პირველში უნდა დალიო, ორში გააგრძელო, სამში "პახმელიაზე" გამოხვიდე, ანუ 2016 წელმა "კოჭები" უკვე გამოაჩინა - კვირის პალიტრა

პირველში უნდა დალიო, ორში გააგრძელო, სამში "პახმელიაზე" გამოხვიდე, ანუ 2016 წელმა "კოჭები" უკვე გამოაჩინა

(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

2016 წელი ახლა დაიწყო და უკვე "კოჭებში ეტყობა", რაც იქნება.

ჯერ ორი კვირაც არ გასულა და იმდენი რამ მოხდა, რომელზე უნდა დავწერო, არც კი ვიცი. მაგალითად, როგორ არ დავწერო იმაზე, რომ საქართველოს ნაწილი დიდთოვლობის გამო პარალიზებული აღმოჩნდა, რადგან გზები დროულად ვერ იწმინდებოდა. ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით, ეს ხელისუფლების ბრალი კი არა, კონტრაქტორი ფირმების დანაშაული ყოფილა, რომელთაც 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა გაუჭირდათ. მიზეზი ისეთია, ქვას გახეთქავს! ქართველ კაცს ენა როგორ მოგიბრუნდება, ვინმეს 1-2 იანვარს მუშაობა მოსთხოვო. პირველში უნდა დალიო, ორში გააგრძელო, სამში "პახმელიაზე" გამოხვიდე და ასე 7 იანვრამდე... კი არა - 14 იანვრამდე! მერე რა, რომ ხალხი ვერ გადაადგილდება, ან შეიძლება სასწრაფო ვერ მივიდეს და ადამიანი მოკვდეს?! მთავარია გულმხურვალე სადღეგრძელოები და ქართული ჯიგარი. უფროსობამაც ვერ მოსთხოვა, ეტყობა. აბა, როგორი სათქმელია, ხელიდან ინდაურის ბარკალი გააგდე და სამუშაოდ გამოდიო...

ან იმაზე როგორ არ დავწერო, რომ ნორვეგიული მედიის ცნობით, ოსლოში პარკინგის დავალიანებით ქართველი დიპლომატები ლიდერობენ. 5 იანვრის მონაცემებით, საქართველოს საელჩოს ნორვეგიაში პარკინგის ჯარიმის გადაუხდელობის გამო 101 850 კრონის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, რაც დაახლოებით 27 500 ლარია. სულ არასწორად აჩერებენ და თან არ იხდიან! წარმოიდგინეთ, ხალხი ისე შეწუხდა, ამ თემას გაზეთმა სპეციალური სტატიაც კი მიუძღვნა. ისე, ეტყობა, ვერაფერი შეაგნებინეს. დაჭერით ვერ დაიჭერენ, დიპლომატები არიან და იმუნიტეტი იცავთ. ჰოდა, ამათაც გაილაღეს! ჩვენი რა მიდისო! ვის აინტერესებს ქვეყნის სახელი და პრესტიჟი! საინტერესოა, ეს ფული ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს? ჩვენი მთავრობა იქნება ხუთჯერ მეტად უუნარო, თუ ამ ფულს დიპლომატებს ხელფასებიდან არ გამოუქვითავს. მე ყველას ჩამოვაქვეითებდი, ელჩს კი მოვხსნიდი ქვეყნის შერცხვენისთვის. მაგრამ არის კი ეს საქციელი ქართველის გაგებით სამარცხვინო?!

ან სამარცხვინოა თუ არა, როცა მოსამართლეები კოლექტიურ წერილს წერენ და თავიანთი კოლეგის განცხადებებს ემიჯნებიან და გმობენ! ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს გაემიჯნენ და სამარცხვინო და ამორალური უწოდეს. სულაც არ ვიცი, რა კაცია თბილისის სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი და ვის თამაშს თამაშობს, მაგრამ ეს კოლექტიური წერილების წერა რა უბედურებაა?! რომელი წელია - 1937?! ამიტომაც უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურებიდან მოსამართლეების დიდი ნაწილი. ადეიშვილის მონობაში გადიდკაცებულებს, აღარაფერი ეშველებათ. სულ ახალი პატრონის ძებნაში იქნებიან. მაგრამ ვინ გაყრიდა? ივანიშვილს ისინი სისტემის მსხვერპლად მიაჩნია. მოსამართლეს, რომელსაც უფროსიც კი არ ჰყავს და დედამიწაზე ვერავინ ჩაერევა მის გადაწყვეტილებაში, როგორ შეიძლება მორჩილება ეპატიოს?! ვის სჭირდება ასეთი? გასაგებია, რომ ახალ ხელისუფლებას, მაშინ რით განსხვავდება ის ძველისგან? ესეც გასაგებია, რომ ბევრი არაფრით.

სხვა რით გაგახაროთ? ზოგიერთი სიგარეტი დეფიციტის გამო 10 ლარამდე გაძვირდა და ეგონათ აქციზის მატების ბრალი იყო, არადა, აქციზი 20 თეთრით გაიზარდა.

მიწისქვეშა გადასასვლელში მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, გაავრცელეს, გაიყინაო და მთავრობა და ეკლესია ერთიანად ლანძღეს.

საბურთალოზე სამშენებლო კომპანიამ სტადიონი დაანგრია, "ნაცები" პროტესტით გამოცვივდნენ და აღმოჩნდა, რომ ნებართვა მათ დროს იყო გაცემული.

შინ მისულ დავით კირკიტაძის ძმას თავისი მანქანის გასაჩერებელ ადგილას მეზობლის მანქანა დახვდა. მიუვარდა, აგინა, მის შვილს იარაღი უტრიალა, ტარი ურტყა, დაიჭირეს და იძახიან, პოლიტიკური ზეწოლააო.

თავის დროზე რუსეთუმეების ძახილით წასული კიდევ ერთი ჩინოვნიკი დაუბრუნდა თანამდებობას - დავით ზალკალიანი. ის მართლაც პროფესიონალი და პატიოსანი კადრია, მაგრამ ბერუჩაშვილის არ იყოს, მაშ, ალასანიას რაღას მისდევდა? ვატყობ, წინ დიდი მხიარულება გველოდება...