მიშა, ასლანი... - ისტორიის გაკვეთილები ბიძინასთვის - კვირის პალიტრა

მიშა, ასლანი... - ისტორიის გაკვეთილები ბიძინასთვის

საკმარისი იყო ახალ ხელისუფლებას ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებული გამოევლინა, რომ წინა ხელისუფლების მომხრეებმა ერთი ამბავი ატეხეს, მიშას რომ ლაზიკის გამო დასცინოდით, ახლა თავად ხომ აკეთებთო. ვიღაცები და მეც მათ შორის ვცდილობდით აგვეხსნა, რომ მიშა როგორც ყველა დიქტატორული მიდრეკილების ადამიანი, ბოლოს კომიკური პერსონა გახდა და თან მანია გრანდიოზა სჭირდა.

იმის მაგივრად, რომ პორტზე ელაპარაკა და ეთქვა, შეიძლება ამ პორტს ოდესმე ქალაქის განვითარებაც მოჰყვესო, პირდაპირ ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენებას აანონსებდა. სწორედ ეს იყო სასაცილო და არა ანაკლიაში პორტის აშენების იდეა. რა თქმა უნდა, მიშამ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ თქვენ იცით, ასლან აბაშიძემ თავის დროზე როგორი სამსახური გაუწია აჭარის მოსახლეობას და ის რისგან იხსნა? - "მხედრიონის" თარეშისგან.

როდესაც მთელი საქართველო სამოქალაქო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული და თბილისში ხალხი პურის რიგში ავტომატით იდგა, ჩვენ, ბათუმელებს, მაშინდელი საქართველოსთვის ჩვეული მოვლენა - ქუჩაში ავტომატიანი ხალხი, "ბესპრიდელი" არ გვინახავს. ჩვენ, ფაქტობრივად, საქართველოს 90-იანები გამოვტოვეთ და მხოლოდ იმიტომ, რომ ასლანმა ჩოლოქი ჩაკეტა და ჯაბა იოსელიანს აჭარაში ცხვირი არ შემოაყოფინა. შედეგად, როცა მთელ საქართველოში ომი და განუკითხაობა იყო, აჭარაში იყო სრული სიმშვიდე. მაგრამ აჭარის მოსახლეობისთვის საბოლოოდ მისი მოღვაწეობის შეფასების დროს მთავარი ის კი არ აღმოჩნდა, რა გააკეთა, არამედ ის, თუ რა ფასი მოითხოვა ამაში.

ასლანმა გადაწყვიტა, რადგან რეგიონი ომისგან იხსნა, მას ყველაფრის უფლება ჰქონდა და აჭარაში შეიძლებოდა პატარა დიქტატორად მჯდარიყო. აჭარის ტელევიზიას დაამონტაჟებინა ფილმი სამეგრელოში "მხედრიონის" თარეშის უმძიმესი კადრებით, დაარქვა "რას გადაურჩა აჭარა" და კვირაში ერთხელ გვაყურებინებდა, რომ მისი ღვაწლი არ დაგვვიწყებოდა. მიუხედავად ამისა, ის სწორედ აჭარის მოსახლეობამ გააგდო.

იგივე ეხება მიშასაც და მის გაკეთებულ საქმეებსაც. დიახ, მან ბევრი კარგი გააკეთა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში ტოტალური კორუფციის აღმოფხვრაა, რაც ყოფილ საბჭოთა სივრცეში ვერსად მოახერხეს. ამან ქვეყანას წინსვლის და განვითარების შანსი მისცა, მაგრამ სანაცვლოდ მიშამაც გადაწყვიტა, რომ გაკეთებული საქმეები მასაც ყველაფრის უფლებას აძლევდა, შეეძლო კანონზე მაღლა დამდგარიყო და პატარა დიქტატორუკა გამხდარიყო. ტელევიზიები აბაშიძის დროინდელი "აჭარის" ტელევიზიის" სტილში მხოლოდ მის ქებაში ყოფილიყვნენ, "დაეჩმორებინა" სასამართლო და ა. შ მარტივად რომ ვთქვათ, შარვალი ჩაიხადა და ხალხს უკანალი მიუშვირა. ქართველმა ხალხმა კი მას ამ უკანალში პანჩური ამოჰკრა. ხალხი მზად არ აღმოჩნდა, რომ თუნდაც კარგი საქმეების სანაცვლოდ, ვინმესთვის უკანალი ეკოცნა. მიშისტები კი ამას ვერ იგებთ, რატომ? საკუთარ თავს ჰკითხეთ.

ვიცი, რა არგუმენტებიც გექნებათ - ბიძინა! აქ მარტივი პასუხია: ბიძინა თუ დროზე ვერ გამოიტანს გაკვეთილს ამ ისტორიებიდან, ქართველი ხალხი მასაც ისევე მოექცევა, როგორც ასლანს და მიშას.