წლის სირცხვილი - დღეიდან "ოცნებას" უფლება არა აქვს, გირგვლიანის საქმეზე ხმა ამოიღოს! - კვირის პალიტრა

წლის სირცხვილი - დღეიდან "ოცნებას" უფლება არა აქვს, გირგვლიანის საქმეზე ხმა ამოიღოს!

(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

"ოცნება" 2015 წელს სამარცხვინო გადაწყვეტილებით ამთავრებს. ეს არის გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, ლევან მურუსიძის სააპელაციოში დანიშვნა.

ნუ იტყვით, რომ "ოცნება" არაფერ შუაშია. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს ხმები არ ჰყოფნიდათ და სწორედ "ოცნების" დანიშნულმა წევრებმა დაუმატეს. მოსამართლეებთან ერთად ევა გოცირიძემ, ვახტანგ თორდიამ და კახა სოფრომაძემ მისცეს ხმა მურუსიძეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წინააღმდეგი იყო, ხოლო პრეზიდენტის დანიშნულმა წევრმა კენჭისყრა დატოვა.

მურუსიძე ამტკიცებს, რომ გირგვლიანის საქმეში მართალია და კანონის მიხედვით, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, მაგრამ იურისტების მთელი კოჰორტა - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი - საწინააღმდეგოს ამბობს.

მე, ბუნებრივია, იურიდიული საკითხების განხილვას ვერ დავიწყებ. მთავარი ის არის, რომ მისი სახელი ამ სამარცხვინო საქმეს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, მას რომ პატიოსნად ემოქმედა, შეეძლო დაზარალებული მხარის სარჩელის დაკმაყოფილება და საქმის სააპელაციოში დაბრუნება. არ ვიცი, ეს რამეს შეცვლიდა თუ არა, მაგრამ ლევან მურუსიძე საზოგადოების წინაშე პირნათელი იქნებოდა. დღეს კი მან რაც უნდა ამტკიცოს, რომ სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო, მისი არავის სჯერა. ასეთ სიტუაციაში მე არც მურუსიძის გაჯიუტება მესმის და არც იუსტიციის საბჭოში "ოცნების" კვოტით დანიშნული წევრების. მათი მთავარი არგუმენტი ასეთი იყო, მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი მურუსიძეს მხარს უჭერს, ამიტომ მისი კანდიდატურის ჩაგდება სხვა მოსამართლეებს შეაშინებდა და არასტაბილურობის განცდას გაუჩენდაო.

მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი იმიტომ უჭერს მხარს მურუსიძეს, რომ ყველა "ნაციონალების" დროს არის დანიშნული და თითქმის ყველას ერთი ქაქი აქვს ნაჭამი. ამიტომ მოსამართლეთა მხარდაჭერა გასაგებია, გაუგებარია "ოცნების" დანიშნული წევრების მხარდაჭერა და არ მჯერა, რომ მათ ეს გადაწყვეტილება ძალდატანების გარეშე მიიღეს.

ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს საქმე ხელისუფლების მაღალ ეშელონებში გადაწყდა. ამ ნაბიჯით "ოცნების" ხელისუფლებამ თავად დაასრულა საუბარი სამართლიანობის აღდგენაზე. დღეიდან "ოცნებას" უფლება არა აქვს, გირგვლიანის საქმეზე ხმა ამოიღოს!

იხილეთ ასევე: პოლიტიკა "იუსტიციის საბჭოში 10 მურუსიძე გვყავს"