ვინ შეაჩერებს მრისხანე კაკოს! - კვირის პალიტრა

ვინ შეაჩერებს მრისხანე კაკოს!

პარლამენტში მომხდარი უკანასკნელი ჩხუბის შემდეგ, სოციალურ ქსელში ერთმა ქალმა დაწერა: ვინც კაკო ბობოხიძეს გალახავს, საქართველოში ჩამოვალ და ვაკოცებო. არ ვიცი, ვინმეს ასეთი საშარო საქმისთვის მხოლოდ კოცნა ეცოტავა, თუ რა იყო, მაგრამ მის ამ მოწოდებას ბევრი ნამდვილად არ გამოხმაურებია. შეიძლება იმიტომაც, რომ აკაკი ბობოხიძემ თავისი შრომით და ნიჭით სამართლიანად დაიმსახურა ყვეალზე მრისხანე პოლიტიკოსის ტიტული.

ამ მოწვევის პარლამენტში თითქმის არ მომხდარა ინციდენტი, რომელშიც ბობოხიძე არ მონაწილეობდა. ის მარტივი პრინციპით მოქმედებს - ჯერ ურტყამს, შემდეგ კი ბოდიშს იხდის, მაგრამ ბოდიში მიმართულია ამომრჩევლებისადმი და არანაირად გალახულისადმი. ურტყამს, მერე ბოდიშს იხდის. ასე გალახა მან ჯერ ჟურნალისტი, ირაკლი იმნაიშვილი, შემდეგ პეტრე მამრაძე და ბეწვზე გადაურჩა ჯონდი ბაღათურია. ვინც ფიქრობს, რომ ბობოხიძე ბაღათურიას და სულეიმანოვის გაშველებას ცდილობდა, ძალიან ცდება. თუ კადრებს კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ მან მუშტი დასარტყმელად რამდენჯერმე გაამზადა. დარტყმა რატომ გადაიფიქრა, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, იწევდა და სულეიმანოვიც მისმა ადგილდან წამოხტომამ და ბაღათურიასკენ გაქაჩვამ შეაგულინა, თორემ მანამდე შორიდან ყვიროდა რაღაცეებს.

მოკლედ, ხელისუფლებას ყავს მოჩხუბარი ბობოხიძე და მას ყველაფერი გასდის. ხალხი უკვე მის შეჩერებას ითხოვს. ასეთი კი ოპოზიცაში ჯერ არავინ ჩანს! ჩემს მიერ ნახსნები ქალი ბოლოს ბობოქრობდა: რა ხდება, საქართველოში კაცები გადაშენდნენო?! საინტერესოა, ქართულ პოლიტიკაში მოიძებნება ვინმე ისეთი, ვინც ბობოხიძეს შეაჩერებს? საპარლამენტო ოპოზიციიდან ვინმე გეგულებათ ამის გამკეთებელი? ჯონდი? მას იმ დღეს საამისო არაფერი ეტყობოდა. ცაგარეიშვილი? ბობოხიძესთან შედარებით, ნამეტანი ჩიად გამოიყურება. გაბარიტებით გიორგი ახვლედიანი წავიდოდა, მაგრამ ისეთი ბუნჩულაა, საეჭვოა როდესმე საჩხუბრად გაიწიოს. არა, პარლამენტში ბობოხიძისთვის ჭკუის მსწავლებელი არავინ მეგუელება. ერთი პეტრე ცისკარისვილი დადიოდა კასტეტით და ისიც მაგათიანია.

პარლამენტს გარეთ? ნუ, ახლა, კუკავა ბრდღვნად არ ეყოფა. დავითაშვილს ხელს ღიპი შეუშლის. ალასანია და უსუფაშვილი ნამეტანი ჰალსტუხიანები არიან და ამ საქმეში არ გამოდგებიან. გუბაზი დიდი კია და ბევრსაც იქადნება ხოლმე, მაგრამ ჩხუბში მოქნილობაც ხომ საჭიროა. ოპოზიციაში ჩხუბისთავი ერთი კოკა გუნცაძე და გაჩეჩილაძე იყვნენ, მაგრამ მათაც არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლეს. ვა, ნუთუ არავინაა აქეთ მხარეს ბობოხიძის მომრევი?! იქნებ, თქვენ დამეხმაროთ. წამოაყენეთ კანდიდატურები: დღეს ოპოზციის მთავარი გამოწვევა ასეთია: ვინ შეაჩერებს მრისხანე კაკოს!

იხილეთ ვიდეო: ჩხუბი პარლამენტში - ბაღათურიასა და სულეიმანოვის დაპირისპირებაში ბობოხიძე და თარგამაძეც ჩაერივნენ