ჰოი, საოცრება! 2 - კვირის პალიტრა

ჰოი, საოცრება! 2

ამ დღეებში საოცრებათა შტორმი არ შეწყვეტილა. ქალი რომ ვიყო, თავი ბალზაკის ასაკში შესული ალისა მეგონებოდა საოცრებათა ქვეყანაში. მაშ ასე, ვიწყებ, ოღონდ არა ისე, როგორც ნათელაშვილმა დაიწყო. პრინციპში მან ვერც დაიწყო!ისე სადაა ნეტავ? არჩევნების შემდეგ არც გამოჩენილა, მოგვეკითხა მაინც. მოკლედ, ნათელაშვილი იქით იყოს და ვიწყებ: - ჰოი, საოცრება! ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა.

იმედია, არ მკითხავთ, ეს საოცრება რატომააო. ეს ამბავი მას ისე გაეწელა, უკვე იმედიც კი მქონდა გადაწურული. ბოლოს იმას გავიძახოდი, როდესაც მინისტრობის ყველა კანდიდატს შეარჩევენ, ალბათ ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრიდან თეთრ კვამლს ამოუშვებენ-მეთქი. თუმცა ყველაფერი უკვამლოდ მოგვარდა, რადგან ბოლოს და ბოლოს დრო და დადგენილი ვადები აღარ ითმენდა. თუმცა, მთავარი საოცრება წინ გველოდა! სამთავრობო კარუსელი როგორ არ გვინახავს, ამის მეტს რას ვუყურებდით წინა ხელისუფლების პირობებში, იმდენს ტრიალებდნენ, ბოლოს ჩვენ დაგვეხვა თავბრუ, მაგრამ ჯერ დაუმტკიცებელი მთავრობის კარუსელი ღმერთმანი, პირველად ვნახე. დაახლოებით ტროლეიბუსის და სვანის ამბავია. ესენი ჯერ ოფიციალურად არ დამტკიცებულან და როგორ კარუსელს ატრიალებენ. .  და რომ დამტკიცდებიან მერე რას იზამენ?!

არ ვიცი, იქნებ ვაჭარბებ და თქვენ ელოდით, რომ ჯერ არდანიშნული მინისტრი გადადგებოდა, ხოლო ჯერ არდანიშნულ მეორე მინისტრს უკვე სხვა სამინისტროში გადაიყვანდნენ? მე პირადად არ ველოდი. ზოგი ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლება ხალხის აზრს ყურს უგდებსო, მაგრამ დიდი აღშფოთება ამირან გამყრელიძის პერსონით, მე რაღაც არ მომისმენია, თუ ნაცარხებს არ ჩავთვლით, რომლებიც მის მიერ რადიო "პალიტრის" ეთერში, ჩემს გადაცემაში გაკეთებულ განცხადებაზე ჩაიციკლნენ. იმედი მაქვს, ბატონი ამირან გამყრელიძე მე არ დავღუპე, რადგან სწორედ რადიო "პალიტრის" ეთერში ვკითხე მას პირველად უმუშევრობის კომპენსაციის შესახებ. რაც შეეხება კალაძეს, მისი სხვა სამინისტროში გადაყვანის მოტივი უფრო გასაგებია. ახალი ხელისუფლება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუქმებას აპირებს და სიის პირველ ნომერს, გასაუქმებელ სამინისტროში ხომ არ დანიშნავდნენ? ამიტომ ენერგეტიკოსობა დაავალეს, მაგრამ ორიოდე დღის წინ არ იცოდნენ, რომ ამ სამინისტროს აუქმებდნენ? ან რატომ მაინცა და მაინც ენერგეტიკოსობა? რატომ არა, მაგალითად, ეკონომიკის, ან სულაც კულტურის მინისტრობა?

რა, ამ დარგებში უფრო ნაკლებად ვერ ერკვევა, ვიდრე ენერგეტიკაში? თუ ახლა გაიძახიან: რა მოხდა მერე, კალაძე ენერგეტიკის მინისტრად ბალავაძეს აღარ სჯობიაო. მერე ვიტყოდით, რა რურუაზე ნაკლები რითაააო. თუ რურუას ჯაზი უყვარდა, კალაძეს, ჯორჯო არმანი უყვარს. ან რითი იქნებოდა ვერა ქობალიაზე ნაკლები ეკონომიკის მინისტრი? თუ ვერას პურის ცხობის გამოცდილება ქონდა კანადაში, კალაძეს რესტორანი აქვს მილანში. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ ამოსავალი ის იყო, სააკაშვილის მინისტრზე ცუდი არ ყოფილიყო, ყველგან შეგვეძლო დაგვენიშნა. კალაძისგან როგორი ენერგეტიკოსი გამოვა ამას მომავალი გვაჩვენებს. ივანიშვილი ამბობს, რომ ის ნიჭიერი კაცია და მალე ისწავლისო. კი, ბატონო, არ მაქვს პრეტენზია, ისწავლოს მინისტრმა. მინისტრმა კი არა ,

პრეზიდენტმაც უნდა ისწავლოს, განსაკუთრებით ჩვენმა, მაგრამ ერთი კითხვა არ მასვენებს, რა აუცილებლობა იყო, კალაძე მაინცა და მაინც მთავრობაში ყოფილიყო? ყოფილიყო პარლამენტში, თუნდაც უმრავლესობის ლიდერად? მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, კალაძეს ძირითად შემადგენლობაში თამაში, მხოლოდ მთავრობაში ყოფნა გონია და მზად არის, ოღონდ ათამაშონ და კარშიც ჩადგეს. საინტერესოა, კალაძისგან მეკარე უფრო გამოვიდოდა, თუ ენრგეტიკოსი? პირველ კითხვაზე ალბათ პასუხს ვეღარ მივიღებთ, მეორეზე კი მალე გვეცოდინება. მე მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. იმედია, ის საქართველოს მთავრობაში ისევე ითამაშებს, როგორც მილანში და არა ისე, როგორც საქართველოს ნაკრებში. საქართველოს ნაკრებმა კი, ისევ წააგო.

ამჯერად ბელორუსიასთან. თუმცა, ეს ამბავი, სამწუხაროდ საოცრებათა რიცხვში ვერაფრით მოხვდება და არც ჩვენი საუბრის თემას უკავშირდება. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ამ თამაშის შემდეგ ბევრი ზურაბ ხიზანიშვილს სულ  მცირე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეობას უწინასწარმეტყველებს. ხოლო თუ სერიოზულად ვიტყვით, ახალმა მინისტრთა კაბინეტმა და მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ პარტიები ჩვენ მხოლოდ პროგრამების მიხედვით კი არა, არამედ მინისტრების მიხედვითაც უნდა ავირჩიოთ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ჩვენს ქვეყანაშიც დამკვიდრდეს ე. წ. ჩრდილოვანი კაბინეტის ტრადიცია, როდესაც ოპოზიცურ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლამდე აქვს გაცხადებული თავისი მინისტრების ვინაობა. ჩემი აზრით, მინისტრობის სავარაუდო კანდიდატთა ვინაობის ცოდნა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პროგრამული პრიორიტეტების. შეიძლება უფრო მეტად მნიშვნელოვანიც კი. თორემ რა გამოდის, ჩვენ არჩევნებამდე ვიცით პარტიის პროგრამა, მაგრამ არ ვიცით ამ პროგრამას ვინ აღასრულებს. აბა ისაა საქმე, კობა დავითაშვილი რომ ამბობს, დიახ არ ვიყავით მზად ამ ყველფრისთვის, გვეგონა არჩევნებში გამარჯვება ასე მარტივად არ მოვიდოდა, ნაცები დიდ წინააღმდეგობას გაწევდნენ და ჩვენც მათთან საბრძოლველად უფრო ვემზადებოდით, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლადო. ჰოი, საოცრება!

იმავე კობა დავითაშვილის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს, ახალი პარლამენტის პირველი სხდომის ახალ შენობაში გამართვა, იმაზეა დამოკიდებული, როგორი ამინდი იქნება. თუ არ გაწვიმდა ხომ კარგი და თუ გაწვიმდა მოუწევთ ჩვენს პარლამენტარებს სეფაში დაჯდომა... არა, რა,. . ალისა უნდა დავირქვა! და კიდევ: ბუნებრივია, ამ ყველაფრისგან ტრაგედიას არ ვქმნი. ტრაგედიას რომ ვქმნიდე, კი არ ვიხუმრებდი. შეხედეთ  მოვლენებს იუმორით და ყველაფერი კარგად იქნება. დაახლოებით ისე შეხდეთ, როგორც არჩევნებამდე მიშისტები ამ ლექსს უყურებდნენ. ხომ გახსოვთ: არა მალულად, არა ფარულად, ბიძინა მოვა ტრიუმფალურად. არადა ხომ მოვიდა?!-  თუმცა მე ვფიქრობ, მთავარი არა ტრიუმფალურად მოსვლა, არამედ ტრიუმფალურად წასვლაა. მომავალ შეხვედრამდე.. .