ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა - კვირის პალიტრა

ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა

მე თუ მკითხავთ,  ქსენია სობჩაკი ისე რა ნაშაა და ოდნავ უკეთესი ჟურნალსიტი, მაგრამ რუსეთში ერთ-ერთი პოპულარული ქალია და მისი ქართულ არხზე გამოჩენა პატარა ამბავი ნამდვილად არაა. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ქალბატონი ქსიუშა რუსულენოვან ქართულ არხზე, пик პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს. ქართველ ქალებს დავამშვიდებ: -იგი თბილისში არ ჩამოვა. არხმა მოსკოვშივე იქირავა სტუდია და თანამშრომლები, რომლებიც ამ გადაცემას მოამზადებენ. გადაცემაში რუსეთისთვის აქტუალურ თემებს განიხილავენ.

ეს სიახლე, რა თქმა უნდა,  ისეთ მკვდარ პროექტს, როგორიც пик-ია, სულზე მოუსწრებს. გაზრდის მის აუდიტორიას დედამიწის იმ ნაწილში, რომელზეც თავიდანვე იყო გათვლილი. როდესაც ეს არხი დაარსდა, მისი მესვეურები გვარწმუნებდნენ, ჩვენი მიზანი მხოლოდ რუსულენოვანი აუდიტორიისთვის საქართველოს გაცნობააო. საინტერესოა, დღეს რა არის ამ არხის მიზანი, როდესაც მის ეთერში გავა გადაცემა, რომელსაც საქართველოსთან არანაირი შეხება არ ექნება?

რუსულ არხებს დიდი ხანია, აღარ ვუყურებ და წესიერად არც ვიცი,  იქ რა ხდება. თუმცა, გამიგია, რომ მათ დაახლოებით ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორც ჩვენ. გამიგია, რომ იქაც ისევე აქვს მონოპოლიზებული მედიასივრცე ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, როგორც ჩვენთან, რომ იქაც ფედერალური არხები ძირითადად,  ხელისუფლების პროპაგანდით არიან დაკავებული და რომ ამ არხებზე პოლიტიკური დებატებისთვის ადგილი არ არის. ამიტომ სობჩაკის გადაცემას წესით,  რუსეთში მაყურებელი უნდა ყავდეს. ამისთვის ყველა პირობა არსებობს _ პოპულარული წამყვანი და თავისუფალი ნიშა. ეს გადაცემა უდაოდ ხელს შეუწყობს пик - ის პოპულარობის გაზრდას რუსულენოვან მაყურებელში და დემორკატიის განვითარებას რუსეთში, რამეთუ პოლიტიკური დებატები დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ერთი რამ ვერ გამიგია, ჩვენ რატომ ვზრუნავთ რუსეთში დემოკრატიის განვითარებაზე?!- ჩვენი ქართველი გადასახადის გადამხდელების ფული რატომ უნდა დაიხარჯოს ამაში? გასაგებია, რომ დემოკრატიული რუსეთი საქართველოსთვისაც უკეთესი იქნება, მაგრამ ვის აქვს ილუზია, რომ პუტინის წასვლამდე იქ დემოკრატია დამყარდება?! ან რომელი ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ ვართ, რომ მთელ მსოფლიოში დემოკრატია ვავრცელოთ?!  მითუმეტეს, რომ ეს დემოკრატია ჯერ წესიერად არც ჩვენ გვაბადია?!

სწორედ ამაზეა ნათქვამი: ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო. უბრალოდ,  ამ შემთხვევაში,  ბუს მაგივრად თავად ყვავს გააქვს ის, რაც თავადაც არ გააჩნია. ზემოთაც ავღნიშნე და კიდევ გავიმეორებ, რუსეთსა და საქართველოში მედიის მხრივ თითქმის იდენტური მდგომარეობაა, იქაც და აქაც ხელისუფლება საერთო ეროვნულ მაუწყებლებს პროპაგანდისთვის იყენებს, მხოლოდ მცირედი განსხვავებაა: - ჩვენთან საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები დაშვებულია, ოღონდ ეს სრულებითაც არ არის საკმარისი ხელისუფლების მიერ დახშული საინფორმაციო სივრცის გასარღვევად, რადგან ყველა გამოკითხვა ცხადყოფს, რომ "საზმაუს" თითქმის არავინ უყურებს.

მოკლედ, ასეთი ვითარება იქმნება: იმ დროს როდესაც საქართველოში ხელისუფლებას ყველაზე ხშირად არადემოკრატიულობისთვის აკრიტიკებენ,  ის რუსეთში დემოკრატიის განვითარებაზე ზრუნავს და ამაში ქართველი გადასახადის გადამხდელების ფულს ხარჯავს. იმედია, საქართველოში თუ არა,  რუსეთში მაინც დაუდგამენ მომავალი თაობები სააკაშვილს ძეგლს.  რუსული დემოკრატიის განვითარებაში წვლილის შეტანისთვის.

იხილეთ ვიდეო: სკანდალური ქსენია სობჩაკი ქართულ ტელეარხზე გადაცემას წაიყვანს