”სიძულვილის ორწუთეული” - კვირის პალიტრა

”სიძულვილის ორწუთეული”

ჯორჯ ორუელი ბოლო დროს,  საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის ნაწარმოებებში აღწერილ სიტუაციებსა და საქართველოში არსბეულ ვითარებას შორის,  ხშირად პარალელებს ავლებენ. ეს რა თქმა უნდა,  გადაჭარბებულია. მაგალითად,  ”1984”-ში (ის სულ ახლახანს ”პალიტრა L”-მა გამოსცა სერიით ”50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, ვიდრე ცოცხალი ხარ.”) აღწერილი ქვეყანა სუპერ -ტოტალიტარულია და ის საბჭოთა კავშირსაც კი უკან იტოვებს. გასაგებია, რომ ჰიპერბოლა ერთ-ერთი ლიტერატურული ხერხია და მხატვრულ ნაწარმოებში ბევრი რამ შეიძლება გაზვიადებული და უტრირებული იყოს, მაგრამ საქართველოსთან სრული პარალელის გავლება, არა მგონია გონივრულად გამოჩნდეს.

აი, ცალკეული ეპიზოდების და მომენტების მსგავსებაზე კი თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ. ჰოდა, მთელს ამ ნაწარმოებში არაფერი გავს ისე საქართველოში  არსებულ სიტუაციას, როგორც იქ აღწერილი ”სიძულვილის ორწუთეულები”. ვისაც ჯერ ”1984”  არ წაგიკითხავთ,  შევცდები მოკლედ მოგიყვეთ, ეს რას ნიშნავს. ქვეყანაში, რომელსაც ოკეანეა ქვია და რომელსაც, არავინ იცის. უკვე რამდენი ხანია ერთი პარტია და მისი ლიდერი, დიდი ძმა მართავს, მთავარი დევიზი ასეთია: ”დიდი ძმა გითვალთვალებს”. თვალთვალი პარტიის წევრების ყველა ოჯახში და ყველა სამსახურში დამონტაჟებული ეკრანის მეშვეობით ხორციელდება. თუმცა ამ ეკრანების მეშვეობით არა მარტო მოქალაქეებს უთვალთვაელებენ, არამედ პროპაგანდასაც აწარმოებენ.

ბუნებრივია,  ქვეყანას ყავს საგარეო მტერი, რომელსაც მუდმივად ეომება და ერთი მოღალატე, ვისგანაც მთავარი მტრის ხატი იქმნება და ვინც აუცილებლად მტერთან არის შეკრული. ჰოდა, ყოველ დღე,  ყველა სამსახურში, დღეში ერთხელ, თანამშრომლები ვალდებულნი არიან დიდი ეკრანის წინ შეიკრიბონ და

”სიძულვილის ორწუთეულს” უყურონ. აი, როგორ აღწერს ავტორი ამ ეპიზოდს:

”როგორც ყოველთვის ეკრანზე ხალხის მტრის, ემანუელ გოლდსტეინის სახე გამოჩნდა... ”სიძულვილის ორწუთეულის” პროგრამას დღიდან დღემდე ცვლიდნენ, მაგრამ გოლდსტეინი - მთავარი მოღალატე, პარტიის სიწმინდის პირველი შემბღალავი - მუდამ ცენტრალურ ფიგურად რჩებოდა. პარტიის წინაშე ჩადენილი ყველა ღალატი, საბოტაჟის ყოველი აქტი თუ ერესი, გოლდსტეინის სწავლებიდან იღებდა სათავეს. ის მუდამ სადღაც იყო და მორიგ შეთქმულებას აწყობდა: შესაძლოა ზღვის გადაღმა თავისი ხაზინადრების მფარველობის ქვეშ, ან ეგებ - როგორც მოარული ხმები ამბობდნენ - თვით ოკეანიის რომელიღაც სამალავშიც კი... გოლდსტეინი ამჯერადაც თავის შხამიან კრიტიკას აფრქვევდა, პარტიის სწავლებათა მიმართ... და ვიდრე გოლდსტეინი ლაპარაკობდა, არავის რომ არ შეპარვოდა ეჭვი იმ სინამდვილეზე, რომელსაც მისი ბრტყელ-ბრტყელი და მაცდუნებელი მეტყველება გულისხმობდა, - მის თავს უკან განუწყვეტლივ მოჩანდა ევრაზიული ( ევრაზია არის სწორედ ის ქვეყანა, ვისაც ოკეანია ეომება - მ. მ.) ჯარის უსასრულო ნაკადი... ჯარისკაცთა ჩექმების ყრუ და რიტმული ბრახუნი ფონად გასდევდა გოლდსტეინის კიკინა ხმას... სიძულვილის ორწუთეულის მთელი საშინელება ის კი არ იყო, რომ მაყურებელს ამ პროცესში მონაწილეობას ავალდებულებდა, არამედ ის,  რომ შეუძლებელს ხდიდა მასში ჩაურთველობას... გოლდსტეინის ხმა ნამდვილი ცხვრის კაკანში გადავიდა, მისი სახეც ერთი წამით ცხვრის სახედ იქცა, მერე კი ევრაზიული ჯარისკაცის სახედ გადადნა. ეს დიდი და საშინელი სახე თანდათან წინ წამოვიდა ავტომატის კაკან-კაკანით და ისე მოახლოვდა, გეგონებოდათ, ეკრანიდან უნდა გადმოხტესო. პირველ რიგში მსხდომი მაყურებლები სკამების საზურგეებზე გადაწვნენ... მაგრამ შემდეგ მომენტში მტრის სახე დიდი ძმის სახედ იქცა,  ძალითა და იდუმალი სიმშვიდით აღსავსე სახედ, რომელმაც თითქმის მთელი ეკრანი დაფარა. არავის გაუგონია რა თქვა, რამდენიმე წასახალისებელი სიტყვა, ბრძოლის გნიასში რომ წარმოთქვა, რაიმეთი კი არ გამოირჩეოდა, არამედ ნდობას აღადგენდა თვით თავისი წარმოთქმის ფაქტით. შემდეგ დიდი ძმის სახე კვლავ გაქრა და ეკრანზე დიდი ასოებით დაიწერა პარტიის სამი ლოზუნგი: ომი მშვიდობაა! მონობა თავისუფლებაა! უმეცრება ძალაა!”

ახლა მაინტერესებს, რითი არ გავს აქ აღწერილი ეპიზოდი იმ სიტუაციას,  რასაც ე. წ. ნაციონალური არხები ყოველ დღე გვთავაზობენ? განა ისინი, განსაკუთრებით ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, ყოველ დღე სწორედ ”სიძულვილის ორწუთეულებს” არ გვიწყობენ?! არ ვიცი, იქნებ თქვენ ფიქრობთ, რა სიუჟეტებსაც ისინი ივანიშვილის გამოჩენამდე ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერზე, ხოლო ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ მასზე გვთავაზობენ, სხვა რამეა?! პირადად მე, თითქმის ზუსტ პარალელს ვხედავ.