ივანიშვილი შეცდომებს აგროვებს - კვირის პალიტრა

ივანიშვილი შეცდომებს აგროვებს

მიშაზე და მის შეცდომებზე ბევრს ვწერ, ამიტომ ახლა მინდა ივანიშვილზე  და მის შეცდომებზე მოგახსენოთ. ამ ბოლო დროს ბევრი დაუგროვდა. რითი დავიწყო? აჭარაში მაჟორიტარების სია აბაშიძის ყოფილი ჩინოვნიკებით რომ გაავსო, უკვე გითხარით. აგერ ახლა ნარკომანიც გამოავლინეს მათ რიგებში.

"ქართული ოცნების‘"  პრეს-სპიკერმა კი თავი იმით იმართლა, ხელისუფლების რიგებშიც ბევრი ნარკომანი იქნება, უბრალოდ არ ავლენენო. ერთ-ერთ მთავარ შეცდომაზე მათ სალომე ზურაბიშვილმაც მიუთითა, რომელმაც განაცხადა ემიგრანტებთან, "ოცნება" ძალიან ცუდად მუშაობს და მათი ხმები სად წავა, არავინ იცისო. ბიძინა ივანიშვილმა კი, ნინო ბურჯანაძეს არჩვენებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, საქებარი სიტყვები უძღვნა. თუმცა ქებაცაა და ქებაც: -"ამ განცხადებით ბურჯანაძემ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსი, მისი პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, პატრიოტული და ღირსეული" - განაცხადა "ოცნების" ლიდერმა. გასაგებია, რომ ივანიშვილს უნდოდა ბურჯანაძის ეს გადაწყვეტილება დაეფასებინა, მაგრამ ხომ შეეძლო თავის შეფასებებში უფრო მოკრძალებული ყოფილიყო. ეთქვა მაგალითად, რომ ბურჯანაძე სწორად და კარგად მოიქცა და ამით დაემთავრებინა? რა საჭირო იყო იმ ადამიანის პატრიოტიზმზე და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე საუბარი, ვინც რამდენიმე თვის წინ მოსკოვში პუტინს ეხუტებოდა? განა ძნელი გამოსაცნობი იყო, რომ ამის გამო ხელისუფლება ივანიშვილის წინააღმდეგ მორიგ პიარს ააგორებდა?

ან კიდევ ვერაფრით ვხვდები, რას ემსახურება რიხით გაკეთებული განცხადებები: -ჯარიმას არ გადავიხდიო და მერე სურვილის გამოთქმა, სტიქიით დაზარალებულებს მინდა დავეხმაროო და მაინც გადახდა. პირველად ამის გაკეთებას (80 მილიონის შემხვევაში) შეიძლება აზრი ქონდა, მაგრამ მეორეჯერაც რომ იგივეს აკეთებ, უკვე ხომ ყველაფერი იშიფრება? ახლა სასამართლომ ივანიშვილი 20 მილიონი ლარით, კახა კალაძე კი 17 მილიონით დააჯარიმა. ჯერ ორივე გამოვიდა და უკანონო ჯარიმას არ გადავიხდითო. რამდენიმე დღეში კი ივანიშვილმა ჩვენება შეცვალა: "სტიქიით დაზარალებულებისთვის თუ არ იქნება საკმარისი 80 მილიონი, 20 მილიონსაც გადავრიცხავ და კახი კალაძეც დავითანხმე, რომ თავის ჯარიმას გადარიცხავს, ოღონდ მიზნობრივად- ხალხს მისცენ ის, რაც დაკარგესო" - განაცხადა მთავარმა "მეოცნებემ". ვერ გავიგე, ჯარიმის გადახდის აღიარების რცხვენიათ? თუ მაინც იხდის, თქვას: - რა ვქნა, მოძალადე ხელისუფლებაა, უკანონო ჯარიმებს მარიცხავს, მაგრამ იმის გამო, რომ არ მსურს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, გადავიხდი ამ ჯარიმებს. იმედი მაქვს, ხალხს მაინც მოახმარენ. ასე არ აჯობებს, ჯერ მუქარას და მერე მაინც გადახდას? თან ერთი და იგივე ტრიუკის მეორეჯერ გამეორებით, საკუთარ თავსაც ხომ ყიდიან. თუ პირველ ჯერზე შეეძლოთ ემტკიცებინათ: შეგვეძლო ჯარიმის არგადახდა, მაგრამ კახელებს გვინდოდა დავხმარებოდითო, ახლა ეს უკვე სასაცილო ხდება.