ერთი კარგი და ბევრი ცუდი ამბავი - კვირის პალიტრა

ერთი კარგი და ბევრი ცუდი ამბავი

ერთი კარგი ამბავი მაქვს და ბევრი ცუდი. კარგით დავიწყებ: "მაესტრომ" ახალი პროექტი გააკეთა, "კვირის აზრი", სადაც, მონაწილეობას მეც ვიღებ. იმედია, არ მკითხავთ ეგ კარგი ამბავი რატომააო. ახლა რაც შეეხება ცუდ ამბებს: ვფიქრობ, დრამატულად მოგაწოდოთ, თუ ისე რა დრამატულად. ნუ, დრამატულად ასე იქნება: ქვეყანა თავზე გვენგრევა, ხალხნო! სამშობლოს, გვართმევენ, ურჯულოები, სარმწუნოებას გვიგინებენ და ა. შ. მაგრამ, მოდით ასეთი რაღაცეები პროფესიით პატრიოტებს დავუტოვოთ, რომლებიც ისედაც არ გვაკლია.

ჩვენ უბრალოდ ირგვლივ მიმოვიხედოთ და რას დავინახავთ? დავინახავთ, ქვეყანას, რომელიც განვითარების რაღაც ეტაპზე გაიჭედა და ახლა წრეზე ტრიალებს. ეს ტრიალი უკვე იმდენ ხანს გრძელდება, რომ ყველას თავბრუ დაგვეხვა და გულიც გვერევა, ადრე, როდესაც ასეთი რამ დაგვემართა, გავაჩერეთ და ჩავედით.

მაშინ შორეულ 2003 წელში მთლი მსოფლიო ჩვენ გვიყურებდა, აბა რას იზამენო. ჩვენ კი რა ვქენით? ახალ წრეზე წავედით, ციყვივით ახალ ბორბალში შევხტით და ისევ ვატრიალებთ და ვატრიალებთ.  თან ჩვენი წინმავალი ციყვი ისეთი მოუღალავი და მარდია, იმდენი ენერგია აქვს, როდის გაჩერდება, კაცმა არ იცის. ან გაჩერდება კი საერთოდ? მხოლოდ იმას გაიძახის კიდევ მაცალეთ, კიდევ მაცალეთო. წინა დღეს მოითხოვა 2, 3, 4 წელი მაცალეთო. ან ორი ეთქვა ან სამი, ან ოთხი? არა, ორიდან დაიწყო და ოთხამდე ავიდა. თქვენ გგონიათ ოთხი წლის შემდეგ დაიღლება და გაჩერდება? ვისაც ამის გჯერათ მზად ვარ გაგატაროთ.

ჩვენი წინმავალი ციყვი ისეთ ენერგიაზეა, თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნაო, ის ერთდორულად ყველგან მყოფია და ბორბალსაც ყველას მაგივრად ატრიალებს.  მას ჩვენი ქვეყნა საკუთარი სახლი გონია, რომელსაც თავისი გემოვნების მიხედვით აწყობს.  მოდით,  აქ მოვაშენოთ ლოჯია. აქ დავდგათ "დესაო", რაღა დროს "გორკა" და "სტენკაა", სამზარეულო გადავიტანოთ საძინებელში, საძინებელი სამზარეულოში, არა იქნებ ლოჯში ჯობდეს და ა. შ. რემონტი მოგეხსენებათ ზოგჯერ დაუსრულებელი პროცესია. ერთს გააკეთებ, არ მოგწონს, გინდა ისევ გადააკეთო. ჰოდა, აბა როგორ გაჩერდები? თან მით უმეტეს, თუ არ გამოგდის ეს ოხერი რემონტი, თუ შენს გარდა არავის მოსწონს, როგორ გინდა გაჩერდე? მერე თავში ათასი გიჟური იდეა მოგდის. შეიძლება საძინებელში შადრევანის გაკეთებაც გადაწყვიტო, სამზარეულოში სოლარიუმი მოაწყო და თქვა, რომ სამზარეულო კი არა კანარის კუნძულებია. ან ტუალეტში დაკიდებული ბაღები გააშენო და თქვა რომ ახალი ბაბილონია.  იქნებ მეზობლები გააოცო და ამით მაინც მოაწონო ვინმეს შენი რემონტი. მოკლედ გიჟურ იდეებს რა გამოლევს.

მერე ერთგვარი კომპლექსი გიჩნდება. რაც მეტს დაგცინიან, უფრო უარესს აკეთებ, რათა დაამტკიცო, რომ ადრეც სწორად იქცეოდი და ვიღაც-ვიღაცეების აზრები სულ არ გაინტერესებს. საბოლოოდ ამან შეიძლება იქამდე მიგიყვანოს, რომ საკუთარი იდეების მძევლად იქცე. ჩემი აზრით, სწორედ ასე მივიღეთ პრეზიდენტი, რომელსაც ბათუმი ხან ბარსელონა გონია და ხან დუბაი, ანაკლია ნიცა და ნიცაზე უკეთესი, მივიღეთ პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია თქვას, როდესაც მოვკვდები ჩემი ფერფლი ანაკლაის მოაბნიეთო, რომელსაც შეუძლია პარლამენტი თბილისიდან ქუთაისში გადაიტანოს და მერე თბილისელები დაამშვიდოს სიტყვებით: თბილისი მარტო საქართველოს კი არა სომხეთის და აზებაიჯანის დედაქალაქიცააო. მას შეუძლია თქვას, რომ წყალტუბო ევროპაში ყველაზე მაგარი ადგილი იქნება, რომ უახლოეს ხანში დაიწყება გვირაბის მშენებლობა და ქუთაისიდან მესტიაში 15 წუთში ჩავალთ, რომ საქართველო იმ მდგომარეობამდე უნდა მივიდეს, ნატო და ევროკავშირი გაერთიანებას იქით შეეხვეწოს, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ოცდამეთოთხმეტე სართულზე ეშმაკის ბორბალი იქნება, რომ იგი ემზადება ტრაქტორისტობისთვის და ბულდოზეროსნობისთვის. დიახ, დიახ ბულდოზეროსნობისთვის , ასე თქვა და ეს ყველაფერი მხოლოდ ამ კვირაში. თუმცა ჯერ სადა ხართ. კინო ალბათ აწი დაიწყება და არც მე მოვიწყენ და არც თქვენ.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა: ამ ჩვენს ბორბალში ისეთი ციყვებიც არიან, რომლებიც ბორბლის საწინააღმდეგო მიმართულებით დატრიალებას ცდილობენ. მათ ახლა ახალი წინამძღოლი ყავთ, ვისაც ბევრი თხილი აქვს და დიდ იმედებს იძლევა. იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა.