როგორ აღმოვჩნდი გარდაცვლილი - კვირის პალიტრა

როგორ აღმოვჩნდი გარდაცვლილი

"უკაცრავად, მაგრამ თქვენ 2006 წელს გარდაიცვალეთ", - ვფიქრობ, ასეთი წინადადება კარგი დასაწყისი იქნებოდა "ფენტეზის" ჟანრის რომელიმე რომანისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ეს რომანის დასაწყისი არაა. პრინციპში, რატომ "სამწუხაროდ", რა ჯობია იმას, როდესაც ვიღაცისთვის გარდაცვლილი ხარ, შენ კი ამ დროს ცხოვრებით ტკბები? თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით:

ეს ამბავი თავიდანვე უცნაურად დაიწყო. წელიწადნახევრის წინ ჩემი პირველი მანქანა,  1995 წლის "ოპელ ვექტრა" გავყიდე, მაგრამ მყიდველი ამ მანქანას ჯიუტად არ იფორმებდა. წესიერად ვერ მივხვდი, აშკარად რაღაც მიზეზის გამო არ აწყობდა, მაგრამ რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო ჩემს სახელზე მანქანა, რომელიც მე აღარ მეკუთვნოდა? ერთხელ დავურეკე და ვუთხარი: ჰა, გადაიფორმე, თორემ თავიდან გავყიდი-მეთქი. რა თქმა უნდა, ვხუმრობდი, ამიტომ ამანაც არ გაჭრა. წელიწადნახევრის თავზე, როდესაც თავადაც გადაწყვიტა მისი გაყიდვა, იძულებული გახდა, გაეფორმებინა. ამიტომ რუსთავში შსს-ს "მომსახურების სააგენტოში" წავედით. მოგეხსენებათ, ეს სააგენტო ჩვენი ხელისუფლების მთავარი სიამაყეა. მას მართლაც ვერაფერს დაუწუნებ. ყველაფერი მშვენივრადაა გაკეთებული და აწყობილი. საქმეს, რომელსაც ადრე დიდხნიანი წვალება და ქრთამი სჭირდებოდა, ახლა რამდენიმე წუთში გიგვარებენ. მოკლედ, იქ ყველაფერია, რომ ადამიანებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ჰოდა, მეც ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი განვითარებული ქვეყნის მოქალაქე ვარ, ვიდრე ოპერატორ გოგონას პირადობის მოწმობა არ მივაწოდე. მანამდე უფლებათადამცველ და ხელისუფლების მწვავე ოპონენეტს დაჩი ცაგურიას შევხვდი, რომელსაც გავეხუმრე: ნახე, რა კარგია აქაურობა, შენ კიდევ მიშა არ მოგწონს-მეთქი...

მოკლედ, მივაწოდე ოპერატორ გოგონას პირადობა. იმან კომპიუტერში მონაცემები შეიყვანა და გაოცებულმა შემომხედა. მერე გვერდით მჯდომ ოპერატორს გადაულაპარაკა და უკვე იმანაც გაფართოებული თვალები შემომანათა. ბოლოს სიცილი აუტყდათ. დავიბენი, მაისურზე დავიხედე, რამე ხომ არ მაცხია-მეთქი. შარვალის ელვაშესაკრავისკენ ხელი გავაპარე. რა იცი რა ხდება. მაგრამ ყველაფერი წესრიგში მქონდა. ბოლოს მორიდებით მითხრეს (როგორია, როდესაც ადამიანს ასეთ რამეს ამცნობ!): იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, თქვენ 2006 წელს გარდაიცვალეთო.

რომ გითხრათ, ძალიან შევწუხდი-მეთქი, მოგატყუებთ. ბოლოს და ბოლოს ხომ ზუსტად ვიცოდი, რომ ჯერ ცოცხალი ვიყავი და რა მნიშვნელობა ქონდა რა ეწერა სამოქალაქო რეესტრის მონაცემებში, მაგრამ მაინც როგორი მოსასმენია?! მოკლედ, როგორც იმ გოგონებმა ამიხსნეს, პირადობის მოწმობის, არა, მაგრამ ჩემი საზღვარგარეთის პასპორტის მონაცემების გასწვრივ ეწერა: "გაუქმებული" და ფრჩხილებში - "გარდაცვლილი". ანუ, პასპორტი გაუქმებულია მეპატრონის გარდაცვალების გამოო. არადა, ეს ოხერი საზღვარგარეთის პასპორტი სწორედ 2006 წელს ავიღე და მას შემდეგ ბევრი ქვეყნის საზღვარი გადავლახე. თურმე მკვდარი ვმოგზაურობდი.

სიმართლე გითხრათ, ჩემს "გარდაცვალებას" აქამდე ხელი ჩემთვის არაფერში შეუშლია, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, მაინც არაა სასიამოვნო, როდესაც სადღაც გარდაცვლილად ხარ მოხსენიებული. ამიტომ სამოქალაქო რეესტრის პრესცენტრში ჩემს კოლეგებს დავურეკე და გასწორება ვთხოვე. კი "გამაცოცხლეს", თუმცა ვერაფრით ამიხსნეს რატომ "მომკლეს", ალბათ მაშინ რომელიღაცა თანამშრომელს რაღაც შეეშალაო. არადა, ეს სამოქალაქო რეესტრიც ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სიამაყეა. მოკლედ, ახლა უკვე "მკვდრეთით აღმდგარი" მოგესალმებით. ცხოვრება მშვენიერია!

P.S. ეგვიპტური მუმიის და სარკოფაგის გვერდით ეს სურათი  რომ გადავიღე, ეტყობა გული რაღაცას მიგრძნობდა.