ვის აქვს ექსპორტი ჩვენისთანა - კვირის პალიტრა

ვის აქვს ექსპორტი ჩვენისთანა

რის ექსპორტს აღარ აწარმოებენ ქვეყნები, ზღვის პროდუქტებით დაწყებული და იარაღით დამთავრებული, ამერიკა, მაგალითად დემოკრატიის ექსპორტითაცაა დაკავებული, მაგრამ პოლიციის შენობების ექსპორტი, ვეჭვობ, მსოფლიოში ვინმეს აზრად მოსვლოდეს. სამაგიეროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამჭვირვალე შუშის პოლიციის შენობების ექსპორტის განხორციელებას მინიმუმ 5 ქვეყანაში აპირებს , - ამის შესახებ მერაბიშვილმა პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში კრიმინალი შემცირდა, მას და მის მოადგილეებს უფრო მეტი თავისუფალი დრო დარჩათ და საქართველოს რეკლამირებით არიან დაკავებულები.

შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, უკვე არის შეთანხმება ლიტვის მერიასა და თბილისის მერიას შორის, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, რომ ლიტვაში შერჩეულ ადგილას გაკეთდეს თბილისის სკვერი, სადაც დაიდგმება ქართული პოლიციის გამჭვირვალე შენობა. "ეს იქნება ქართული რეფორმის პირველი ექსპორტი, ქართული პოლიციის შენობა დაიდგმება ლიტვაში", – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთანაც და მინიმუმ 5 ქვეყანაში იგეგმება, მოხდეს გამჭვირვალე შენობების ექსპორტი. მინისტრის თქმით, სურვილის შემთხვევაში საქართველო მზად არის რუსეთსაც დაეხმაროს.

ახლა მითხარით, განა, სხვა რომელიმე ქვეყანას აქვს ექსპორტი ჩვენისთანა? ადრე ჩვენი მთავარი საექსპორტო საქონელი იყო ჯართი, მაგრამ ახლა ჯართი ვიღას ახსოვს?! ახლა ჩვენი მთავარი საექსპორტო საქონელი ოფიციალურად გახდა ავტომობილები, არადა, თავად ავტომობილებს არ ვაწარმოებთ; ამასთანავე ვაპირებთ საზღვარგარეთ გავყიდოთ რეფორმები, არადა, თავადაც უამრავი რეფორმა გვაქვს გასატარებელი.  ახლა კი ირკვევა, რომ ასევე ჩვენი საექსპორტო საქონელი იქნება პოლიციის შენობები. სტატისტიკის წარმოება იქნება საინტერესო; პრეზიდენტს რომ მოახსნებენ:  - ამ თვეში საზღვარგარეთ გავიტანეთ და წარმატებით გავყიდეთ პოლიციის ათი შენობა, მომავალ თვეში გავყიდით ოცს!

მსოფლიოში არნახულად იზრდება მოთხოვნა პოლიციის ქართულ შენობებზე! უკვე ბრაზილიიდანაც კი გვიკვეთავენ. მათთვის ქართველი არქიტექტორები აპირებენ შეიმუშაონ პოლიციის გამჭვირვალე შენობა, რომელიც დამნაშავის ყოველი აღარებითი ჩვენების შემდეგ სამბას იცეკვებს!

დაბოლოს, გვყავს პრეზიენტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საკუთარი გენიტალიების უცხო ქვეყანაში გატანით აპირებს.