"ნაძირალა პრეზიდენტის" ამბავი, ანუ რაში ვეთანხმები სააკაშვილს - კვირის პალიტრა

"ნაძირალა პრეზიდენტის" ამბავი, ანუ რაში ვეთანხმები სააკაშვილს

აუცილებლად ყველაფერი თავზე უნდა დაგვმხობოდა, პროკურატურას ერთი ადგილი რომ გაენძრია! როგორც იქნა მოახერხა და ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეში წინ წაიწია.

კუდ-ის ყოფილი ექვსი მაღალჩინოსანი დააკავეს! ეს კარგია, მაგრამ ჯერ კიდევ დასადგენია, მთავარი დამკვეთები და ის ხალხი, ვინც ეს ყველაფერი გამოაქვეყნა და კვლავაც აქვეყნებს. ეს ოთხი წელი, რომ ეს ადამიანები ასე თავისუფლად დადიოდნენ, ამაზე პასუხისმგებლობას ეს ხელისუფლება ვერ გაექცევა. ის კი არა, ერთ-ერთი ბრალდებული არჩევნებზე საერთოდ "ქართულ ოცნებას" ემხრობოდაო, - ამბობენ. "ოცნებაში" ამას უარყოფენ, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება. ამ ოთხი წლის განმავლობაში ასეთი საქმეების გამოუძიებლობით და დანაშაულის მონაწილე ჩინოვნიკებთან თანამშრომლობით "ქართულმა ოცნებამ" მთელი მორალური უპირატესობა, რაც "ნაციონალურ მოძრაობასთან ჰქონდა" გაანიავა, ამიტომაცაა, რომ ახლა მათ მიმართ ნდობა დაბალია.

"ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილი კი უკვე ფიქრობენ როგორ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. გამოძიებას ჯერ კონკრეტული დამკვეთები არ დაუსახელებია, მაგრამ სააკაშვილი თავის მინისტრებს უკვე გაემიჯნა. იმათ, ვის უწყებაშიც ასეთი რამ ხდებოდა, პოლიტიკური პასუხიმგებლობა უნდა აიღონ და ხელისუფლებაში აღარ უნდა დაბრუნდნენო. ეს ის შემთხვევაა, როცა მიშას ვეთანხმები. დიახ ასპროცენტიანია სააკაშვილი, როცა ფარული ჩაანწერების კონტექსტში პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს და ამბობს: "ისინი, ვინც ამგვარი რამ თუნდაც საკუთარი უყურადღებობით დაუშვა საკუთარ უწყებაში, აღარასდროს უნდა დაბრუნდნენ ქართულ პოლიტიკაში. მათი ადგილი არ არის ახალი საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და რა დამსახურებებიც არ უნდა ჰქონდეთ ქვეყნის წინაშე".

ამას ვიმეორებ მეც ამდენი ხანია, რომ დანაშაულს (უყურადღებობით, თუ პირიქით ზედმეტი ყურადღებით გამოწვეულს, ამას გამოძიება დაადგენს) ვერ გადაფარავს გაკეთებული საქმეები.

არადა, როცა "ნაციონალებს" ვაკრიტიკებ, მათი მხარდამჭერები სულ იმას მსაყვედურობენ, ნუთუ, წინა ხელისუფლების დროს გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავო. ძალიან ბევრს ვხედავ, მაგრამ მიშას სიტყვებით, რომ ვთქვათ: "მათი ადგილი არ არის ახალი საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და რა დამსახურებებიც არ უნდა ჰქონდეთ ქვეყნის წინაშე..." მიშას მხოლოდ, ერთი რამ ავიწყდება, პირველი, ვისაც დანაშაულებრივ რეჟიმზე პასუხისმგებლობა ეკისრება, თავადაა! ასე, რომ ტყუილად ცდილობს ხელის საკუთარ მინისტრებზე შეწმენდას და მშრალად გამოძრომას! მისი ეს ფორმულა უპირველესად მას ესადაგება! თუ რატომ ამის დასადასტურებლად მის კიდევ ერთ ცნობილ სიტყვებს გავიხსენებ, რომელიც მან 2003 წელს ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნისას თქვა: "როცა რიგითი პოლიციელი კანონს არღვევს და ამას მთელი ქვეყანა იგებს, ხოლო მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ის ისეთივე ნაძირალაა, როგორიც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და პრეზიდენტი ამის გამო მას არ ათავისუფლებს პოსტიდან - მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა"!

იხილეთ ასევე: "ავაგორებთ ისეთ ტალღას, რომელიც ამათ წალეკავს"! - სააკაშვილის ულტიმატუმი და მუქარა პოროშენკოს