პენსიონერებზე მზრუნველი პრეზიდენტი - კვირის პალიტრა

პენსიონერებზე მზრუნველი პრეზიდენტი

ყოველ თვე მიწევს პენსიონერებთან ერთად პენსიის რიგში დგომა. მამაჩემის პენსიას ვიღებ ხოლმე. თავად მისვლა არ შეუძლია. ამიტომ კარგად ვიცი, ეს რა ტანჯვაცაა. ბანკი პენსიას ყოველი თვის 15 რიცხვიდან გასცემს. თუ იმ დღეს მიხვედი, მინიმუმ სამი საათი დაკარგული გაქვს.

"ლიბერთი ბანკის"  გლდანის ფილიალი ისე ივსება, რომ პენსიონერები იქ ვეღარ ეტევიან, ამიტომ დაცვა კარს კეტავს და პენისონერების ნაწილს ქუჩაში უწევს რიგის გაკეთება. თუ ზამთარია, ალბათ წარმოგიდგენიათ, ყინვაში გარეთ  საათობით დაყუდებული პენსიონერის ბედი. თუ ზაფხულია და ცხელა, არც შიგნით მყოფებს ადგათ კარგი დღე და არც გარეთ მყოფებს. შიგნით სუნთქვა ჭირს, გარეთ მზე გხრუკავს. ვისაც ამის საშუალებას ფინანსები აძლევს, პენსიის გაცემის დაწყებიდან რამდენიმე დღე ბანკში არ მიდის, მერე უფრო ცოტა ხალხია ხოლმე, თუმცა პირველ დღეებში ბანკის ფილიალებში ხალხის რაოდენობა მოწმობს, რომ პენსიონერთა დიდ ნაწილს არ შეუძლია რამდენიმე დღე მოთმენა და ცდილობს პენსია პირველივე დღეს აიღოს.

სიცხეს და სიცივეს რომ თავი დავანებოთ, ცალკე პრობლემაა ამ მოხუცი ხალხის რამდენიმე საათი ფეხზე დგომა, ზოგი ცუდად ხდება, ზოგს ნერვები არ ყოფნის და ჩხუბს იწყებს. ჯერ არ მახსოვს პენსიის რიგი, რომელსაც ჩხუბის გარეშე ჩაევლოს. ასევე არ მახსოვს პენსიის რიგი, როდესაც ბანკის კომპიუტერულ პროგრამას არ გაეჭედოს და ისედაც ნერვებმოშლილი პენსიონრებისთვის ნერვები კიდევ უფრო არ დაეწყვიტოს. პროგრამის გათიშვა ხომ დამატებით დაკარგულ ნახევარ საათს მაინც ნიშნავს. მოკლედ, პენსიის აღება ერთი დიდი ტანჯვაა. ყოველთვის ვცდილობ, მამაჩემის პენსია პირველ დღეებში არ ავიღო, მაგრამ ზოგჯერ მეც ისე მჭირდება ხოლმე ის ასი ლარი, რომ მისვლა მიწევს და მუდამ ასეთ სურათს ვაწყდები, როგორიც ზემოთ აღგიწერეთ.

პენსიის რიგში დამდგარს კი, ყოველთვის სააკაშვილის ბიოგრაფიის ერთი ეპიზოდი მახსენდებოდა ხოლმე: ალბათ 2004 წელი იდგა, ყოველ შემთხვევისთვის, სააკაშვილი პრეზიდენტად ახალი არჩეული იყო, პენსიას რამდენიმე ლარი მოემატა და პრეზიდენტიც ამ ამბის გასაპიარებლად, მაშინ ჯერ კიდევ "სახალოხ ბანკის" ერთ-ერთ ფილიალს ესტუმრა. იქ კი, ტრადიციისამებრ, უზარმაზარი რიგი დახვდა. ამის დანახვაზე სააკაშვილი გაბრაზდა. ატეხა ყვირილი: ეს რა არის, მოხუცებს რიგში როგორ აყენებთო, თუ ამას არ გამოასწორებთ, "სახალხო ბანკს" ჩამოვართმევთ პენსიების დარიგების უფლებასო. ისეთი აღშფოთებული იყო, ვიფიქრე, ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება-მეთქი, თუცმა, როგორც გითხარით, მას შემდეგ რვა წელი გავიდა და დღემდე მიწევს სამსაათიან რიგებში დგომა. როგორც უმეტეს შემთხვევაში, სააკაშვილის ის აღშფოთება ჩვეულებრივი პიარ-ტრიუკი არმოჩნდა, რადგან იმის მერე არც დაინტერესებულა, გამოსწორდა, თუ არა მდგომარეობა.

და აი, ამ ამბებიდან რვა წლის თავზე პრეზიდენტს, როგორც იქნა პენსიონერების რიგში ტანჯვა ისევ გაახსენდა. ტელევიზიებით ყველამ ვნახეთ "ლიბერთი ბანკის" ბათუმის ოფისში ხალხის გაჭირვებით შეწუხებული სააკაშვილი, რომელიც ფილიალის უფროსს სულ თითის ქნევით ელაპარაკა. როგორ ბედავთ, რომ მოხუცები ასეთ სიცხეში ამხელა რიგში ჩაგიყენებიათ? თქვენ აქ კონდიციონერის ქვეშ გრილდებით, ესენი კი სიცხეში იხუთებიან, აღარ ვნახო რიგები თქვენს ოფისებში, თორემ პენსიების დარუგების უფლებას ჩამოგართმევთო. დაახლოებით ეს იყო მთელი მისი საუბრის შინაარსი, თუმცა ამას საუაბრი მხოლოდ პირბითად შეიძლება ვუწოდოთ. ეს უფრო ჩხუბი იყო. მისი ეს აღშფოთება ისე გაჭრილი ვაშლივით გავდა მის რვა წლისწინადელ აღშფოთებას, რომ მეგონა დეჟავუ დამემართა. სიტყვებსაც კი იმავეს იმეორებდა. ბანკს ისევ პენსიების დარგიების უფლების ჩამორთმევით ემუქრებოდა. პენსიონერები კი მას გულისმხიერებსითვის მადლობას უხდიდნენ.