დიდი კათარზისი - კვირის პალიტრა

დიდი კათარზისი

ალბათ გასაგებია რაზეც ვისაუბრებ. იმაზე რაზეც ყველა საუბრობს. ალბათ გასაგებია, როგორ ვისაუბრებ, ისეთივე აღშფოთებული და შეძრწუნებული, როგორც ყველა. ძნელია ამ დღეებში თქვა რაიმე განსხვავებული და ახალი. ყველაფერთან ერთად სიტუაცია ქვეყანაში ისე სწრაფად იცვლება, შეიძლება ეს ჩემი ტექსტი ერთ საათში აღარც ვარგოდეს. ჯერ კიდევ ორიოდ დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრად გვყავდა ადამიანი, რომელიც სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ თანამებრძოლად მიიჩნეოდა, რომელსაც პრეზიდენტი დიდ რეფორმატორს უწოდებდა და ყველას ეგონა, რომ მას არასდროს შეელეოდა. თუ აქამდე ისმოდა მოთხოვნები გადაგეს კალმახელიძე, გადადგეს ბაჩო ახალაია, ახლა უკვე მოთხოვნის შინაარსი შეიცვალა; რომ მთელი მთავრობა სახლში უნდა წავიდეს, ან "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ უნდა დაიშალოს, რადგან მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მორალური უფლება არ აქვთ. თანაც ამას ამბობენ ისეთი ადამიანები, ვისაც ხშირად ამ რეჟიმის აპოლოგეტებს უწოდებდნენ. ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ვიღას აინტერესებს იმ ადამიანების აზრი, ვინც ამ რეჟიმს უკვე წლების განმავლობაში აკრიტიკებს და ამხელს, მაშინ როდესაც მთავრობის გადადგომას გია ნოდია, ითხოვს. ამ მთავრობამ ყველაზე დიდი დარტყმა, ყველაზე დიდი ზიანი სწორედ საკუთარ დამცველებს და აპოლოგეტებს მიაყენა. სწორედ ისინი ჩააგდო ყველაზე უხერხულ და ცუდ მდგომარეობაში. მათ ერთ დღეს აღმოაჩინეს, რომ სადისტებს იცავდნენ, ჩვეულებრივ სადისტებზე საუბრობდნენ, როგორც რეფორმატოროებზე. ამ ადამიანებიდან ვიღაცამ მეტად იგრძნო ამ დარტყმისგან მიყენებული ტკივილი, ვიღაცამ ნაკლებად, ეს მათი კანის სისქეზეა დამოკიდებული, მაგრამ ალბათ საერთოდ უგრძნობი არცერთი დატოვა. ყოველშემთხვევაში, მინდა ასე მჯეროდეს. რა თქმა უნდა, მართლები არიან ისინიც, ვინც ფიქრობს, რომ ეს რეჟიმი ამ მდგომარეობამდე სწორედ მისმა აპოლოგეტებმა მიიყვანეს, როდესაც თვალებს ფართოდ ხუჭავდნენ, ყურებს იცობდნენ და ცდილობდნენ არ დაენახათ ის, რაც ზედაპირზე იდო, არ გაეგოთ, რასაც მათ ყველა კუთხიდან ჩასჩიჩინებდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ გარდამავალ ეპოქაში რაღაცეებზე თვალის დახუჭვა შეიძლებოდა. ხელისუფლებამ ასევე, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო მისი აპოლოგეტები საზღვარგარეთ და არა მხოლოდ დასავლეთში. მაგალითად, რუსმა პუბლიცისტმა ედუარდ ლიმონოვმა უკვე მწარედ დასცინა ვალერია ნოვოდვორსკაიას და სხვა რუს ლიბერალებს, რომლებიც რუსეთის შეცვლას საქართველოს მაგალითზე ითხოვდნენ. მითი იმის შესახებ, რომ საქართველოს რაღაც გამოუვიდა, ერთ დღეში დაიმსხვრა და შეუძლებელია ეს ვინმეს უხაროდეს. რაც მთავარია, ერთ დღეში შეიცვალა მთელი საზოგადოება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქართველმა საზოგადოებამ ერთ დღეში კათარზისი განიცადა. კათარზისი ანტიკური ეპოქის მსგავსად ტრაგედიის განცდამ მოიტანა. მართალია, საბედნიეროდ არავინ მომკვდარა, მაგრამ ის, რაც ვანახეთ განა სიკვდილზე უარესი არ იყო? იმან რაც ვნახეთ, განა სიკვდილი არ განგვაცდევინა? სწორედ ამიტომაც დადგა დიდი კათარზისი. ამიტომაც ჩვენში რაღაც ამოტრიალდა. ჩვენ ვინც აქამდეც ვიცოდით, რომ საპატიმროებში მძიმე მდგომაროება იყო, ამაზე მხოლოდ ვლაპარაკობდით, მაგრამ პროტესტს არ გამოვხატავდით. ვაღიარებ, პირადად ჩემი ფანტაზია ასე შორს ვერ მიდიოდა, ჩემი წარმოსახვის უნარი არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ ეს ყველაფერი წარმომედგინა. მაპატიეთ, რომ აქამდე ადამიანებზე ასეთი ცუდი წარმოდგენა არ მქონდა. ამის Mმერე ყველა ადამიანი ამ ხელისუფლებაზე ყველანაირ საზიზიღრობას დაიჯერებს. როგორ დაუჯერებლადაც უნდა მოჩანდეს. ქუჩაში უკვე სტუდენტებიც გამოვიდნენ, რომლებიც რვა წლის განმავლობასი დუმდნენ. აქმდე ისე ჩანდა, რომ თანამედროვე სტუდენტობა ეს თვითმმართველობა და ახალი კომკავშირი იყო. თუმცა დღეს ისიც გაირკვა, რომ ასე არ ყოფილა. ეროვნული მოძრაობის და ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს სტუდენტების პირველი მასობრივი პროტესტია და იმედი მაქვს, ისინი Aაღარასოდეს შეიკეტებიან აუდიტორიაში, არ გაიყიდებიან პატრიოტთა ბანაკებში დასვენებაზე და სადღაც თანამდებობაზე დანიშვნის დაპირებებზე. იმედი მაქვს, სტუდენტობა იქნება სამოქალქო საზოგადოების მთავარი მამოძრავებელი. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთ ჯგუფს არ ეშველა არაფერი, მხოლოდ მათზე ვერ იმოქმედა ამ კადრებმა იმდენად, რომ მათში თუნდაც საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის სურვილი გაჩენილიყო. მე საპარლამენტო უმრავლესობაზე მოგახსნებთ. ამ დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა როგორი უფლება აყრილია საპარლამენტო უმრავლესობა. ისინი ვერასოდეს ახორციელებდნენ თავიანთ მთავარ ფუნქციას მთავრობაზე ზედამხედველობას. მხოლოდ პულტებზე თითისდამჭერებად და მთავრობის ქმდებების გამპრავებლებად იყვენენ ქცეულნი. მათ რომ თავიანთი მთავარი ფუნქცია- მთავრობის კონტროლი განეხორციელებინათ ბუნებრივია, აქამდე არ მივიდოდით, ასეთ შემთხვევაში სახალხო დამცველს თავისი შემზარავი ანგარიშების წაკითხვა ცარიელ დარბაზში არ მოუწევდა. ასეთ შემთხვევაში, ისინი ამ ანგარიშში მოყვანილი ამაზრზენი ფაქტების გამოძიებას მოითხოვდნენ და დიდი ხნით ადრე გაირკვეოდა ყველაფერი. ისინი კი მხოლოდ იმით იყვენენ დაკავებული, რომ ხათუნა კალმახელიძეს იცავდნენ. სად ჩვენი, საზოგადოების პასუხისმგებლობა, ვინც საკუთარ თავს იმაში ვადანაშაულებთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშების შემდეგ სათანადოდ არ აღვშფოთდით და სად საპარლამენტო უმრავლესობის, რომელიც პირდაპირ იყო ვალდებული ამ საქმეებით დაინტერესებულიყო და მათი გამოძიება მოეთხოვა. მაგრამ არა, მათ უთხრეს, რომ მათი ფუნქცია მხოლოდ მთავრობის დაცვა იყო და ისინიც ამას უსიტყვოდ ასრულებდნენ. ის კი არა, ბაჩო ახალაიას გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრეც კი, ნუგზარ წიკლაური აცხადებდა, რომ ახალაია რეფორმატორია და არ უნდა გადამდგარიყო. ვინ იცის, იქნებ მაშინ უკვე გადაწყვეტილიც იყო შს მინისტრის წასვლა. იმედი მაქვს, ასეთი უფლებააყრილი და დამცირებული საპარლამენტო უმრავლესობა აღარასდროს გვეყოლება.

დაბოლოს: ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ვინმეს შეუძლია თქვას, რომ მეფემ არაფერი იცოდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეფე შიშველია. მხოლოდ ის უნდა ვიკითხოთ: უკვე მერამდენედ. . ხელისუფლება ყოველთვის იმით ამაყობდა, რომ ქურდული სამყარო დაამარცხა; რომ თბილისის ქუჩებში ღამით გასვლის აღარავის ეშინია და წესრიგია. დღეს უკვე ვიცით, რის ფასად ყოფილა უზრუნველყოფილი ჩვენი მშვიდად გადაადგილება. მთავარი კითხვა, რომელსაც საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს ასე ჟღერს: - გვიღირს ჩვენი და თუნდაც ჩვენი შვილების უსაფრთხოება, სხვისი და სხვისი შვილების ხელკეტით და ცოცხით გაუპატიურების ფასად?