როგორ გამომყვა ასლან აბაშიძე თბილისში - კვირის პალიტრა

როგორ გამომყვა ასლან აბაშიძე თბილისში

დღეს ვაპირებ მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ გამომყვა ასლან აბაშიძე თბილისში. გიკვირთ? ახლავე მოგახსნებთ. ბათუმელი ვარ. ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. ამ ქალაქში ცხოვრებამ ორ ეპოქაში მომიწია, კომუნისტების და ასლან აბაშიძის.

პირველი ყველგან ერთნაირი იყო და ამიტომ მასზე აღარ შევჩერდები. რაც შეეხება აბაშიძის ეპოქას, თუ იმ დროს აჭარაში არ ცხოვრობდით, შანსი არაა, მიხვდეთ ეს რას ნიშნავს. ამიტომ შევეცდები აღგიწეროთ. წამოიდგინეთ პროვინცია, სადაც ყველაფერს ერთი კაცი განაგებს, ის წყვეტს ყვლა საკითხს, მათ შორის როგორი კოსტუმი ეცმევა ოპერის მომღერალს, სადაც ვერცერთი ბიზნესმენი ვერ გაიჭაჭანებს, თუ მმართველთან არ არის დაახლოებული, ან მისი კლანის წევრი არაა. სადაც უკვე ზედიზედ რამდნეიმე წლის განმავლობაში ეს კაცი და მისი კონტროლის ქვეშ არსებული ტელევიზია ყოველ დღე გიმეორებს, რომ მან სამოქალქო ომის დროს მოახერხა და აჭარას მშვიდობა შეუნარჩუნა და ამის გამო მისი მადლიერები უდნა ვიყოთ უკუნითი უკუნისამდე. ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს გიჩვენებენ ფილმს სახელწოდებით: "რას გადაურჩა აჭარა". ის ვინც მას თვალში არ მოუვიდა, უკვე ციხეში ზის და ახლა მასზე იღებენ ახალ ფილმს "რას გადაურჩა აჭარა -2", სადაც მოთხრობილია, როგორ ცდილობდა ეს ადამიანი პროვინციის მშვიდი ცხოვრების დარღვევას და შეიარაღებული გადატრიალების მოწყობას. მმართველი და მისი კონტროლის ქვეშ არსებული ტელევიზია სულ უფრო ხშირად და ინტენსიურად ცდილობს, მტრის ხატი უკვე პროვინციის გარეთაც შექმნას. საამისოდ საუკეთესო კანდიდატურა ცენტრალური ხელისუფლებაა, რომელიც მმართველის მტკიცებით, მის დამხობას  და აჭარის დამონებას ცდილობს. ამიტომ ყველას, ვინც ოფიციალურ თბილსთან კავშირშია შემჩენული, უთვალთვალებენ, ეჭვის თვალით უყურებენ. პარალელურად, პროვინციის მმართველი ახერხებს თავისკენ მიიმხროს თბილისში არსებული რეჟიმით უკმაყოფილო ინტელიგენცია. ისინი ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს პროვინციის მთავარი ტელევიზიით გამოდიან და პროვინციაში მიმდინარე აღმშენებლობით პროცესებზე საუბრობენ.

გვეუბნებიან, რომ აჭარას ვეღარ ცნობენ, რომ  რამდენიმე წლის წინ აჭარა ისეთივე დანგრეული იყო, როგორც დანარჩენი საქართველო, მაგრამ ახლა აქ ყველაფერი იცვლება, ისინი ხედავენ, როგორ მშვენდება და ვითარდება აჭარა. მართალია, ჩვენ პროვინციის მაცხოვრებლები ამას ვერ ვგრძნობთ და ისევე ვიხრჩობით სიღარიბეში, როგორც დანარჩენი საქართველო, მაგრამ ჩვენი მმართველი და მისი სტუმრები საწინაარმდეგოს გვიმტკიცებენ, მარტო სიტყვით კი არა, კადრებითაც. ყოველ დღე გვაჩვნებენ ტელევიზიით სხავდსხვა ობიექტებს, სადაც გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს, გვაჩვენებენ, მმართველი პირადად როგორ ამოწმებს სამუშაოების მიმდინარეობას, როგორ იწონებს, ან იწუნებს სხვადასხვა არქიტექტურულ პროექტებს, ტელევიზიით გვიყვებიან, როგორ აშენდა აჭარაში საქართველოს მასშტაბით ყველაზე გრძელი ხიდი. შემდეგ საქართვლეოს მასშტაბი უკვე აღარ აკმაყოფილებთ და გვიყვებიან, რომ ჩვენი საჩოგბურთო კორტები, რომელიც მმართველმა გაარემონტა, ევროპაში საუკეთესოა, ასევე საუკეთესოა და უნიკლაური ბათუმის სტადიონიც, რომელსაც კარგ რემონტთან ერთად, თურმე, მსოფლიოში უნიკლაური მდებარეობაც აქვს და აუცილებლად პოულობენ რამდენიმე თბილისელს და ზოგჯერ უცხოელსაც, რომლებიც იგივეს ადასტურებენ.

ასვე შენდება ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღი, რომელიც ჩვენი მმართველის განსაკუთრებულ სიამაყეს წარმოადგენს და ყოველდღე, ბუნებრივია, კამერების თანხლებით პირადად ამოწმებს მის მშენებლობას. მმართველი და მისი ტელევიზია გვიყვებიან იმ ახალი საწარმეობის შესახებ, რომლებიც აჭარაში იხსნება. მათ შორის გამორჩეული და საამაყო "აღორძიენბა M" და "აღორძინება N", რომელთაგან  ერთი კატარღებს უშვებს, მეორე უნიკალურ და განუმეორებელ სამშენებლო მასალებს. მმართველს რამდნეიმე საამაყო ობიექტი აქვს, სადაც ჩამოსული სტუმრები ყოველთვის მიჰყავს. სტუმრებიც აღფრთოვანბებულნი არიან კორტებით თუ საბავშვო ბაღით, უნივერსიტეტის გარემონტებული კორპუსით თუ ჰოლანდიური მეწველი თხებით. ბუნებრივია, მმართველი ყურადღებას არც ხალხს აკლებს და მათ ყოველ კვირა ესაუბრება ტელევიზიით. იგი ყოველ კვირა ყვება, იმ აღმშენებლობითი პროცესების შესახებ, იმ პროგრესის  შესახებ, რომელიც პროვინციაში შეინიშნება. ბუნებრივია, არ ავიწყდება ისაუბროს მტრების შესახებაც, რომლებიც პროვინციის ფარგლებს გარეთ თბილისში მოკალათებულან და ყველანაირი მეთოდებით ცდილობენ მისთვის ხელის შეშლას და ძირის გამოთხრას.

მოსყიდული ყავთ ჟურნალისტები, რომლებსაც მის წინააღმდეგ შეკვეთილ ბინძურ სტატიებს აწერინებენ, მოკლედ მის გასაშავებლად ფული არ ენანებათ, არ აძლევენ გასაქანს, თორემ რომ არა ბოროტი ცენტრალური ხელისუფლება, იგი აჭარას კიდევ უფრო ააყვავბედა. მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ტელევიზია ყოველ დღე გვაჩვენებს კმაყოფილ მოქლაქეებს, რომლებიც აბაშიძეს მადლობას უხდიან. ჯერ მშვიდობის შენარჩუნებისთვის, მერე აღმშენებელობისთვის. მართალია, ჩემს ირგვლივ ამ წინსვლას საკუთარ თავზე ვერავინ გრძნობს, მაგრამ მმართველის მიერ მოხმობილი ციფრები და ტელეეკრანზე ნაჩვენები კადრები საწინააღმდეგოს ღაღადებენ. მერე ამ წინსვლას არამარტო კეთილი თბილისელები, არამედ კეთილი ევროპელებიც ხედავენ და აჭარა ევროპის რეგიონთა ასამბლეაში წევრიანდება (მგონი ასე ერქვა), შემოკლებით ერა. ერა-ში გაწვრიანება საერთო-სახალხო ზეიმია. ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი რეგიონი ვართ, რომელსაც ევროპამ ასეთი ნდობა გამოუცხადა.  რეგიონში არის ერთი დამოუკიდებელი ტელევიზია, რომელსაც ხელისუფლება ყველანაირი მეთოდებით ებრძვის და ცდილობს, ან დახუროს, ან მფლობელებს წაართვას, თუმცა ამ ტელევიზიის გავრცელების არეალი ისე მცირეა, მის დასახურად დიდ ძალსიხმევას არც მიმართავს, სამაგიეროდ დემორკატიის ფასადის შესაქმენ;ლად კარგი მასალაა. დამოუკიდებელი ჟურნალსიტები მუდმივად დევნას და ზეწოლას განიცდიან.

აი, სწორედ ასეთ ვითარებაში, თბილისში გადმოვდივარ, სადაც მართალია, გაჭირვებაა, კორუფციაა, უშუქობაა, მაგრამ თავისუფლების ხარისხით, აჭარასთან შედარებით, ნამდვილი სამოთხეა. მერე ხდება ვარდების რევოლუცია, რომელსაც მთელი გულით ვგულშემატკივრობ, მერე აჭარის რევოლუცია, რომელსაც მთელი არსებით ვგულშემატკივრობ და მიჩნდება იმედი, რომ აწი მე უფრო დემორკატიულ და განვითარებულ ქვეყანაში ვიცხოვრებ, რომ აბაშიძეს აღარასოდეს ვნახავ... თუმცა, გადის დრო და ერთ მშვენიერ დღეს მიჩნდება განცდა, რომ აბაშიძე მოსკოვში კი არ გაიქცა, არამედ მთელი თავისი მარაზმით უკან გამომყვა და ახლა უკვე მთელ ქვეყანას მართავს. თუ აჭარაში მას ერთი პროპაგანდისტული არხი ჰქონდა აჭარის ტელევიზიის სახით, ახლა უკვე ასეთი შვიდი აქვს. და შვიდივე ზუსტად იმას აკეთებს, რასაც თავის დროზე აჭ-ტი-ვი აკეთებდა. თუ ასლან ბაბუს დროინდელი აჭარის ტელევიზიის სიუჟეტებს ამოიღებთ და ამავე ტელვიზიის დღევანდელ ეთერს შეადარებთ, ნახვათ, რომ თითქმის არაფერი შეცვლილა, უბრალოდ გვარი აბაშიძე, სააკაშვილმა ჩაანაცვლა, კორტები - პიაცამ, უნივერსიტეტი - ახალმა ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა, რომლის 37-სართულზეც ეშმაკის ბორბალი იქნება, აღორძინება ემი - სასტრუმროებმა, ხოლო ჰოლანდიური მეწველი თხები... ჰო, აი, კინაღამ უსამრთლობა ჩავიდინე. სააკაშვილი აბაშიძისგან ამით ნამდვილად განსხვავდება. თხები და ძაღლები არ უყვარს. და კიდევ: დღეს ბათუმი გაცილებით ლამაზია.