ურმიდან ჯიპზე გადასმული სამართალი - კვირის პალიტრა

ურმიდან ჯიპზე გადასმული სამართალი

უკვე მესამე კვირაა ბლოგს დაჭერებზე ვწერ. ზუსტად ვიცი,  ეს არ იქნება ბოლო, რადგან თავად ამ პროცესის ბოლო არ მოჩანს ჯერ და ალბათ ეს გასაკვირიც არაა, იმ უკანონობის ფონზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა. პირდაპირ ვამბობ, სამართლიანობის აღდგენის მომხრე ვარ.

მომხრე ვარ იმისა, რომ ყველა დაისაჯოს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, რათა მომავალში არცერთმა დიდმოხელემ, თუ წვრილმოხელემ, არ იფიქროს, ხელისუფლებაში რადგან ვარ  ყველაფერი შემრჩება და მეპატიებაო. ან არ იფიქროს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მუდმივია, მაგრამ... ამ ბოლო დროს უკვე ბევრი "მაგრამ" დაგროვდა. წინა ბლოგის დიდი ნაწილი იმის მტკიცებას დავუთმე, რომ გუნავას საქმე ქართული ოცნების გამოცდა იქნებოდა, რომ ეს საქმე ძალიან საეჭვო იყო, რადგან ნარკოტიკების მოხმარება და იარაღის უკანონო ტარება საქართველოში დისკრედიტირებული ბრალდებებია. ეს ის ბრალდებებია, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებდა ყველა ხელისუფლება ადამიანების გასაფუჭებლად. იმედს ვიტოვებდი, რომ ახალი ხელისუფლება ამ პრაქტიკაზე უარს იტყოდა. დანაშაულს სამართლიანად  გამოიძიებდა და დამნაშავეს დასჯიდა.

მართალია, პროკურატურამ გამოაცხადა, რომ გუნავას სარჩელზე მოკვლევას იწყებს, მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს. სამაგიეროდ, თავად გუნავა მეორეჯერ დაიჭირეს. ამჯერად დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებიან. საუაბრია 6750 ლარის ღირებულების ბენზინის ტალონებზე და 49 500 ლარზე- ნაღდი ფულით. ეს რა თქმა უნდა, დიდი თანხაა და თუ მიითვისა, უნდა დაისაჯოს კიდეც, მაგრამ ამ ადამიანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხომ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ სამართალდამცველები მისი დაკავების მიზეზს საგანგებოდ ეძებენ? ხან ნარკოტიკების მოხმარებაო, ხან იარაღის ტარებაო, ახლა უკვე ფინანსური დარღვევებიც უპოვეს. თავისუფლად შეიძლება ყველა ჩინოვნიკს, ვისაც ამაზე ხელი მიუწვდებოდა, უკანონოდ გახარჯული ბენზინის ტალონები უპოვო. "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ სამართლიანობის აღდგენა მისი ამომრჩევლის მოთხოვნა იყო და ამაში მეც ვეთანხმები, მაგრამ  განა მისი ამომრჩეველი მისგან ამას ელოდა?

ამომრჩეველი ხომ უპირველესად, მთავარი დამნაშავეების დაკავებას ითხოვდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილების, თუ ელიტურ კორუფციაში ჩართულების. ჩვენ კი, დღეს რა შედეგს ვიღებთ? იმის მაგივრად, რომ პროკურატურამ გუნავას დაკავების კანონიერება გამოიძიოს, გორში კიდევ სამ ჩინოვნიკს აკავებენ იგივე ბრალდებით, ნარკოტიკების შეძენა და შენახვა. ხოლო ზესტაფონის გამგებელს  და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელს, კახა გეწაძეს წელიწადნახევრის წინ, სიმთვრალეში ჩადენილი ხულიგნობის გამო იჭერენ. თუ ამ საქმეს ფორმალურად მივუდგებით, სამართალდამცვლებს ვერაფერში მოედავები. გეწაძის ქმედებაში დანაშაული რა თქმა უნდა, არის, მაგრამ საქართველოში მოიძებნება კაცი, ვისაც სიმთვრალეში არ უჩხუბია? ჩვენს ქვეყანაში, ცუდი სიმთვრალის გამო ხალხს რომ იჭერდნენ, მაშინ ნახევარი საქართველო დასაჭერი იქნებოდა. ამ ყველაფერს ემატება თვითმმართველობის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ სხვადასხვა ქალაქებში, საკრებულოებში, თუ გამგეობის შენობებში საკუთარი მხარდამჭერების შეჭრის ფაქტები აღკვეთოს. როდესაც ასეთი ზეწოლა ხდება თვითმმართველობაზე; ზესტაფონის გამგებელს სიმთვრალეში ჩადენილი ხულიგნობის გამო იჭერენ, ეჭვები არ გაჩნდება?

რა თქმა უნდა, გაჩნდება. ბუნებრივია, რაიმეს პირდაპირ მტკიცება შეუძლებელია, მაგრამ როდესაც გორში სამ ჩინოვნიკს ნარკოტიკებზე იჭერენ, ამავე ბრალდებით ერთხელ უკვე დაჭერილ ადამიანს, უკვე სხვა ბრალდებით ხელმეორედ აპატიმრებენ, სიმთვრალეში ჩხუბის გამო აკავებენ გამგებელს; ვფიქრობ, საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ "ვაშინგტონ პოსტზე" მეტად შევშფოთდეთ. . . და სულ არ მაინტერესებს, რატომ შფოთავენ ასე ერთმანეთის მიყოლებით დასავლური გამოცემები. ეს ლობისტების მუშაობის შედეგია, თუ სხვა რამ. ისინი პროცესებს გარედან აკვირდებიან და ხშირად მცდარ ანალიზს აკეთებენ. ხშირად მათი სტატიები ძალიან ცალმხრივია და მიკვირს ისინი როგორ გვასწავლიან ჟურნალისტურ სტანდარტებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც არ უნდა ვაკრიტიკოთ ჩვენი ხელისუფლება. დასავლური გამოცემები ცდებიან, როდესაც სამართლიანობის აღდგენის მთელ პროცესს აყენებენ ეჭვის ქვეშ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კითხვები ჩვენც არ გვიჩნდება. სამართლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, თავად ხელისუფლებამ არ მოახდინოს ამ პროცესის დისკრედიტაცია, პასუხგაუცემელი კითხვებით. მესმის, რომ სამართლიანობის აღდგენა საშური საქმეა, მაგრამ სიჩქარე საჭირო არაა. ხომ გაგიგიათ, სამართალი ურმით მოდისო.  ჰოდა, იაროს, ნუ ეცდებით მის შავ ჯიპზე გადასმას.