ჰოი, საოცრება! - კვირის პალიტრა

ჰოი, საოცრება!

ჰოი, საოცრება! ჩვენ ეს შევძელით! ვინ წარმოიდგენდა...  არადა შევძელით. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ ქართველები, რომლებიც აქამდე მხოლოდ გადატრიალებებით, რევოლუციებით და არშემდგარი რევოლუციებით ვიწონებდით თავს, ამას გავაკეთებდით. ჩვენი იმედი, ჩვენს მეურვეს, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი არ ქონდა, მაგრამ გავიზარდეთ ბატონო, თვალსა და ხელს შუა.

მართალია, ჯერაც ვერ მიხვდი, წესიერად, ეს ყველაფერი ვისი დამსახურებაა; მორიგი საერთო ეროვნული ლიდერის ბიძინა ივანიშვილის, თუ ვინმე ლადო ბედუკაძის, მაგრამ განა ამას მნიშვნელობა აქვს? მთავარია, ჩვენ ეს შევძელით. ჰოი, საოცრებავ, ჩვენ ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალეთ. ვითომ ეს ერთი საოცრება არ გვეყოფოდა და აგერ მეორეც: გვყავს ოპოზიციონერი პრეზიდენტი. თან პრეზიდენტია, თან ოპოზციიის ლიდერი! თან ოპოზიციის ლიდერი,  თანაც პრეზიდენტი. ეხვეწებოდა თარგამაძე, გადადექი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტიდან და ყველას პრეზიდენტი იყავიო. არ დაუჯერა და კი არის ახლა ოპოზიცაში. დაეჯერებინა, უბრალოდ, პრეზიდენტი იქნებოდა; ახლა კიდევ ოპოზიციონერი პრეზიდენტია. ამ ამბავმა მე კი არა, მრავლისმნახველი პატრიარქიც გააოცა. სად გაგონილაო, იქადაგა მან. თურმე გაგონილა. მაშინ კი ვიფიქრე, ორი საოცრება ნამეტანია-მეთქი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ყველაფერი წინ იქნებოდა?

თუ წინ საოცრებათა ნიაღვარი გვლოდა?! ჯერ იყო და "ნაციონალური მოძრაობა" აწუწუნდა, "ქართული ოცნება" გვჩაგრავს, ჩვენს წევრებზე ძალადობსო. მერე, აკო მინაშვილი გამოვიდა, არჩევნები იმიტომ წავაგეთ, რომ რეფორმების შედეგად ბევრი განაწყენებული ადამიანი დარჩაო. ამას ამბობენ 2007 წლის მერე.  მაშინ მოედანზე  ასი, ან ორასი ათასი კაცი იდგა. ახლა კი, "ქართულ ოცნებას" მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. ისეთი რეფორმების დედაც, მილიონ ადამიანს, რომ გაამწარებს... მაშ, აკო მინაშვილი საოცრება არაა? ან გივი თარგმაძე, არაა საოცრება; რომელიც უკრაინის და ბელორუსიის შემდეგ, რევოლუციის მოწყობის მცდელობაში,  უკვე დიდ რუსეთში გამოიჭირეს. არ დადგა მისგან ჩე გევარა. გივი გევარაც კი არ გამოვიდა, მაგრამ რად გინდა; მაინც არ ეშვება. მიშას უნდოდა, მისგან რუსეთის ოპოზიციას ესწავლა რამე. არადა, პუტინმა ისწავლა და ოპონენტების ფარული ჩაწერა დაიწყო. განა საოცრება არაა, როდესაც ისმენ დავით დარჩიაშვილის კომენტარს, რომ ამ ფარული ჩანაწერების ნდობა არ შეიძლება, რადგან ისინი გაყალბებულია. მართალია, ვფიქრობ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს პროტესტი დიდი ხნით ადრე უნდა გაჩენოდათ, მაგრამ სჯობს გვინ, ვიდრე არასდროს. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი საოცრებათა საოცრებაზე- ტელეკომპანია "იმედის" განცხადებაზე.

განა სოცრებათა საოცრება არაა, როდესაც "იმედი" აცხადებს, რომ დემოკრატიის სადარაჯოზე უნდა დადგეს? რომ თურმე ხალხს გასართობი გადაცემები კი არა, პოლიტიკური თოქ-შოუები ჭირდება!? მოკლედ, გიორგი არველაძე "ცეკვავენ ვარსკვლავების" მაგივრად გააკეთებს შოუს: -"ვაი, რა ბოძი წაგვექცა", სულ ესაა. თუმცა მაინც საოცრებაა. განა საოცრება არ იყო, ბიძინას და ბიზნესმენების შეხვედრა, სადაც რამდენიმე ბიზნესმენმა ენა ამოიდგა. ჰოი, საოცრებავ! სადაც მათ ბიძინამ ერთის მხრივ უთხრა, რომ სახელმწიფო ბიზნესის საქმიანობაში არ  ჩაერევა, მეორეს მხრივ კი გააფრთხილა: -რაც გამოსასწორებელი გაქვთ თავად გამოასწორეთ, ვიდრე მოგაკითხავენო. განა საოცრებაა არაა, სააკაშვილის მთავრობის ყველაზე "გროზნი" მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მთელ სასამართლო სისტემას აზანზარებდა, საზღვარგარეთ პირველი რომ მოტყდა და არავინ იცის, დაბრუნდება, თუ არა. ზოგს იგი ავსტრიაში ეგულება; ზოგი კიდევ აცხადებს, ფრანკფურტში შენიშნესო. ვეღარ გავიგე ფანტომია, თუ კომუნიზმის აჩრდილი?

განა საოცრება არ იყო, მიშას და ბიძინას შეხვედრა? სულ მაინტერესებს, სააკაშვილი თავის ოპონენტს როგორ შეხვდა, როგორც მუმიას, თუ როგორც მღრღნელს?. . და კიდევ: - არის, თუ არა, საოცრება ივანიშვილის ახალი მინისტრთა კაბინეტი. ამის პასუხი ცოტა ხანში გვეცოდინება, როდესაც ისინი საქმეს შეუდგებიან. მე ამ ეტაპზე მხოლოდ შევარდნაძის დროინდელი კადრების მოძალება მაშფოთებს, ცოტათი. მინისტრთა კაბინეტში ასეთი ორია, გამყრელიძე და კირვალიძე. პარლამენტშიც რამდენიმეა. ოცნების შორიახლოს გამოჩნდა დავით მირცხულავა; ყუფენიასაც ნუ დავივიწყებთ. ვიცი, ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, ჩვენ ეს კომპლექსი უნდა გადავლახოთ; ადამიანები იმის მიხედვით კი არ უნდა შევაფასოთ ადრე რომელ მთავრობაში მუშაობდნენ,  არამედ იმის მიხედვით, რამდენად პატიოსნები და პროფესიონალები არიანო. კი, ბატონო, მზად ვარ მოვიხსნა ეს კომპლექსი, მაგრამ ერთი კითხვა მაინც მაწვალებს: -შევარდნაძის დროს ამდენი მინისტრი თუ პატიოსანი და პროფესიონალი იყო; აბა, მაშინ "დანძრეული" რატომ გვქონდა?