"გაზპრომი" ჩვენი მღელვარებისა, ადგილი მზის ქვეშ და რეპი პრეზიდენტს - კვირის პალიტრა

"გაზპრომი" ჩვენი მღელვარებისა, ადგილი მზის ქვეშ და რეპი პრეზიდენტს

(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ზოგს რა აღელვებს და ზოგს - რა, მაგრამ პოლიტიკოსების უმეტესობას აღელვებს მომავალ პარლამენტში მოხვედრა.

ზოგი ამისთვის საჭირო თემებს ეძებს, ზოგი კიდევ - საჭირო გზებს. თემებს ოპოზიცია ეძებს, რომ ხალხი ააღელვოს და ქუჩაში გამოიყვანოს, გზებს კიდევ - "ოცნების" ზოგიერთი წევრი, რომ ბიძინა ივანიშვილს გული აუჩუყოს და სიიდან არ ამოაგდოს. ოპოზიციამ, რამდენიმე თვეა, ხელჩასაჭიდი იპოვა - "გაზპრომი", და ისე მაგრად უჭერს ხელს, რომ არჩევნებამდე მამაზეციერიც ვერ გააგდებინებს. რამდენი განმარტებაც უნდა აკეთოს ხელისუფლებამ, რამდენიც უნდა ამტკიცოს, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხებია, აზერბაიჯანიდან მომავალ მილსადენს არ შეუძლია იმდენი გაზის გამოტარება, რამდენიც ზამთარში გვჭირდება და დამატებით რაოდენობას აქამდეც "გაზპრომიდან" ვივსებდითო, ოპოზიცია ამას არ დაიჯერებს. შემოდგომამდე ილაპარაკებს, რომ ხელისუფლება რუსეთს უძვრება, რომ გვღუპავს და ა. შ.

რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" და მის მხარდამჭერებს არც კი გაახსენდებათ, როგორ აპირებდა "გაზპრომისთვის" მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვას კახა ბენდუქიძე და როგორ გადააფიქრებინეს ეს მას და იმდროინდელ მთავრობას ამერიკელებმა. არადა, დღეს ეს მაგისტრალი ერთადერთია, რაც "გაზპრომსა" და რუსეთთან რაღაც უპირატესობას ჩვენც გვანიჭებს.

რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" და მის მხარდამჭერებს ერთხელაც არ უფიქრიათ გაზსაცავის აშენება 2006 წლის შემდეგაც კი, როდესაც რუსეთმა ერთი კვირა უგაზოდ დაგვტოვა. იმის მაგივრად, რომ 200 მილიონი გაეღოთ გაზსაცავისთვის და დღეს გაზის გადაკეტვის აღარ გვშინებოდა, 360 მილიონი ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაში დახარჯეს, მაგრამ ეს ამბები ვიღას ახსოვს და აინტერესებს?! ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების და უპირველესად, ენერგეტიკის სამინისტროს ბრალია. სწორედ მისმა სულელურმა მცდელობამ, არ გაეხმაურებინა პირველი შეხვედრა, დაბადა უამრავი ეჭვი და დღესაც ლამის ერთადერთი არგუმენტია მათ წინააღმდეგ.

კალაძემ მხოლოდ რამდენიმეკვირიანი მღელვარების შემდეგ ინება განმარტებების გაკეთება, ხოლო ექსპერტებს და დაინტერესებულ ადამიანებს პირველად წინა კვირაში შეხვდა.

ეს ყველაფერი პირიქით რომ ექნა - პირველი შეხვედრის შესახებ მისგან გაგვეგო და არა რუსებისგან, ექსპერტებისა და არასამთავრობოებისთვის თუნდაც დახურულ კარს მიღმა მაშინვე განემარტა მოლაპარაკებების დეტალები, ეს თემა შეიძლება არც წამოწეულიყო. ხალხი პატრიოტულ მოტივზე მოიქოქა და ახლა რაც უნდა იძახონ, მაინც თავის მართლება გამოუვათ.

ადგილი მზის ქვეშ

საკმარისი იყო, პარტიის ახალგაზრდა აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს ეთქვა, მომავალ პარლამენტში ამდენი სპორტსმენი და მსახიობი აღარ იქნებაო, რომ ატყდა ერთი ამბავი. პროფესიის მიხედვით დაყოფა რა წესიაო, - მსახიობებმა; ჩვენ ვისზე ნაკლები ვართ, ან ვის რას ვუშავებთო, - სპორტსმენებმა. სინამდვილეში ყველა ხვდება, რომ ეს გადაწყვეტილება მაღლა, სოლოლაკის მთაზე, შუშის სასახლეში მიიღეს და კობახიძემ მხოლოდ გაახმაურა, მაგრამ ივანიშვილს ხომ ვერ უსაყვედურებენ?

ივანიშვილმა კი ყველაფრის გარკვევა ქართულად, სუფრასთან გადაწყვიტა. ამიტომ შეიკრიბნენ ძველით ახალი წლის აღსანიშნავად საგურამოში პარტიის წევრები, ყოფილი და მოქმედი პრემიერი. სწორედ იქ დაუმშვიდებია ისინი მამა-მარჩენალს, ვინც სიაში ვერ მოხვდებით, არ გაირიყებით, აღმასრულებელ სტრუქტურებში დასაქმდებითო.

რა გამოდის, ის ხალხი, ვინც პარლამენტში ვერ ივარგა, ბიუჯეტმა ახლა სხვაგან უნდა შეინახოს?! ადამიანები, რომლებიც ორ სიტყვას ისე ვერ ამბობენ, რომ სამი სისულელე არ გამოურიონ, ჩვენ უნდა შევინახოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონ ბიძინას არ უნდა, მათ აწყენინოს?! თუ, როგორც მეჭიაურმა იხუმრა, მომღერლები იმიტომ არიან საჭირო, რომ ქეიფის დროს სიმღერაში შაბაშის გადახდა ისევ არ დასჭირდეთ?

რეპი პრეზიდენტს

ბერა ივანიშვილს კიდევ ერთი სიმღერა დაუწერია, სადაც პრეზიდენტს აქილიკებს - "პრეზიდენტის პონტში ხარ. დროებით და ტყუილად ხარო".

კი ბატონო, მამამისს აღარ მოსწონს მარგველაშვილი, მაგრამ ამ პატარა ბიჭის პრეზიდენტზე თავდასხმები მაინც ძალიან უხერხული მგონია. არა, ადრე მიშაზეც მღეროდა, მაგრამ მაშინ მიშაზე მთელი საქართველო "მღეროდა". ეს ეპოქა ხომ გავიარეთ?! ვინც მამამისს არ მოეწონება, ყველაზე უნდა გარეპოს?

კარგი, ბატონო, გავიგეთ, რომ ყველაფერი პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ არჩევნებზე მთავარი ის კი არ უნდა იყოს, ოპოზციას, "ოცნებას", ბერა ივანიშვილს, ჟურნალისტებს ან ვინმე სხვას რა აღელვებს, არამედ ის, ხალხს რა აღელვებს, მაგრამ ეს ვის აინტერესებს?!