ევროპისკენ ჰერი, ჰერი... ანუ შეირგეთ, რასაც გაძლევენ
21-12-2015
ევროპისკენ ჰერი, ჰერი... ანუ  შეირგეთ, რასაც გაძლევენ
(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

დიახ, როგორც მოსწავლეები­ სკოლისაკენ, ისე მივიჩქარით ევროპისკენ.


თან ვსწავლობთ, თან წინ მივდივართ, მომდევნო კლასში გადავდივართ, ანუ ვიზ­რდებით, დიდი ბიჭები და გოგ­ონები ვხდებით! თუმცა, აშკარაა, ზრდასრულობამდე ჯერ ბევრი გვიკლია; ეს ნაწილობრივ ჩვენი­, უფრო კი ისტორიის ბორბლის უკუღმა ტრიალის ბრალია, მაგ­რამ გამოსასწორებლად ხომ ვიბრძვით. ამ გზაზე ევროპასთან­ უვიზო რეჟიმის შემოღება უმნი­შვნელოვანესი ნაბიჯია. სულაც არ ვემხრობი რომელიმე მოვლენის გაზვიადებას და საუკუნოვანი ოცნების ასრულებად გამოც­ხადებას, მაგრამ არც ცივილიზებული სამყაროსკენ წინგადადგმული
ნაბიჯის არაფრად ჩაგდების მომხრე ვარ. ამიტომ ვეთანხმები დავით უსუფაშვილს, რომ დღეიდან უფრო ევროპელ­ები ვართ, ვიდრე ვიყავით, ასევე­ - გიორგი კვირიკაშვილს, რომ ევროპა საქართველოს სანდო პა­რ­ტნიორად მიიჩნევს. ეს არის ამ გადაწყვეტილების მთავარი მნიშვნელობა და არა მხოლოდ ის, რომ ევროპაში წასასვლელად ნაკლები წვალება მოგვიწევს.

სოციალურ ქსელებში მავან­ნი
ქილიკობენ, მაინცდამაინც არაფერი იცვლება, საზღვარზეც­ დაგჭირდება რაღაცების წარდგ­ენა და თუ მესაზღვრე დააეჭვე, უკან გამოგაბრუნებსო. ვისაც ვიზა ერთხელ მაინც აუღია, იცის, რა იცვლება მისი გაუქმ­ე­ბით და რა მოსაბეზრებელ და ზოგჯერ დამამცირებელ პროცე­დურასთან იყო ­დაკავშირებული - უნდა შეგეგროვებინა ათასი საბუთი, გეპასუხა ათას უაზრო კითხვაზე, ფული გადაგეხადა, რიგში მდგა­რიყავი და მაინც დამოკიდებული იყავი რომელიღაც კონსულის ტკბილ ძილზე - თუ მარცხენა ფეხზე ადგებოდა, ვიზას ვერ ეღირსებოდი. ახლა კი აიღებ შენს ბიომეტრიულ პასპორტს და წახვალ! საზღვარზე კი შეიძლება მოგთხოვონ (ან არ მოგთხოვონ) მხოლოდ უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ცნობა, რომ უფულო არ ხართ. მერე, რას აგიჩემებ­იათ, იქ ჩასულებს მესაზღვრე უკან გამოგვაბუნძულებს და ამას ისევ კონსულთან რიგში დგომა­ ჯობდაო. მესაზღვრეს ამის უფლება­ აქამდეც ჰქონდა. შესვლის ასპრო­ცენტიანი გარანტია არც ვიზა იყო და მესაზღვრეს ვიზაჩარტყმულის გამობრუნებაც შეეძლო. შეირგეთ, რასაც გაძლევენ და ნუ მოთქვამთ, - ჩვენ არავინ შეგვიშვებსო. ერთხელ მაინც დაიჯ­ერეთ, რომ შეგიძლიათ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გახდეთ. ამიტომ ვიზების გაუქმებას­ ჩემთვის პრაქტიკულზე მეტად სიმბოლური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც აქვს! იქნებ, ქართველებმა ნელ-ნელა საკუთარი თავისა ვირწმუნოთ! ასე რომ, სკოლისაკენ... უფრო სწორად, ევროპისკენ ჰერი, ჰერი!

შეხვედრა აფხაზებთან...

დარწმუნებული ვარ, ჩემი ბოლო მოგზაურობა ევროპაში,­ როცა ვიზისთვის სირბილი დამჭირდა, ვენეციაში წასვლა იყო. იქ ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები ევროსაბჭომ მიგვიწვია. უკვე მესამედ შევხვდით ენგურს გაღმა-გამოღმელები - პირველად სტამბოლში, მეორედ­ კიევში... პირველ შეხვედრაზე ირიბად გვიყურებდნენ, მერე ნელ-ნელა დავახლოვდით, სოც­იალურ ქსელებშიც დავმეგობრდით, ახლა ჩვენთან თანამშრომლობაზეც დათანხმდნენ. პროგრესი აშკარაა და დარწმუნებუ­ლი ვარ, თუ თანამშრომლობა შედგა, კონფლიქტის დარეგულ­ირებაშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რადგან ჩვენ დღეს ერთმანეთზე ინფორმაცია ფაქტობრივად, არ გვაქვს.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ჩვენს მედიაში მუდმივად ხვდება ნიუსები - რომელიღაც ქვეყანაში აფხაზი მეცნიერები, ხელოვანები თუ ბავშვთა ანსამბლები ჩავიდნენო და ტყდება ალიაქოთი­ - ეს როგორ დაუშვა ჩვენმა საგარეო უწყებამო. იწყება კამპ­ანია ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, მერე ჩვენი ხელისუფლება იწყებს საპროტესტო ნოტების გაგზავნას ამ ქვეყნის საგა­რეო უწყებაში, იქიდან მობოდიშებით გვპასუხობენ, - ეს გაუგებრობა, ან კერძო­ მიწვევა­ გახლდათ და ოფიციალური სტრუქტურები არაფერ შუაში არიანო. ჩვენც ვაშუქებთ, თავ­მ­ოყვარეობასაც მეტ-ნაკლებად­ ვიკმაყოფილებთ და ამით ვამ­თავრებთ. არც გვაინტერესებს,­ ამ ამბავს­ როგორ აღიქვამენ აფხაზები, როგორ აშუქებენ მედიაში, რას ფიქრობენ საქართველოზე­ მათი ბავშვები, რომელთაც,­ საქართველოს მოთხოვნით, რუსეთის გარდა, არსად უშვებენ, როგორ იქმნება საქ­ართველოსგან კიდევ უფრო დიდი მონსტრი, რომელიც დღესაც აფხაზებთან­ ბრძოლით და მათი იზოლაცი­აში მოქცევით არის დაკავებუ­ლი... საქართველოში ხშირად­ გაიგონებ, ახია მაგათზე, სწორედაც უნდა დაიბ­ლოკონ, რომ იცოდნენ, უჩვენოდ ვერაფერს მიაღწევენო. მაშინ შერიგებაზე რატომ ვლაპარაკობთ? ასე როგორ შეურიგდები, როცა ანახებ, რომ მისი მოხრჩობა გინდა? მაშინ უარი ვთქვათ შერიგების­ პოლიტიკაზე და გამოვაცხადოთ, რომ ერთადერთი გზა აფხაზეთის დაბრუნებისა ომია და როცა მზად ვიქ­ნებით რუსეთთან საომრად, ან რუსეთი დაიშლება, მერე დავ­იბრუნებთ... არ ვამბობ, რომ ყველანაირი შეზღუდვა მოვუხსნათ და აფხაზეთის დელეგაციებს ჰქონდეთ უფლება ოფიციალური ვიზიტები გამართონ სხვადასხვა ქვეყანაში, ეს ფაქტობრივად, მათი აღიარ­ება იქნებოდა, მაგრამ კერძო პირებს­, მეცნიერებს, ბავშვთა ანსამბლებს როცა ვბლოკავთ, შედეგად რას ვიღებთ? ეს ვიზიტები ხომ მაინც გრძელდება? სამაგიეროდ, აფხაზი საზოგადოება ხედავს, როგორ ვებრძვით ყველგან მათ ოფიციალურ სტრუქტურებს, მედიას კიდევ ერთი საბაბი აქვს, განაცხადოს - ნახეთ, ქართველები რას აკეთებენ და რა შერიგებაზეა ლაპარაკიო...

ვიცი, ჩემს პოზიციას საქა­რ­თველოში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება, ამიტომ არის საჭირო ჟურნალისტების თანამშრომლობა, რათა ერთმანეთზე ყველაფერი ვიცოდეთ, მათი თვალითაც შევხედოთ მოვლენებს. ჯერ ადამიანები უნდა დავინახოთ ორივე მხარეს და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე.
merab metreveli
22 დეკემბერი 2015 20:11
niko

ეგ წინადადება სეცდომითაა დაბეწდილი. კორექტორს, ან სტილისტს აზრი ვერ გაუგია და კავშირი და ამოუგდია. ასე უნდა იყოს:
"სამაგიეროდ, აფხაზი საზოგადოება ხედავს, როგორ ვებრძვით ყველგან და მათ ოფიციალურ სტრუქტურებს, მედიას აქვს საბაბი..."
jj
22 დეკემბერი 2015 17:47
დათო საიდან ღებულობ ეგეთ უტყუარ ინფორმაციას? :D , ევროპელებს ჩვენთან უვიზოდ შემოსვლის უფლება 10 წელზე მეტია რაც აქვთ :P ორხრივი .......
...
22 დეკემბერი 2015 17:44
არა ხარ მართალი, მერაბ. მაგათ რომ უფლება მისცე ჩვენი ნებარტთვის გარეშე აკეთონ თავისი საქმე, თუნდაც ევროპაში მოგზაურობა-სულ და ბოლომდე დაგვიკიდებენ. მაგათთვის ეგ აღიარება იქნება. აიღონ ქართული პასპორტები და იარონ, სადაც გაუხარდებათ. მაგით მაინც მიხვდებიან სად სჯობია-მოსკოვში ვიზაზე სირბილი, ფულის გადახდა ვიღაც ჩინოვნიკებისათვის თუ ქართული პასპორტით უპრობლემოდ გადაადგილება.

რედაქტორის რჩევით