მოძალადენი და დაბეჩავებულნი - კვირის პალიტრა

მოძალადენი და დაბეჩავებულნი

თქვენი არ ვიცი და პირადად მე ზუსტად ვიცოდი, რომ სააკაშვილი როზა წყაბელიას ინციდენტს უყურადღებოდ არ დატოვებდა. მოვლენების ზუსტად ასეთ განვითარებას მოითხოვდა იმ პიარ-ტექონოლოგიის ლოგიკა, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი.

როდესაც მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა კადრებმა, სადაც ასახულია, როგორ მიდის სოციალურად დაუცველ როზა წყაბელიასთან, რომელიც წალენჯიხის რაიონის სოფელ ცაიშში ჟურნალსიტებს ინტერვიუს აძლევს და საკუთარ გაჭირვებაზე უყვება, ჯერ ერთი ახალგაზრდა, რომელიც ხელს კრავს, მერე მას სხვები ეხმარებიან და გაურკვევლი მიმართულებით მიათრევენ, ხოლო ქალს ვერავინ ეხმარება და ის საბოლოოდ ტერიტორიიდან გაყავთ, მაშინვე ვიფიქრე, რადგან უკვე კადრები არსებობს, ხელისუფლება ალბათ ძალადობის უშუალო მონაწილეებს საჩვენებლად დასჯის, შემდეგ კი პრეზიდენტი გამოვა და მკაცრად გაკიცხავს მოძალადეებს-მეთქი. თუმცა, პრეზიდენტმა მაინც მაჯობა. მან ეს ყველაფერიც გააკეთა და პლიუს თავად ეახლა ქალბატონ როზას და გულში ჩაიკრა. აქამდე ჩემი ფანტაზია არ წასულა.

ქალბატონ როზაზე ძალადობა ჩართული კამერების წინ, ჟურნალსიტების თანდასწრებით განხორციელდა, თუმცა ბუნებრივია, არა იმის გამო, რომ იგი თავის გაჭირვებაზე ჟურნალისტებს უყვებოდა. ამ სოფელში პრეზიდენტს ელოდებოდნენ და ამ ადამიანებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ეს ქალბატონი მასთან მისვლას და თავისი გაჭირვების შესახებ მოყოლას შეეცდებოდა. ამიტომ ჩქარობენ ეს ტიპები მისი ტერიტორიიდან გაყვანას და სწორედ ამიტომ არ ერიდებიან ჟურნალისტებს.

ამ კადრების ნახვის შემდეგ, როდესაც აღშფოთება გაგივლის და ყველაფერს ცივი გონებით გააანალიზებ, პირველი რა კითხვაც გიჩნდება ასეთია: პრეზიდენტის სხვა რეგიონებში ვიზიტის დროსაც ასე ხომ არ ასუფთავებენ ტერიტორიას გაჭირვებული ადამიანებისგან? ამ მომენტში გაგვიმართლა და ეს ყველაფერი კამერებმა გადაიღო, მაგრამ სხვაგან, სადაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები ვერ მიდან, იქ რა ხდება? ახლა ხომ გასაგებია, რატომ ხვდებიან პრეზიდენტს სხვადასხვა რეგიონში მხოლოდ კმაყოფილი და მადლიერი ადამიანები. არადა, სულ მიკვირდა, ეს სოფლის მოსახლეობა რომ გარს ეხვევა, ნუთუ ერთი აღშფოთებული და ხელისუფლებაზე გამწარებული არ გამოერია-მეთქი!

ეს კითხვები და მოსაზრებები ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა, როდესაც უკვე მოძალადეებს აკავებენ და თხუთმეტი დღით ციხეში სვამენ, ინიციდენტის შემსწრე პოლიციელს თანამდებობიდან ათავისუფლებენ, ხოლო პრეზიდენტი პირადად ჩადის ქალბატონ როზასთან ბოდიშის მოსახდელად. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ასეთი ძალადობა დავალებით კი არ ხდება, ეს ტენდენცია კი არ არის, არამედ გამონაკლისი, რომელზეც ხელისუფლებამ ასეთი მყისიერი რეაგირება მოახდინა, თუცმა ამ დროს ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთი ვიდეო ჩნდება, სადაც უკვე კახელი შვილმკვდარი ქალბატონი ყვება იმის შესახებ, თუ როგორ ჩაკეტეს უცნობმა ტიპებმა გამგეობის შენობაში, შემდეგ კი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენეს და ტერიტორიას გაარიდეს. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ იგი კახეთში ჩამოსულ პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებდა. შემდეგ გახსნდება რამდენიმე თვის წინ გასული რეპორტაჟი, სადაც ასევ გაჭირვებული ქალაბტონი უკვე პრეზიდენტის დაცვას ცემაში ადანაშაულებს და სრული უფლება გაქვს იფიქრო, რომ ეს ტენდენციაა და არა გამონაკლისი, რომ მოძალადე ხელისუფლება გყავს, რომ ყველა სოფელში, სადაც პრეზიდენტი ჩადის, სწორედ ასე ასუფთავებენ ტერიტორიას, რომ ყველა სოფელში, თუ ქალაქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიციამ კარგად იცის, ვინაა ხელისუფლების მომხრე და ვინ მოწინააღმდეგე.

მათ იციან, ვინ კმაყოფილია და ვინ უკმაყოფილო. მოკლედ, იციან, ვინ რითი სუნთქავს და ხალხსაც, ალბათ, ამის მიხედვით არჩევენ. თუ ვინმე მაინც მივიდა თავისი სურვილით, ალბათ სწორედ ასე გააათრევენ. უბრალოდ, სოფელ ცაიშში მათ ერთი იაღლიში მოუვიდათ: ფაქტი დატოვეს, ეს ყველაფერი კამერების წინ გააკეთეს, თუმცა სააკაშვილი სააკაშვილი არ იქნებოდა, ეს ყველაფერი თავის სასარგებლოდ რომ არ გამოეყენებინა და შეცდომა პიარსვლად არ ექცია.

ეს კადრები, რა თქმა უნდა, კარგად აჩვენებს ხელისუფლების სახეს, მაგრამ არანაკლებ კარგად საზოგადოების მდგომარეობაზეც მიგვითითებს. კადრებში კარგად ჩანს, რომ ორ ადამიანს, ვინც ქალბატონს მიათრევს, წინააღმდეგობას ვერავინ უწევს. არადა, ხალხი საკმაოდ ბევრია. რამდენიმე მათგანი აღშფოთებას მხოლოდ ვერბალურად გამოხატავს და სულ ესაა. ქალს კი მათ თვალწინ მიწაზე მიათრევენ. თუმცა, რა უნდა მოსთხოვო საზოგადოებას, ან ხელისუფლებას იმ ქვეყანაში, სადაც პედაგოგი, იმის შიშით, რომ სამსახურიდან გააგდებენ, ოპოზიციური პარტიის ლიდერს სახლში არ უშვებს. მერე ამ კახელმა პედაგოგმა პირდაპირ განუცხადა ჟურნალისტებს, ივანიშვილი რომ შემომეშვა, სამსახურიდან გამაგდებდნენ, აგერ მეორე სოფელში ერთი მასწავლებელი ქმრის პოლიტკური შეხედულებების გამო გაათავისუფლესო. ამ პედაგოგმა ბავშვებს რა უნდა ასწავლოს? ან ამ ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვო, რომელსაც ისე ყავს პედაგოგი დაბეჩავებული, რომ მას კარზე მომდგარი სტუმრის სახლში შეშვების ეშინია!

იხილეთ ვიდეო:

ცაიშში პრეზიდენტთან შეხვედრის მსურველი მოხუცი ქალი უცნობმა პირებმა იძულებით გაათრიეს

"მე ვიყავი, ვარ და ვიქნები გაჭირვებულების დამცველი" - პრეზიდენტმა როზა წყაბელია მოინახულა

პრეზიდენტის თელავში ვიზიტისას შვილმკვდარი დედა უცნობებმა ჩაკეტეს, შემდეგ კი გაიტაცე