ბუმერანგის პრინციპი - კვირის პალიტრა

ბუმერანგის პრინციპი

"ნაციონალური მოძრაობას" თავისივე სლოგანი -"გასაკეთებელი კიდევ ბევრია", დღეს ასე შემოუტრიალდა: -"დასაჭერი კიდევ ბევრია". . .და განა არ არის? - იკითხავთ თქვენ და მართალიც იქნებით. თუ ერთადერთ ჭეშმარიტებად მართლმსაჯულების აღსრულებას გამოაცხადებ, შეიძლება ნახევარი საქართველო დასაჭერი აღმოჩნდეს; წვრილფეხა იქნება, თუ მსხვილფეხა.

როდესაც სისტემა კანონის უპატივცემულობაზეა აგებული, როდესაც ყველაფერს ერთი, ან ორი კაცი წყვეტს, როდესაც ხელისუფალს კანონი საკუთარი თავი გონია, იქ ბუნებრივია, დანაშაული ყვავის. ეს დანაშაული შეიძლება, ზოგჯერ ქვეყნის კეთილდღეობის სახელითაც იყოს ჩადენილი, მაგრამ დანაშაული დანაშაულია. მისი ჩამდენი უნდა დაისაჯოს. არის მოსაზრება, რომ ახალმა ხელისუფლებამ დანაშაულის მხოლოდ დამკვეთები დაიჭიროს და შემსრულებლებს მიუტევოს, მაგრამ ამ აზრს ვეწინააღმდეგები: - აბა, ეს სადაური სამართალი იქნება? მომავალმა "წვრილფეხამაც" ხომ უნდა გაიგოს, რომ უკანონო ბრძანების შესრულებაც დანაშაულია? თუ ასეთი ხალხი არ დაინახავს, რომ რასაც გიბრძანებენ ყველაფრის შესრულება არ შეიძლება, სხვაც იგივეს გააკეთებს. მაგრამ საბოლოოდ, ისე ხომ არ გამოვა, რომ მხოლოდ წვრილფეხობა დაისაჯოს და ბობოლები გადარჩნენ?! -ზოგი იმით, რომ გაქცევის საშუალება ქონდა; ზოგის დაჭერას დასავლეთი არ დაგანებებს. . . მაგალითად, თქვენ ფიქრობთ, რომ იულია ტიმოშენკო უდანაშაულოა?- პირადად მე საპირისპიროში ვარ დარწმუნებული. ყოფილმა პრეზიდენტმა და ერთ დროს მისმა თანაგუნდელმა, ვიქტორ იუშენკომაც იგივე თქვა; -დამნაშავეაო, მაგრამ დასავლეთი იანუკოვიჩს მისი დაჭერისთვის მაინც საყვედურობს. საყვედური აქ კიდევ რბილად ნათქვამია.

ჩვენც გვისაყვედურეს, თან ისე, რომ საქმეში წესიერად არც გარკვეულან. ახლა იმაზე მარჩიელობას ვის ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა რასმუსენმა განცხადება, აზრი არ აქვს. დასავლეთი ჩვენნაირ ქვეყნებზე ცუდს უფრო იოლად იჯერებს, ვიდრე კარგს. მათ თავიანთი სტანდარტები და მიდგომები აქვთ. მათთვის პოლიტიკურ სტაბილურობას და დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების თანაცხოვრების პრეცედენტის შექმნას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სამართლის ზეიმს. ასეთია ჩემი შთაბეჭდილება მათზე. მახსოვს, რასმუსენის განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში დავწერე, ისეთი ნატოს დედაც ვატირე, რომელიც მართლმსაჯულების აღსრულებას და დამნაშავის დასჯას შეეწინააღმდეგება-მეთქი. თუმცა, ეს ალბათ, საბოლოოდ მაინც ასე იქნება. ამას ხმამაღლა არავინ იტყვის. დასავლეთიდან გამოგზავნილ ყველა საყვედურს მოყვება წინათქმა, რომ კანონის უზენაესობა უმთავრესია, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ მაინც შეშფოთდებიან და შეიძლება აღშფოთდნენ კიდეც. გააჩნია ახალი ხელისუფლება სადამდე წავა. როგორ ფიქრობთ, რომელიმე დანაშაულის კვალი სააკაშვილამდე არ მივა? ალბათ მივა; მაგრამ წარმოგიდგენიათ რა მოხდება, მისი იმპიჩმენტის პოროცედურა რომ დაიწყონ, ან საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ დააკავონ? -მე წინასწარ წარმომიდგენია დასავლეთის რეაქცია. ამიტომაც გაიძახიან უმთავრესია კოჰაბიტაცია, კოჰაბიტაციაო. თუმცა, სულ სხვაა დღეს ქართველი ხალხის მოთხოვნა.

უფრო სწორად, ქართველი ხალხის იმ ნაწილის, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს ხალხი მართლმსაჯულებას ითხოვს და ვერც გაამტყუნებ. ისეთი რეჟიმის შემდეგ, როგორიც "ნაციონალურ მოძრაობას" ქონდა დამყარებული, ეს ბუნებრივია. შედეგად, ახალი ხელისუფლება ორ ცეცხლს შუა, გრდემლსა და უროს, სცილასა და ქარიბდას შორის აღმოჩნდა: -რაც მეტს დაიჭერს, დასავლთი მით მეტად აყვირდება; არ დაიჭერს და საკუთარი ამომრჩეველი აუჯანყდება. ხალხი ისეა გამწარებული, რომ სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტს, როდესაც რომელიმე დაპატიმრების შესახებ ესმის. აბა, რა ეგონათ მაგათ, შერჩებოდათ? - ასეთია უმრავლესობის განწყობა. აქ ჩნდება საშიშროება, აზარტში არ შევიდეთ და ამ ყველაფრით ზედმეტად არ გავერთოთ ჩვენცა და ახალი ხელისუფლებაც. ისე, როგორც ეს "ნაციონალურ მოძრაობას" დაემართა. თუმცა, ერთი რამ  ზუსტად ვიცი- სამართლიანობას ამ ქვეყანაში ბოლომდე ვერასოდეს აღადგენ. იმიტომ , რომ დასაჭერი მართლაც ბევრია. ყველას კი ვერ დაიჭერ. სადღაც უნდა გაჩერდე. ყველაზე საინტერესო ისაა, სად გაჩერდება ახლა "ქართული ოცნება". გახსოვთ, ივანიშვილის განცხადება, ერთი - ორი მინისტრის დაჭერა საკმარისი იქნებაო?! -  მე მხასოვს. . .