ევროპისკენ ჰერი, ჰერი... ანუ შეირგეთ, რასაც გაძლევენ - კვირის პალიტრა

ევროპისკენ ჰერი, ჰერი... ანუ შეირგეთ, რასაც გაძლევენ

(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

დიახ, როგორც მოსწავლეები სკოლისაკენ, ისე მივიჩქარით ევროპისკენ.

თან ვსწავლობთ, თან წინ მივდივართ, მომდევნო კლასში გადავდივართ, ანუ ვიზრდებით, დიდი ბიჭები და გოგონები ვხდებით! თუმცა, აშკარაა, ზრდასრულობამდე ჯერ ბევრი გვიკლია; ეს ნაწილობრივ ჩვენი, უფრო კი ისტორიის ბორბლის უკუღმა ტრიალის ბრალია, მაგრამ გამოსასწორებლად ხომ ვიბრძვით. ამ გზაზე ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. სულაც არ ვემხრობი რომელიმე მოვლენის გაზვიადებას და საუკუნოვანი ოცნების ასრულებად გამოცხადებას, მაგრამ არც ცივილიზებული სამყაროსკენ წინგადადგმული ნაბიჯის არაფრად ჩაგდების მომხრე ვარ. ამიტომ ვეთანხმები დავით უსუფაშვილს, რომ დღეიდან უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე ვიყავით, ასევე - გიორგი კვირიკაშვილს, რომ ევროპა საქართველოს სანდო პარტნიორად მიიჩნევს. ეს არის ამ გადაწყვეტილების მთავარი მნიშვნელობა და არა მხოლოდ ის, რომ ევროპაში წასასვლელად ნაკლები წვალება მოგვიწევს.

სოციალურ ქსელებში მავანნი ქილიკობენ, მაინცდამაინც არაფერი იცვლება, საზღვარზეც დაგჭირდება რაღაცების წარდგენა და თუ მესაზღვრე დააეჭვე, უკან გამოგაბრუნებსო. ვისაც ვიზა ერთხელ მაინც აუღია, იცის, რა იცვლება მისი გაუქმებით და რა მოსაბეზრებელ და ზოგჯერ დამამცირებელ პროცედურასთან იყო დაკავშირებული - უნდა შეგეგროვებინა ათასი საბუთი, გეპასუხა ათას უაზრო კითხვაზე, ფული გადაგეხადა, რიგში მდგარიყავი და მაინც დამოკიდებული იყავი რომელიღაც კონსულის ტკბილ ძილზე - თუ მარცხენა ფეხზე ადგებოდა, ვიზას ვერ ეღირსებოდი. ახლა კი აიღებ შენს ბიომეტრიულ პასპორტს და წახვალ! საზღვარზე კი შეიძლება მოგთხოვონ (ან არ მოგთხოვონ) მხოლოდ უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ცნობა, რომ უფულო არ ხართ. მერე, რას აგიჩემებიათ, იქ ჩასულებს მესაზღვრე უკან გამოგვაბუნძულებს და ამას ისევ კონსულთან რიგში დგომა ჯობდაო. მესაზღვრეს ამის უფლება აქამდეც ჰქონდა. შესვლის ასპროცენტიანი გარანტია არც ვიზა იყო და მესაზღვრეს ვიზაჩარტყმულის გამობრუნებაც შეეძლო. შეირგეთ, რასაც გაძლევენ და ნუ მოთქვამთ, - ჩვენ არავინ შეგვიშვებსო. ერთხელ მაინც დაიჯერეთ, რომ შეგიძლიათ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გახდეთ. ამიტომ ვიზების გაუქმებას ჩემთვის პრაქტიკულზე მეტად სიმბოლური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც აქვს! იქნებ, ქართველებმა ნელ-ნელა საკუთარი თავისა ვირწმუნოთ! ასე რომ, სკოლისაკენ... უფრო სწორად, ევროპისკენ ჰერი, ჰერი!

შეხვედრა აფხაზებთან...

დარწმუნებული ვარ, ჩემი ბოლო მოგზაურობა ევროპაში, როცა ვიზისთვის სირბილი დამჭირდა, ვენეციაში წასვლა იყო. იქ ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები ევროსაბჭომ მიგვიწვია. უკვე მესამედ შევხვდით ენგურს გაღმა-გამოღმელები - პირველად სტამბოლში, მეორედ კიევში... პირველ შეხვედრაზე ირიბად გვიყურებდნენ, მერე ნელ-ნელა დავახლოვდით, სოციალურ ქსელებშიც დავმეგობრდით, ახლა ჩვენთან თანამშრომლობაზეც დათანხმდნენ. პროგრესი აშკარაა და დარწმუნებული ვარ, თუ თანამშრომლობა შედგა, კონფლიქტის დარეგულირებაშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რადგან ჩვენ დღეს ერთმანეთზე ინფორმაცია ფაქტობრივად, არ გვაქვს.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ჩვენს მედიაში მუდმივად ხვდება ნიუსები - რომელიღაც ქვეყანაში აფხაზი მეცნიერები, ხელოვანები თუ ბავშვთა ანსამბლები ჩავიდნენო და ტყდება ალიაქოთი - ეს როგორ დაუშვა ჩვენმა საგარეო უწყებამო. იწყება კამპანია ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, მერე ჩვენი ხელისუფლება იწყებს საპროტესტო ნოტების გაგზავნას ამ ქვეყნის საგარეო უწყებაში, იქიდან მობოდიშებით გვპასუხობენ, - ეს გაუგებრობა, ან კერძო მიწვევა გახლდათ და ოფიციალური სტრუქტურები არაფერ შუაში არიანო. ჩვენც ვაშუქებთ, თავმოყვარეობასაც მეტ-ნაკლებად ვიკმაყოფილებთ და ამით ვამთავრებთ. არც გვაინტერესებს, ამ ამბავს როგორ აღიქვამენ აფხაზები, როგორ აშუქებენ მედიაში, რას ფიქრობენ საქართველოზე მათი ბავშვები, რომელთაც, საქართველოს მოთხოვნით, რუსეთის გარდა, არსად უშვებენ, როგორ იქმნება საქართველოსგან კიდევ უფრო დიდი მონსტრი, რომელიც დღესაც აფხაზებთან ბრძოლით და მათი იზოლაციაში მოქცევით არის დაკავებული... საქართველოში ხშირად გაიგონებ, ახია მაგათზე, სწორედაც უნდა დაიბლოკონ, რომ იცოდნენ, უჩვენოდ ვერაფერს მიაღწევენო. მაშინ შერიგებაზე რატომ ვლაპარაკობთ? ასე როგორ შეურიგდები, როცა ანახებ, რომ მისი მოხრჩობა გინდა? მაშინ უარი ვთქვათ შერიგების პოლიტიკაზე და გამოვაცხადოთ, რომ ერთადერთი გზა აფხაზეთის დაბრუნებისა ომია და როცა მზად ვიქნებით რუსეთთან საომრად, ან რუსეთი დაიშლება, მერე დავიბრუნებთ... არ ვამბობ, რომ ყველანაირი შეზღუდვა მოვუხსნათ და აფხაზეთის დელეგაციებს ჰქონდეთ უფლება ოფიციალური ვიზიტები გამართონ სხვადასხვა ქვეყანაში, ეს ფაქტობრივად, მათი აღიარება იქნებოდა, მაგრამ კერძო პირებს, მეცნიერებს, ბავშვთა ანსამბლებს როცა ვბლოკავთ, შედეგად რას ვიღებთ? ეს ვიზიტები ხომ მაინც გრძელდება? სამაგიეროდ, აფხაზი საზოგადოება ხედავს, როგორ ვებრძვით ყველგან მათ ოფიციალურ სტრუქტურებს, მედიას კიდევ ერთი საბაბი აქვს, განაცხადოს - ნახეთ, ქართველები რას აკეთებენ და რა შერიგებაზეა ლაპარაკიო...

ვიცი, ჩემს პოზიციას საქართველოში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება, ამიტომ არის საჭირო ჟურნალისტების თანამშრომლობა, რათა ერთმანეთზე ყველაფერი ვიცოდეთ, მათი თვალითაც შევხედოთ მოვლენებს. ჯერ ადამიანები უნდა დავინახოთ ორივე მხარეს და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე.