საქმეს მიხედეთ, ბატონებო და ქალბატონებო! - კვირის პალიტრა

საქმეს მიხედეთ, ბატონებო და ქალბატონებო!

(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

სირცხვილია ეს ერთმანეთის წამხედურობა და შეჯიბრი, თუ ვინ იპოვის განტევების ვაცს?!

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს საძინებლებში წინა ხელისუფლება უთვალთვალებდა, დღეს ყველა ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებს, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ვიდეოფირებს თავად იყენებენ, გაჩნდა საფუძვლიანი კითხვები, რატომ ვერ დასაჯეს ვერავინ, ვინც თავის დროზე ამ საქმით იყო დაკავებული. გასაგებია, რომ ბევრი მაღალჩინოსანი გაქცეულია, მაგრამ დაბალჩინოსნები და ამ სიბინძურის რიგითი შემსრულებლები ხომ აქ არიან? მეტიც, ისევ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ. მათ რატომ არ ეხებიან?

მესმის, რომ ამ ამბავმა ყველაზე მეტად ხელისუფლება დააზარალა და, წესით, ამის გაკეთება არ აწყობდა, მაგრამ ჯერ ერთი, ხელისუფლებაში ბევრი დაჯგუფებაა, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან და მეორე, ასე თუ არ მივუდექით საკითხს, ეს ხელისუფლება მარტო სხვებზე გადაბრალებით არის დაკავებული...

მოვისმინეთ მთავრობის წევრების განცხადებები, თუ როგორ ემიჯნებოდნენ კონკრეტულ სააგენტოს. სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" შეცდომა დაუშვა და გამოაქვეყნა ინფორმაცია ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ, სადაც ვიდეოფირის სათაური დაასახელა, რაც საშუალებას იძლეოდა, მსურველს ის ინტერნეტში მოეძებნა. შეცდომა აშკარაა, რომელიც სააგენტომ მალევე აღიარა და ინფორმაცია ჩამოხსნა, ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ მავანისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. იუსტიციის მინისტრმა დაიწყო, თავდაცვის მინისტრმა გააგრძელა და აჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ ზოგიერთი მედიასაშუალება და დაიწყეს კამპანიური გამიჯვნა. სააგენტომ შეცდომა აღიარა, ბოდიში მოიხადა, მთავარი პასუხისმგებელი პირი სამსახურიდან გაუშვეს! კიდევ რა უნდა ქნან?! ხარაკირი გაიკეთონ?!

მთავრობის წევრები კი იმის მაგივრად, რომ ძალოვანებს დამნაშავეების სასწრაფოდ გამოვლენისკენ მოუწოდებდნენ, განგაშის ზარებს არისხებდნენ, რომ მათი ხელისუფლების პირობებში ასეთი უმსგავსობა ხდება, საზოგადოებას ბოდიშს უხდიდნენ, რომ ეს ვერ აღმოფხვრეს, დამდგარან და სააგენტოს ემიჯნებიან, რომელმაც შეცდომა თავადაც აღიარა. სირცხვილია ეს ერთმანეთის წამხედურობა და შეჯიბრი, თუ ვინ იპოვის განტევების ვაცს?!

ამიტომ, სანამ ამ ხელისუფლების წევრები არ მიხვდებიან, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, რომ ისინი არიან მთავრობა და წინა ხელისუფლებაზე ყველაფრის გადაბრალება მხოლოდ მათ სისუსტეს უსვამს ხაზსს, მანამდე არაფერი ეშველებათ. საქმეს მიხედეთ, ბატონებო, თორემ ქვეყანა თავზე დაგემხობათ!