რატომ უნდა იყოს პარლამენტი ქუთაისში - კვირის პალიტრა

რატომ უნდა იყოს პარლამენტი ქუთაისში

ქუთაისში ამ დღეებში სეზონის ორი გახსნა ვნახეთ: 20 სექტემბერს მუშაობას ახალი პარლამენტი შეუდგა, 23 სექტემბერს კი ლადო მესხიშვილის დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი "ბამბაზიის სამოთხე".

ეს სპექტაკლი არ მინახავს და ვერაფერს გეტყვით, მაგრამ პარლამენტის ცხოვრების პირველი დღეებით თუ ვიმსჯელებთ, დრამატიზმის ნაკლებობა არც იქ იქნება, ამიტომ  ვფიქრობ, თავისუფლად შეიძლება ახალ საკანონმდებლო ორგანოს სახელი ოდნავ შევუცვალოთ და საქართვლოს არავისი სახელობის დრამატული პარლამენტი დავარქვათ. მით უმეტეს უმცირესობაში გადასული ნაციონალური მოძრაობა იქ კათარზისის განცდას აპირებს. თუმცა სხვა საკითხია რამდენად მოახერხებს ამას ის ძალა, ვინც ხელისუფლების დაკარგვის შემდეგაც ხულიგნობას არ იშლის. მაგალითად სულ ახლახანს მოიფიქრეს: ბათუმში არსებული შენობა, რომელსაც მრავალი მილიონი დაახარჯეს და რომელშიც აჭარის მთავრობა უნდა განთავსებულიყო, აიღეს და აჭარის სახელოვნებო სასწავლებელს გადასცეს. აქაოდა, ჩვენ ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით და ახალ მთავრობას კისერიც უტეხიაო. აჭარის ახალი მთავრობა კი ფაქტობრივად გამოუვალ ვითარებაში ჩავარდება: სტუდენტებს შენობიდან თუ გამოყრის, ერთი ამბავი ატყდება, არ გამოყრის და ისევ მოუწევს სამთავრობო შენობის გარეშე დარჩენა. როგორ ფიქრობთ, ესენი განიწმინდებიან და კათარზისს განიცდიან? თუმცა ეს არაა მთავარი შეკითხვა, რომელიც უკვე ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებით ჩნდება. მე მაგალითად ამაზე მეტად მაინტერესებს, რატომ ჩადის სააკაშვილის ეპოქაში აშენებულ ყველა შენობაში წყალი? წვიმა ერჩის სააკაშვილს, თუ სააკაშვილი არ აღიარებდა წვიმას?

კაცმა ფაქტობრვად ვერაფერი გახსნა, რომ იქ რამდნეიმე დღეში წვიმა არ ჩამოსულიყო. სამწუხაროდ, გამონაკლისი არც საქართველოს პარლამენტი აღმოჩნდა. პირველი სხდომიდან სამ დღეში იქ უკვე გუბეები დადგა. თუმცა პარლამენტის ახალი შენობისთვის ეს არაა ერთადერთი პრობლემა. პარლამენტარებს ჯერ იქ არც კაბინეტები აქვთ, არც კომპიუტერები და არც საკანცელარიო ნივთები და რაც მთაავრია, ჯერ არ ფუნქციონირებს სასადილო. მათ წლის ბოლომდე იქ მუშებთან ერთად მოუწევთ ყოფნა. ის კი არა, მე-9 არხის კამერამ პარლამენტის ახალ შენობაში მოსეირნე თაგვიც აღმოაჩინა. თუ ცნობილია, რომ პარლამენტარებს მუშაობა მუშებთან ერთად წლის ბოლომდე მოუწევთ, თაგვებთან ერთად ყოფნა რამდენი ხანი უნდა აიტანონ, ეს ჯერ გაურკვეველია, მაგრამ როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, პარლამენტში მთავარი პრობლემა არა თაგვები, არამედ ვირთხები იქნება.  ახლა მთავარზე: სამუშაო პირობებს და საერთოდ ქუთაისში მუშაობას აპროტესტებს უმრავლესობა. არ მოსწონთ ქუთაისში ყოფნა! უფრო სწორად თბილისიდან ქუთაისში სიარული არ მოსწონთ. ახლა ცდილობენ მთელი საქართველო დაარმწუნონ, რომ ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირება არ გამოვა. ამისთვის ათას მიზეზს ასახელებენ: შენობა არ ვარგა, რადგან ფანჯარა არ აქვს და დაგვცხება, თან კონდიცირებაზე ბევრი ფული დაიხარჯებაო.

ქუთაისში აპარატის თანამშრომელბს ვერ ვიშოვით, რადგან ქვეყანაში კარგი სპეციალისტები ცოტანი არიანო, მთავრობა და პარლამენტი ერთ ქალაქში უნდა იყოს, რადგან თურმე მთავრობის წევრებთან მეორე ქალქში კომუნიკაცია რთული იქნება, თურმე მთავრობის წევრებს თბილისიდან ქუთაისში ხშირად მგზავრობა გაუჭირდებათ. საინტერესოა, რატომ? დრო არ ექნებათ? თუ ბენზინის ფული არ ექნებათ? ხარჯი გაიზრდება, რადგან შენობა ბევრ დენს მოიხმარსო და თუ ამ შენობას რომელიმე სასწავლებელს გადავცემთ, მაშინ არ მოიხმარს ბევრ დენს? ან თუ პარლამენტი თბილსშიც იქნება და ქუთაისშიც ეს ორმაგი ხარჯი არ გამოვა? დეპუტატებისთვის ბინების დაქირავება და აქეთ იქით მატი მგზავრობა ძვირი დაუჯდება ბიუჯეტსო. თქვე კაი ხალხო, თუ ბიუჯეტზე დარდობთ, ამ აშენებულ შენობას კი ნუ ერჩით, თქვენი ბინის ქირა და მგაზავრობის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან  დაფარეთ. თუ თბილისში ჩამოსული უბრალო ხელოსანი ახერხებს ბინის დაქირავებას, პარლამენტარმა რატომ ვერ უნდა მაოხერხოს ეს საკუთარი ხარჯებით? თუ ეკონომიაზე დარდობთ, მაშინ თანამდებობის პირების ბენზინის და მობილურის ხარჯებს ბიუჯეტიდან კი ნუ დაფარავთ, არამედ თავად გადაიხადეთ.

თუ მე, საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანი, ვახერხებ ჩემი ტელეფონის ხარჯი და ბენზინის ხარჯი გავსიტუმრო, თქვენ, ვისაც ჩემზე სულ მინიმუმ სამჯერ მეტი ხელფასი გექნებათ, თქვენ რატომ ვერ მოახერხებთ. ამ ყველაფრის სანაცვლოდ შეგეძლებათ აპარატის თანამშრომლებს გაუზარდოთ ხელფასი, თქვენი ხელფასის მეხუთედს რომ იღებენ და ისინიც მოახერხებენ ქუთაისში მუშაობას. არ ჯობია ეს გააკეთოთ, ვიდრე უკვე აშენებული შენობა ფაქტობრივად უფუნქციოდ დატოვოთ, შენობა, რომელიც ჩვენს ბიუჯეტს სამას მილიონზე მეტი დაუჯდა? რამეთუ მისი საკონცერტო დარბაზად, ან სასწავლებლად გადაკეთება სწორედ მის უფუნქციოდ დატოვებას ნიშნავს. ვერცერთი სასწავლებელი ვერ გადაიხდის ამ შენობის ხარჯებს. ეს ნიშნავს, რომ ქუთაისელებს დააკარგვინოთ, თუნდაც რამდნეიმე ასეული გაქირავებული ბინა, ქუთიაისისკენ მიმართული უფრო მეტი ყურადღება, ქუთაისის მნიშვნელობის გაზრდა. ახლა რომ შენდებოდეს ეს პარლამენტი შეიძლებოდა გვეფიქრა, ღირს თუ არა ამისთვის სამას მილიონზე მეტის დახარჯვაო, მაგრამ ახლა როდესაც ეს ხარჯი უკვე გაწეულია, იქნებ ვითარებას მოერგოთ და არ ეცადოთ თქვენს კომფორტზე ააწყოთ ყველაფერი. იქნებ ცოტა ხანი აიტანოთ ის დისკომფორტი, რომელიც ცოტა ხნით შეგექმენებათ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამდენი წელია დიკსომფორტს და უფრო უარესს იტანს. დამიჯერეთ, მოგეწონებათ ქუთაისი და მთავრობაც მოაგნებს როგორმე კვირაში ერთხელ ამ ქალაქს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა ყველაზე მეტ დისკომფორტს სწორედ ჩვენ, ჟურნალისტებს გვიქმნის, მე მაინც მომწონს პარლამენტი ქუთაისში. ჩემი აზრით, ერთადერთი, ვისაც ქუთაისში პარლამენტი დარჩენა არ უნდა აწყობდეს, ეს ისევ ქუთაისის დრამატული თეატრის მსახიობები არიან. ქალქში ასეთი კონკურენტის გამოჩენა არ უდნა იყოს სასიამოვნო.