ინსტრუქცია საავადმყოფოს გახსნისთვის - კვირის პალიტრა

ინსტრუქცია საავადმყოფოს გახსნისთვის

პრეზიდენტ სააკაშვილს ნამდვილად აქვს გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის შანსი. ალბათ, ბევრი რამის გამო, მაგრამ თუ უეჭველი გამარჯვება გვინდა, საავადმყოფოების რეკორდული რაოდენობის გახსნებით უნდა წარვადგინოთ. ამ საქმეში ის ნამდვილად პირველი იქნება მსოფლიოში. თუმცა ახლა არ ვაპირებ დავწერო, რატომ ხდება, რომ საქართველოში დღეში სამი საავადმყოფო იხსნება. არც იმის გამორკვევას ვაპირებ, კარგია ეს, თუ ცუდი.

ალბათ, უფრო კარგი, ვიდრე ცუდი, რა ჯობია კარგ და გარემონტებულ საავადმყოფოებს. თუნდაც იქ მოხვედრა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს, ან კვალიფიცური კადრების ნაკლებობა იყოს. მე მინდა გასწავლოთ,  როგორ უნდა გახსნათ საავადმყოფო, თუ ვინიცობაა და პრეზიდენტი გახდით. ახლა არ მკითხოთ: -  როგორ, საავადმყოფოს გახსნის ინსტრუქცია არსებობსო? დარწმუნებული ვარ არსებობს, რადგან ყველა საავადმყოფოს გახსნის დროს (მე უკვე სათვალავი ამერია, რამდენი გახსნა), მოვლენები თითქმის ერთი სცენარით ვითარდება, დეტალებშიც კი,  ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საავადმყოფოს გახსნის სპეციალური ინსტრუქცია უნდა არსებობდეს. . და როგორია ეს ინსტრუქცია? აი, ასეთი:

უნდა იზრუნოთ, რომ ყველა საავადმყოფო ერთდროულად აშენდეს, რაც დიდი აღმშენებლობის ეფექტს მოგცემთ. შემდეგ ეს ერთდროულად აშენებული საავადმყოფოები, ასევე ერთდროულად, ერთი თვის განმავლობაში უნდა გახსნათ, (დღეში მინუმუმ ერთი, მაქსიმუმ -სამი). ჩადიხართ იმ ქალაქში, სადაც საავადმყოფო იხსნება. საავადმყოფოს წინ გხვდებათ ადგილობრივი მოსახლეობა, (მათი შეკრება ადგილობრივმა გამგეობამ უნდა უზრუნველყოს).

საავადმყოფოში შესვლამდე ესაუბრებით ხალხს; ხალხი აუცილებლად სკანდირებს თქვნეს სახელს, (თუ მიშა გქვიათ,  მიშა, მიშას, თუ არა და რაც გქვიათ იმას). ამ სკანდირებაში განსაკუთრებით მჭექარედ უნდა ისმოდეს ბავშვების ხმა. აუცილებლად ჩერდებით რომელიმე ბავშვის წინ; თუ ძალიან პატარაა,  მხოლოდ ეფერებით, თუ მოზრდილია გაესაუბრებით კიდეც.

შეიძლება ოდნავ ენის მოჩლექაც.. ამ დროს ხალხს აუცილებლად გამოეყოფა ერთი ადამიანი, რომელიც ხელს გართმევთ და აღფრთოვანებული გიყვებათ, რა აღმშენებლობა მიდის მათ რაიონში (უბრალო ადამიანის მიერ მოყოლილ ღმშენბლობის ამბავს ასჯერ მეტი ეფეტქი აქვს, ვიდრე იგივე თქვენ რომ მოყვეთ), ზოგ რაიონში ეს იქნება ქალი, ზოგგან კაცი. ხალხიდან გამოსული ადამიანი, რომელიც თქვენ გიყვებათ იმის შესახებ, რაც მათ რაიონში გააკეთეთ.

შესაძლებელია სპეცილაურად მოწყობილ სცენაზეც ავიდეს და ეს ყველაფერი მიკროფონში მოყვეს, (როგორც ეს ქედაში მოხდა) თუ არადა, იქვე ადგილზეც შეიძლება. მთავარია, ეს ალილუიასავით დაზეპირებული ტექსტი ტელევიზიებმა გადაიღონ. თქვენ ამ დროს ამ ქება -დიდებას და თქვენი საგმირო საქმეების აღწერას დარცხვენილი უსმენთ. კარგი იქნება, თუ თავადაც გაიხენებთ, რაიმე პრობლემას რომელიც ამ რაიონს ადრე აწუხებდა და თქვენ მოაგვარეთ. შემდეგ შედიხართ საავადმყოფოში, კამერების თანხლებით ათვალიერებთ იქაურობას.

აუცილებლად შედიხართ ჩვეულებრივ პალატაში, სადაც კმაყოფილ ავადმყოფთან (სულაც  არ არის წარმოუდგენელი,  ავადმყოფი იყოს კმაყოფილი) საჩუქრებით მიდიხართ და გამოჯანმრთელებას უსურვებთ, თუ ლაპარაკის თავი აქვს, შეგიძლიათ გამოელაპარკოთ. მერე აუცილებლად შედიხართ სამშობიარო განყოფილებაში და  ესაუბრებით ახლად მოლოგინებულ ქალს (ოღონდ ნუ ეტყვით, რომ კარგი ქენით ბავშვი დროზე რომ გააჩინეთო), ამის შემდეგ აუცილებლად შედიხართ იმ ოთახში, სადაც რაიმე ძვირადღირებული აპარატურა დგას და ამბობთ ასეთ ტექსტს: ასეთი აპარატურა თბილისში ადრე ორ-სამ ადგილზე იდგა და იქ ადამიანი ან ჩავიდოდა, ან არა. ახლა უკვე დედაქალაქი და რეგიონი გათანაბრდა. აღარ არის პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული ადგილები.  შემდეგ გამოდიხართ ისევ გარეთ და სპეციალურად მოწყობილი ტრიბუნიდან საავადმყოფოს წინ შეკრებილ ხალხს მიმართავთ. ყვებით იმის შესხაებ, რა იყო ადრე და რა არის ახლა, შეგიძლიათ კბილი თქვენს ოპონენტებსაც  გაკრათ, ოღონდ აუცილებლად უნდა თქვათ, რომ წარსულში ვერავინ დაგვაბრუნებს. შემდეგ ემზადებით ახალი საავადმყოფოს გასახსენლად.