ბათუმი, წვიმა და ტურიზმი - კვირის პალიტრა

ბათუმი, წვიმა და ტურიზმი

ბათუმს და მის ხასიათს ვინ მასწვალის, ჩემი ქალაქია, მაგრამ წელს რომ ოინი მიყო, ასეთი მისგან ჯერ არ მახსოვს. ათი დღით ჩავედი დასასვენებლად და ათივე დღე წვიმდა. ადრე, როცა იქ ვცხოვრობდი, ბათუმის ამ ოინბაზობას დიდად ვერ ვგრძნობდი, რადგან მთელი ზაფხული ჩემს განკარგულებაში იყო და როცა მინდოდა, ზღვაზე მაშინ გავდიოდი. სულ თბილისელებს დავცინოდი, ღრუბლიან ამინდშიც პლაჟზე რომ იყვნენ გათხლაშულები, ან "ზაგარის" მიღებას ერთ დღეში ცდილობდნენ და იწვებოდნენ. ბათუმში ცხოვრების პერიოდში ზღვაზე ისე არ გავიდოდი, თუ მზე კარგად არ ჩახჩახებდა და "ზაგარსაც" ნება-ნება ყოვლეგვარი დამწვრობის გარეშე ვიღებდი. რა მენაღვლებოდა, მთელი ზაფხული ჩემს ხელში არ იყო? ბოლო ათი წელია, რაც თბილისში გადმოვედი, ბუნებრივია, სიტუაცია შეიცვალა. მეც სხვებივით ჩემს ქალაქში ჩასვლას რამდენიმე დღით ვახერხებ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ისეთი დღეები ავირჩიო, როდესაც არ წვიმს, თუმცა ყველამ იცით, ბათუმში ასეთი დღეების შერჩევა რთულია. წელს კი საერთოდ ფარცაგი საქმე დამემართა. რიგი მიზეზების გამო დღეების არჩევანი ჩემზე არ იყო დამოკიდებული, ვიფიქრე, იყოს, რაც არის, ათივე დღე სულ წვიმა ხომ არ იქნება-მეთქი.

ჰოდა, ჩავედი 9 აგვისტოს. ნაწვიმარი იყო, მაგრამ ზღვაზე მაინც გავედით, მეორე დღესაც ღრუბლებს შორის მზემ რამდნეიმე ხნით გამოანათა და ისევ მოვახერხეთ პლაჟზე გასვლა, თუმცა წყალში ჩასვლის სურვილი არ გამჩენია, ისეთი ბინძური იყო. ამის მერე კი, რომ გადააბა კოკისპირული წვიმები, ერთი კვირა აღარ გაჩერებულა, პლაჟზე გასვლას ვინ ჩივის, ბავშვით სასეირნოდაც ვერ გახვიდოდი.

როგორც გითხარით, ბათუმი ჩემი ქალაქია და მაინც არ მომიწყენია, მეგრობებს, ნათესავებს ვნახულობდი. ასე ვატარებდი დროს, თან ბინაში ფულის გადახდის აუცილებლობა არ მაქვს და დარდს ესეც მიმსუბუქებდა. რომ წამოვიდგინე: ახლა ამ ათი დღის ბინის ფული რომ მქონოდა გადახდილი, მივხვდი, ჩემი შვებულება საბოლოოდ ჩაშხამებული იქნებოდა. არადა, რამდენი იყო იმ დროს ჩემს ქალაქში, ან აჭარის სხვა კურორტებზე ისეთი, ვისაც ათი დღით საცხოვრებლის დაქირავება მთელი ოჯახისთვის მინიმუმ 500 ლარი მაინც დაუჯდა? ამას ვინ ჩივის. ჩემს ქალქში იმ დღეებში უამრავი სომეხი, აზერბაიჯანელი და ირანელი მხვდებოდა. ახლა წმარმოიდგინე, ირანიდან რომ წამოხვალ დასასვენებლად, გამოივლი აზერბაიჯანს, მთელ საქართველოს და მთელი შვებულება წვიმები დაგემთხვევა. სულ ვფიქრობ, ასეთი ადამიანები აქ კიდევ ჩამოვლენ? სულ ვფიქრობ, ასეთი ამინდების პირობებში როგორ უნდა განვითარდეს აჭარაში ტურიზმი? რას უშველის ამ ამბავს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა? მით უმეტეს, მათი ფასები კატასტროფულია.

სამწუხაროდ, ამინდების და სასტუმრობის ფასების გამო, ჩემი ქალაქი ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას თურქულ კურორტებს. ამინდი ჩვენ არ გვემორჩილება და ობიექტური მიზეზების გამო ვერც სასტუმროების ფასების დაგდება მოჩანს რეალისტურად. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სეზონი თითქმის ექვსი თვე გრძლედება, აჭარაში კი მაქსიმუმ თვენახევარი. ანუ ანტალიაში არსებული სასტუმროს მეპატრონემ მთელი ფული ექვს თვეში უნდა იშოვოს, ხოლო აჭარაში არსებული სასტუმროს მეპატრონემ მთელი წლის სარჩო თვენახევარში უნდა ამოიღოს. ის ვერასოდეს დააწესებს ისეთ ფასებს, როგორიც თურქეთშია. ერთადერთი გზის სიმოკლე გვიწყობს ხელს. ანტალია უფრო შორსაა, ვიდრე ბათუმი.