გაჭაჭული შადრევანი - კვირის პალიტრა

გაჭაჭული შადრევანი

ჩვენი პრეზიდენტის წყალობით როგორი შადრევანი არ გვინახავს; მოცეკვავე, მომღერალი, მოკუნტრუშე, მაგრამ ჭაჭის მფრქვეველი შადრევანი უკვე სხვა მასშტაბია. თავიდან არც მჯეროდა, მაგრამ როდესაც რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ ერთი და იგივე ინფორმაცია გაავრცელა, იძულებული გავხდი დამეჯერებინა.

აი, ეს ინფორმაციაც: "ზაფხულის ბოლოს, ბათუმში ორიგინალური შადრევანი გაიხსნება. სანაპიროზე, გოგებაშვილის ქუჩაზე შენდება კოშკი, საიდანაც კვირაში ერთხელ, 10-15 წუთის განმავლობაში, შადრევნიდან წყლის ნაცვლად ქართული ჭაჭა გადმოვა. ეს ორიგინალური იდეა ტურისტების მოსაზიდად ჩაიფიქრეს და ის დრო, როდესაც შადრევნიდან ჭაჭა იდენს, კომერციულ კომპანიებს თავისი საქმიანობის რეკლამირებისთვის დაეთმობათ. ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ “ჭაჭის არყის” შადრევანის შესახებ დღეს “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებაში ისაუბრა." (იხილეთ ვიდეო)

რამდენიმე კითხვა გამიჩნდა:

სამართლიანია ახლა, ბათუმში ჭაჭა იფრქვეოდეს და თბილისში გოგირდი?

ტურისტებს ვიზიდავთ, თუ ლოთებს?

ამიტომ გავაუქმეთ რუსეთთან სავიზო რეჟიმი?

"ზაკუსკა" იქნება?

იზრუნებს თუ არა ბათუმის მერია ტურიტების "პახმელიაზე"?

ხომ არ იგეგმება ხაშის აუზის გაკეთება?

ვიღაცეები რომ იქ ოცლიტრიანი ბოცებით გაიჩითონ, მერე რა მოხდება? -თუ ლიმიტი დაწესდება - ერთ კაცზე 100 გრამი?

გათვალისწინებულია თუ არა შემდეგი საფრთხეები:

თბილისელი ლოთების აჯანყება (მინიმუმ საპროტესტო აქციები) მოთხოვნით ,  არ გვინდა გოგირდი, მოგვეცით ჭაჭა!

რუსული ჯარის თვითნებური გადმოსვლა აფხაზეთიდან და აჭარის ოკუპაცია ერთადერთი მიზნით: დაეპატრონონ ჭაჭისმფრქვეველ შადრევანს!

შეგვიძლია  თუ არა, ამ პროექტს დავარქვათ: ვიჭაჭებით ტურისტების მოსაზიდად?

და ბოლოს: ტურისტებს ვიზიდავთ, თუ რუსეთის შემოერთებას ვაპირებთ?