27 მაისზე მნიშვნელოვანი - კვირის პალიტრა

27 მაისზე მნიშვნელოვანი

27 მაისის აქცია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ის მაინც ვერ შეედრება მნიშვნელობით 7 ივნისს გასამართს. 27 მაისს აქციაზე, რა თქმა უნდა, გვაჩვენეს, რომ ქართველებს მარტო პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით არ შეუძლიათ ქუჩაში გამოსვლა, რა თქმა უდნა, ჩვენ პირველად ვნახეთ ოპოზიციის მხირდან არჩვნებამდე ხუთი თვით ადრე ასე მასშტაბურად დაწყებული საარჩევნო კამპანია, რა თქმა უნდა, ამ აქციის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ფრთხილი ოპტიმიზმით ვთქვათ, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა გაიზარდა და ა. შ. მოკლედ, ბევრი რამით იყო მნიშვნელოვანი ეს აქცია, თუმცა ამავე დროს, თავისუფლად შეგვიძლია დავეთანხმოთ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ამბობდნენ, რომ არაფერი განსაკუთრებული მათ იმ აქციაზე არ უნახავთ. გააჩნია, საიდან შევხედავთ. თუ მთავარ საკითხად საპროტესტოდ გამოსული ხალხის რაოდნებას ავიღებთ, ახალი და მოულოდნელი აქ მართლაც არაფერი იყო. თბილისში რომ ოპოზიციას ათეულ ათასობით და თუდნაც ასი ათასი ადმიანის გამოყვანა არ უჭირს, ეს უკვე ბევრჯერ დადასტურდა. სწორედ ამის გამო გაიძახის ოპოზიცია, სააკაშვილს თბილისი არ უყვარსო. სწორედ ამიტომ გაიძახის ოპოზიცია, სააკაშვილმა პარლამენტი ქუთაისში სპეცილაურად გადაიტანაო და ა. შ. ბოლოს და ბოლოს თბილისი ოპოზიციამ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც მოიგო, მართალია, ამის შემდეგ ორჯერ წააგო, მაგრამ 27-ში ქუჩაში თუნდაც 100 ათასი კაცის გამოსვლას მე სიურპრიზს ვერ დავარქმევ. რა თქმა უნდა, თბილისში გრანდიოზული აქცია ხელისუფლებას შოკში ვერაფრით ჩააგდებდა.

სულ სხვა საქმეა 7 ივნისი და ქუთაისი. მოგეხსენებათ, "ქართულმა ოცნებამ" შემდეგი აქცია სწორედ ქუთაისში დაგეგმა; იმ ქალაქში, რომელიც წინა კვირას სააკაშვილმა პრაქტიკულად ახალ დედაქალაქად გამოაცხადა. ქუთაისი დღეს მისი ახალი  დასაყრდენია, ბათუმთან ერთად, რა თქმა უნდა, თუმცა ბათუმი უკვე ძველია, ქუთაისი კი სულ ცინცხალი, ბათუმს ის დიდი ხანია ელოლიავება, ქუთაისისკენ კი სულ ახლახანს შემობრუნდა. ჯერ ცენტრი გაარემონტა, შემდეგ იქ პარლამენტი გადაიტანა, მთავრობის სახლიც ააშენა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნელ-ნელა ქუთაისში იპარება. სწორედ ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორი იქნება "ქართული ოცნების"აქცია ქუთაისში, რამდენ ხალხს მოაგროვებენ. აი, ქუთაისის აქცია კი მართლაც შეიძლება გარდამტეხი გამოდგეს. არ ვიცი, ზუსტად რომელ ადგილზე აპირებენ აქციის გამართვას, მაგრამ მე მათ ადგილას, აქციას სწორედ ახალი პარლამენტის შენობის წინ დავგეგმავდი. ამ პარლამენტში უკვე ჩატარდა პირველი სხდომა, ახლა დროა, მის წინ პირველი აქცია გაიმართოს. ხომ ამბობენ, სააკაშვილმა პარლამენტი ქუთაისში იმიტომ გადაიტანა, რომ აქ, თბილისში საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია აქციების ადგილად იყო ქცეულიო, ჰოდა, დროა ახალი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაც მოსინჯოს. აი, თუ "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და ქუთაისშიც იმდენი ხალხი გამოიყვანა, რამდენიც თბილისში (რა თქმა უდნა, მთელი იმერეთის მოსახლეობის გათვალსიწინებით), უკვე შეგვეძლება სიტუაციის გარდატეხაზე საუბარი. მოკლედ, მთავარი ბრძოლის ველი ქუთაისია. ახლა მთავარი კითხვა ასეთია: ჩააბარებს ქუთაისურ გამოცდას "ქართული ოცნება"?