"სოფლელების" ამბოხი! - კვირის პალიტრა

"სოფლელების" ამბოხი!

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

"რაიონიდან ჩამოსულები" ახსენა, ვითომ ვაკეში ყველა ეგრევე პროფესიონალად იბადება! დედის მუცლიდან დაჰყვებათ უნარები!"

გასული კვირის სამუშაო დღეების ბოლოს, ანუ პარასკევს, სოციალურ ქსელში სოფლელების ამბოხის მოწმე გავხდით; უფრო სწორად - "რაიონიდან ჩამოსული" ჟურნალისტების! ერთი ამბავი იყო ატეხილი. პროტესტის ნიშნად წერდნენ პოსტებს: მე ქუთაისელი, ვარ, მე ზესტაფონელი ვარ, მე გორელი ვარ, მე წალენჯიხელი ვარ და ა.შ. პარალელურად კი "უცნობს", იმავე გია გაჩეჩილაძეს ლანძღავდნენ. არადა, გასალანძღი კი იყო, სიტყვა უშნოდ გაექცა, როდესაც ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმზე ლაპარაკობდა, რატომღაც "რაიონიდან ჩამოსულები" ახსენა, ვითომ ვაკეში ყველა ეგრევე პროფესიონალად იბადება! დედის მუცლიდან დაჰყვებათ უნარები! თუ "უცნობს" ჟურნალისტებში პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე სურდა საუბარი, ესაუბრა, ვინ უშლიდა, მაგრამ რა შუაში იყო "რაიონიდან ერთი თვის ჩამოსული?" მერე კი გაავრცელა განმარტება, მაგრამ სიტყვა რომ გაგექცევა, ჯობია შეცდომა აღიარო და ბოდიში მოიხადო, ვიდრე თავი იმართლო და იძახო, ეგ არ მიგულისხმიაო. თორემ ეს სოციალური ქსელი ისეთი რამეა, ერთი რომ აგორდება ტალღა, დღის ბოლოს შეიძლება ცუნამად იქცეს და წაგლეკოს! აქ ყველაფერი გადამდებია, განსაკუთრებით პროტესტი. ბოლოს მგონი, თბილისელებიც კი წერდნენ, რაიონიდან ვართო! ბოლოს თავად "უცნობმაც" კი აღიარა, მეც ჩამოსული ვარ, სოფელ წევადან ვარ წარმოშობითო და საერთოდ თბილისელი მარტო ხოხობი იყო და ისიც ვახტანგ გორგასალმა მოკლაო. ამით დასრულდა რაიონიდან ჩამოსულების ამბოხი, რომელთა რიცხვში ალბათ მეც გავდივარ, რამეთუ ბათუმელი ვარ.