის აჭარაში ჩავიდა და მოხუცებულთა სახლს ესტუმრა. აქაც ჩანს მისი დიდბუნებოვნება. რა თქმა უნდა, შეეძლო საკუთარი დაბადების დღე ფეშენებელურ რესტორანში, ან სადმე სხვაგან აეღნიშნა, მაგრამ არა;- მან ყველაზე დაუცველ და მიუსაფარ ადამიანებთან მისვლა და მათთან ერთად ულუფის გაყოფა გადაწყვიტა. უფრო მეტიც, მეგობრების მიერ ნაჩუქარი ხიზილალით და ესპანური ყველით მათ თავად გაუმასპინძლდა. შემდეგ კი, ერთ-ერთ მოხუც ქალბატონს, რომელსაც სახელად ეთერი ერქვა (პრეზიდენტმა თავისი საქციელით მისი სახელიც უკვდავყო) გვერდით მიუჯდა. მეორე მხარეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოისვა და თქვა: `გამოვყოფთ ახლა ჩვენ თანხებს, ვამზადებთ დენტისტებს (მერე რა, რომ სწორი ფორმაა `დანტისტები~ და პრეზიდენტს შეეშალა. ეს რა მოსატანია იდეის გენიალურობასთან) რათა, უკლებლივ ყველას, ყველა კბილის პრობლემა გადავუწყვიტოთ. მინდა, ქალბატონი ეთერი და სხვები იღიმებოდნენ ბევრად უფრო მეტს. ამიტომ დავუპლომბოთ, ჩავუსვათ, გავუპრიალოთ, რომ კარგ ხასიათზე იყვნენ და ქონდეთ სურვილი მუდამ იღიმებოდნენ. დავარქვათ, ამ პროგრამას... საპრეზიდენტო პროგრამა `ღიმილიანი საქართველო~. გავაკეთოთ და დავიწყოთ ვინც ამ სასადილოში დადის იმ ხალხისგან, მერე გადავიდეთ ბევრ სოფელში, სადაც არც არის ადგილზე კბილის ექიმი, ან ხალხს საშუალება არა აქვს ელემენტარულად ქალაქში სიარულის, ან იქ მისვლის, თანდათან მივყვეთ, თან ეს განავითარებს ამ დარგსაც კარგად. 50 წლის ადამიანს, როდესაც რაღაც პრობლემები აქვს კბილებთან დაკავშირებული, მუშაობის ხალისი ეკარგება, ღიმილის ხალისი ეკარგება, ჩათვალეთ, რომ ყველაზე ლამაზი ღიმილი გექნებათ, (ისევ ქალბატონ ეთერს მიმართა) გექნებათ ჰოლივუდის კბილებიანი ღიმილი, მაქსიმუმ ერთ თვეში, ყველას ვისაც ჭირდება.~ და იმ დღის შემდეგ და იმ დღიდან მოყოლებული, ქვეყანაში მოისპო უკბილო ადამიანი, აღარ დადიოდა, არავინ ვისაც ღიმილი არ უხდებოდა, მერე რა, რომ ზოგს კბილების ჩასმის შემდეგაც არ ქონდა ღიმილის ხალისი, რადგან უმრავი სხვა პრობლემა დარჩა გადასაწყვეტი. . მერე რა, რომ ზოგი ამბობდა, რად მინდია კიჭია, თუ არ მექნა ჩიჩიაო. ინტრიგანებს რა გამოლევს. ერთმა ინტრიგანმა ჟურნალისტმა, `კვირის ფიქრებს~, თუ რაღაც ამდაგვარს რომ წერდა ლექსიც კი გამოთქვა:

უხერხულია პირველი გერქვას

და პროპაგანდით ტვინებს ბომბავდე;

თეთრი ხალათი შენ უნდა გეცვას

და ბურღით ხელში კბილებს პლომბავდე.

მერე რა! როგორც გითხარით, ინტრიგანებს და უმადურებს რა გამოლევს. რა იყო აქ სასაცილო. რა არის იმაში ცუდი, თუ მთავრობა ხალხის კბილებზე ზრუნავს. ასეთ რამეს თავისი ხალხისთვის სხვა არცერთი ქვეყნის მთავრობა არ აკეთებს. მართალია, ზოგიერთმა ინტერნეტში ჩვენი პრეზიდენტის დაუძინებელი მტრის, ვალოდია პუტინის ფოტო იპოვა, სადაც მას დანტისტის როლი აქვს მორგებული და გამოაცხადა, აი ვის პარავს იდეებს ჩვენი პრეზიდენტიო, მაგრამ მე არ მჯერა ამის. რუსეთში დღემდე ხალხი კბილებჩაცვენილი დადის, მათ ჩამოეშალათ და ჩამოექცათ კბილები, იქ აღარავინ იღიმის. ჩვენთან კი, ამ იდეამ მთელი ქვეყნის ცხოვრება შეცვალა. იმდენად, რომ დიდი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წოდება განსაზღვრა. მადლიერმა ხალხმა თქვა:- თუ ბიზანტიაში იყო იმპერატორი მიხაელ პალეოლოგი, რატომ არ შეიძლება ჩვენ გვყავდეს მიხეილ სტომატოლოგიო და იმ დღიდან მას ეწოდა მიხეილ სტომატოლოგი.