ნახ-ნახევარა ხელისუფლება
01-02-2016
ნახ-ნახევარა ხელისუფლება
(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

სამარცხვინო ფაქტია, რომ თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში საქართველოში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე კვლავ საუბრობენ!


ეს განსაკუთრებით პოლიციას ეხება, სადაც ადამიანებისგან ჩვენებებს ისევ ცემის ხარჯზე იღებენ. არ დაადგა საშველი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რაც ისეთი უწყების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომელიც არც ერთ ძალოვან უწყებას არ დაექვემდებარება და სწორედ ძალოვანების მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს. დღეს პოლიციელის დანაშაული ისევ შსს-ს დანაყოფმა, გენერალურმა ინსპექციამ უნდა გამოავლინოს. შედეგი: გათავხედებული პოლიციელები!
ეს ყველაფერი მერე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ხვდება და საქართველო ვერაფრით გასცდა "ნახევრად თავისუფალი" ქვეყნების რიგს. ერთი მედიის თავისუფლების კუთხით გვქონდა წინსვლა და წელს "რუსთავი 2"-ის საქმემ ისევ ცუდ დღეში ჩაგვაგდო. ხელისუფლება ვითომ დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს, მაგრამ ყველაფერს სანახევროდ აკეთებს. შედეგიც ესაა - ისევ ნახევრად თავისუფალი
ქვეყანა ვართ.

მერე გვიკვირს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი უგულავას პოლიტპატიმრად რომ მოიხსენიებს. როცა პოლიტიკური მოწინააღმდეგის წინასწარ პატიმრობას ისე ხარბდები, რომ კანონს ბოროტად იყენებ, მერე დამნაშავეც პოლიტპატიმარი ხდება. როცა ვერც ერთი რეფორმა ბოლომდე ვერ მიგყავს, საბოლოოდ დემოკრატიის მშენებლობა კი არა, დემოკრატობანას თამაში გამოგდის! ბოლოს მშვენიერი ინიციატივა წამოაყენეს საარჩევნო სპეცუბნების გაუქმების შესახებ, მაგრამ გაირკვა, რომ ახალ კანონშიც რაღაც გამონაკლისებს ტოვებენ, ამიტომ სწორად ჰქვია ამ ხელისუფლებას ნახ-ნახევარა.

ისეთი ნახ-ნახევარაა, რომ უმრავლესობის წევრი საკუთარ საგარეო საქმეთა მინისტრზე ამბობს, მაგას კომპეტენცია არ ეყოფა სერგეი ლავროვთან შესახვედრადო. თუ ასეთი არაკომპეტენტური იყო, რას აირჩიე, ან თუ აირჩიე, მერე ბოლომდე დაუდექი. აქ კომპეტენცია არაფერ შუაშია. შეიძლება მიხეილ ჯანელიძე ძალიანაც კომპეტენტურია, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრად მეც უფრო გამოცდილ და ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას ვისურვებდი. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ერთ-ერთი საკვანძო თანამდებობაა და "ქართული ოცნება" ამას უფრო სერიოზულად უნდა მოჰკიდებოდა და ყველასათვის უცნობი მიხეილ ჯანელიძე არ უნდა დაენიშნა! ასე რომ, ეს ის შემთხვევაა, როცა ნუკრი ქანთარია მართალია, მაგრამ მის მიერ ახლა ამ სიმართლის თქმა მასზე მეტყველებს ცუდად!
აკა
12 თებერვალი 2016 12:00
გიზო, რა გემართებათ, რუსის შიში და ძრწოლა ისე გაქვთ სისხლში გამჯდარი , რუს ოკუპანტებზე (ლავროვი, ელცინი, მედვედევი, პუტინი) ხსენებაზე აზრს კარგავ და ქილიკზე გადადიხართ.. რა გეწყინათ?! .. რამ შეგაშინათ?! გადახედეთ საქართველოს უძველეს და უახლეს ისტორიას და იფიქრეთ, იაზროვნეთ და ისევ იფიქრეთ.. რამდენჟერ გადაგვთელეს რუსებმა 200 წლის ბატონობის განმავლობაში, - ყმები ქართველები ვიყავით...პეტრე ბაგრატიონით დაწყებული უბრალო ბოგანოთი დამთავრებული....თუ ჩემი ასაკისა ხართ აღარაფერი გეშველებათ, ხოლო თუ ახალგაზრდა ბრძანდებით ბევრ კარგსაც ნახავთ წუთისოფელში...პატრიოტულ აზროვნებასა და კარგ ჯანმრთელობას გისურვებთ...
AKA
12 თებერვალი 2016 11:58
GIზO, რა გემართებათ, რუსის შიში და ძრწოლა ისე გაქვთ სისხლში გამჯდარი , რუს ოკუპანტებზე (ლავროვი, ელცინი, მედვედევი, პუტინი) ხსენებაზე აზრს კარგავ და ქილიკზე გადადიხართ.. რა გეწყინათ?! .. რამ შეგაშინათ?! გადახედეთ საქართველოს უძველეს და უახლეს ისტორიას და იფიქრეთ, იაზროვნეთ და ისევ იფიქრეთ.. რამდენჟერ გადაგვთელეს რუსებმა 200 წლის ბატონობის განმავლობაში, - ყმები ქართველები ვიყავით...პეტრე ბაგრატიონით დაწყებული უბრალო ბოგანოთი დამთავრებული....თუ ჩემი ასაკისა ხართ აღარაფერი გეშველებათ, ხოლო თუ ახალგაზრდა ბრძანდებით ბევრ კარგსაც ნახავთ წუთისოფელში...პატრიოტულ აზროვნებასა და კარგ ჯანმრთელობას გისურვებთ...
gizo
06 თებერვალი 2016 15:32
აკა, ვაი შენ პატრონს!!!

რედაქტორის რჩევით