ორი პირდაპირი ჩართვა - კვირის პალიტრა

ორი პირდაპირი ჩართვა

ჩართვა პირველი:

ტელეკომპანია "იმედი"

წამყვანი: ახლა პირდაპირ ეთერში გვერთვება ჩვენი კორესპონდენტი რუსთავიდან, რომელიც იქ მიმდინარე აღმშენებლობით პროცესებზე მოგვიყვება. მოგესლამებით და გისმენთ.

ჟურნალისტი: მოგესალმებით და მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ ჩემი გული სავსეა სიხარულით, ბედნიერებით და მინდა ეს ბედნიერება თქვენც და ჩვენს მაყურებლებსაც გავუზიარო. ასეთი რამ ცხოვრებაში ჯერ არ მინახავს. რუსთავი რუსთავს აღარ ჰგავს, ეს სხვა ქალაქია. არა, რუსთავი კი არის, მაგრამ მაინც სხვაა. უფრო სწორად, სხვა რუსთავია... მაპატიეთ, ნანახმა ჩემზე ისე იმოქმედა, ცოტა ვღელავ...

წამყვანი: მე კარგად მესმის შენი, ალბათ, რუსთავში მიმდინარე აღმშენებლობითი პროცესი ყველას ასეთ დღეში ჩააგდებდა, მაგრამ იქნებ მაინც კონკრეტულად მოგვიყვე, რა გაკეთდა რუსთავში?

ჟურნალისტი: ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიკითხავთ, რა არ გაკეთდა. მე რომ ახლა ჩამოვთვალო რა გაკეთდა, ერთი გადაცემა არ გვეყოფა. ძალიან მწყდება გული, რომ მთელი სამუშაო, რაც ხელისუფლებამ რუსთავში გასწია, ერთ ჩართვაში უნდა ჩავატიო.

წამყვანი: ჩვენ კიდევ გვექნება ამ თემაზე საუბრის საშუალება. ბევრი საშუალება გვექნება…

ჟურნალისტი: დიახ, დიახ. ეს კარგია, ეს აუცილებელია. ახლა მოკლედ გეტყვით.  რუსთავი... რუსთავი ძალიან ლამაზია... დედოფალივით გამოიყურება. ყველაზე ბედნიერი ქალივით ბრწყინავს. მე რომ კაცი ვიყო, აუცილებლად მისი ცოლად მოყვანა მომინდებოდა.

პროდიუსერი ყურში ჟურნალისტს: გოგო, საქმეზე გადადი. კონკრეტულ საქმეებს მოჰყევი!

ჟურნალისტი: დიახ, რაც შეეხება კონკრეტულად: ჩვენს პატარძალს კაბა მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა დიზაინერმა შეუკერა, თმა მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა სტილისტმა დაუვარცხნა, რაც შეეხება თაიგულს...

პროდიუსერი ყურში: რა კაბა, რა დიზაინერი, ქუჩებზე, სკვერებზე უნდა მოჰყვე!

ჟურნალისტი: ჰო, როგორც გითხარით, ნანახმა ისე იმოქმედა, რომ ძალიან ვღელავ. მაშ, ასე, რუსთავში მოდის წყალი, აქვთ შუქი, არის გზები, არის პარკები.

წამყვანი: რა შეცვალა ყველაფერმა ამან რუსთაველების ცხოვრებაში?

ჟურნალისტი: რუსთაველებმა თავი ადამიანებად იგრძნეს. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე რუსთაველის კომენტარი მოვისმინოთ.

პირველი რუსთაველი: შვილო, აქამდე ჩვენთან მზეც კი არ ამოდიოდა. რომ დაინახავდა ჩვენს ქალაქს, გვერდს უვლიდა. ახლა კი მზესაც უხარია და ჩვენც ყველანი ბედნიერები ვართ. დიდი მადლობა ხელისუფლებას, რომ ამდენი წლის შემდეგ მზე გვაღირსა. ჩვენ ხომ კომუნისტების შემდეგ მზე არ გვინახავს!

მეორე რუსთაველი: შვილო, პირველად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი, შევარდნაძე სულ დამყაყებულ ჰაერს გვასუნთქებდა. მადლობა ამისთვის სააკაშვილს. ღმერთმა დღეგრძელობა მისცეს, ჰაერი რომ დაგვიბრუნა!

ჟურნალისტი: თავად მოისმინეთ და ნახეთ, თუ რა შეიცვალა რუსთაველების ცხოვრებაში. ამ ყველაფრის შემდეგ რუსთავს გაუჩნდა უდიდესი ტურისტული პოტენციალი. რუსთაველები მოუთმენლად ელიან პირველ ტურისტებს. ტურიზმი დღეიდან რუსთავის ეკონომიკის აღორძინების მთავარი საშუალება იქნება. ზამთარში აქ სათხილამურო ტრასა გაკეთდება...

პროდიუსერი ყურში: რა სათხილამურო ტრასა, გაგიჟდი, რაებს ამბობ?!

ჟურნალისტი: დიახ, სათხილამურო ტრასა! სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი სკეპტიკოსია ჩვენს რიგებში და არ სჯერა ჩვენი ხელისუფლების ყოვლისშემძლეობის, მაგრამ რუსთავს აუცილებლად ექნება სათხილამურო ტრასა! რუსთავს ხელოვნური ზღვაც ექნება და ტურისტები აქ ზაფხულშიც ჩამოვლენ. საერთოდ, რუსთავი ყველაზე ლამაზი და წარმატებული ქალაქი იქნება... რუსთავი... რუსთავი იქნება...

წამყვანი: რა მოგდის?

ჟურნალისტი: მე ვტირი. ბედნიერებისგან ვტირი...

წამყვანი: კარგი, დიდი მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის. ეს იყო ჩვენი კორესპონდენტი, რომელიც რუსთავიდან საუბრობდა.

ჩართვა მეორე

ტელეკომპანია "რუსთავი 2"

წამყვანი: ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ჩვენი კორესპონდენტი, რომელიც ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრებს. მოგესალმები. რა ხდება ოპოზიციაში?

ჟურნალისტი: ჯანდაბა და დოზანა!

წამყვანი: დიდი მადლობა. ეს იყო ჩვენი კორესპონდენტი, რომელიც ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრა.