განკარგულებების სროლა ერთმანეთის ბოსტანში, ანუ რით დასრულდება პრემიერის პინგ-პონგი პრეზიდენტთან? - კვირის პალიტრა

განკარგულებების სროლა ერთმანეთის ბოსტანში, ანუ რით დასრულდება პრემიერის პინგ-პონგი პრეზიდენტთან?

ადრინდელი პრემიერი და პრეზიდენტი რაგბის თამაშობდნენ, ახლანდელი პრემიერი და პრეზიდენტი - პინგ-პონგს. აღარა გვაქვს შერკინებები, ხელჩართულ ჩხუბამდე მისული დაძაბულობა, სამაგიეროდ, ახალი გასართობი მოიგონეს: ერთმანეთის ბოსტანში ისვრიან განკარგულებას არჩევნების დანიშვნის შესახებ. თავიდან ვითომ ყველაფერი კარგად იყო. ერთმანეთს შეხვდნენ, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი გამოაცხადა, თუმცა მერე გაირკვა, რომ არც პრეზიდენტს, არც პრემიერს და არც მათ გარემოცვას კანონში არ ჩაუხედავს.

პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ჩემთან ეთერში ირწმუნებოდა, ასეთი სახით აქტის გამოცემა პრეზიდენტს პრემიერმა შესთავაზა, მარგველაშვილიც დათანხმდა, იმას ხომ არ აკადრებდა, თქვენ მიერ მომზადებულ წინადადებას ჩემს იურისტებთან გადავამოწმებო. ჰოდა, თუ არ აკადრებდა, რაც მივიღეთ, კი ვხედავთ. შევედით საკანონმდებლო აბსურდში. პრემიერმა თითქოს გამოსავალი მოძებნა, პრეზიდენტს გამოცემული აქტი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა და სთხოვა, ახალ არჩევნებამდე სამი თვით ადრე, 8 ივლისს გამოეცა, რათა სამთვიანი წინასაარჩევნო პერიოდი გვქონოდა, თუმცა ახლა პრეზიდენტი გაჯიუტდა, ადრე მითხარით, ორ თვეზე მეტ წინასაარჩევნო კამპანიას ბიუჯეტი ვერ გაუძლებსო და ახლა აღმოჩნდა, თურმე მეტი შეიძლება, ეს სადაური წესიაო. ჰოდა, ახლა თქვენს ჯიბრზე მე ხუთ თვეს მოვითხოვ, თუ კაიაო!

მტყუან-მართალს არ გავარჩევ, უბრალოდ გული მწყდება, რომ მარტივ თემებზეც ვერ ვთანხმდებით და დღესაც არ ჩანს გამოსავალი, რადგან დიდი ალბათობით, ხუთი თვით ადრე გამოცემულ პრეზიდენტის აქტს პრემიერი ხელს არ მოაწერს და მისი თანახელმოწერის გარეშე კი მას ძალა არ ექნება. ერთადერთი პოზიტივი, რაც ამ ამბავს ახლავს, ის არის, რომ პრემიერ-მინისტრი სიმშვიდეს ინარჩუნებს და წინამორბედივით, ან მისი თანაგუნდელებივით პრეზიდენტს არ ლანძღავს.

ახალი პრემიერ-მინისტრის მთავარი პლუსი მისი სიმშვიდე, კონსტრუქციულობა და არაბოღმიანობაა. ჯერჯერობით ამით ქაჩავს, მაგრამ როდესაც პარტიის ლიდერად აირჩევენ და წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, ცოტა სხვა თვისებების გამოვლენაც მოუწევს. ჯერ ის პოლიტიკაში ისეა, როგორც ფეხბურთელი, რომელზეც მიმომხილველები ამბობენ, მართალია, მოედანზე განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ არც არაფერი გაუფუჭებიაო. ასეთი ფეხბურთელები შავი სამუშაოს შესასრულებლად გუნდში ყოველთვის საჭირონი არიან, მაგრამ ისინი ლიდერები და ვარსკვლავები ვერასდროს ხდებიან. წინასაარჩევნოდ კი "ოცნებას" ლიდერი სჭირდება, ამიტომ მთავარი გამოცდა კვირიკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, წინ ელოდება, თორემ ასი დღე ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ რამე გააკეთო, თუმცა ძალიან ბევრი - რომ გააფუჭო. კარგია, რომ არაფერს აფუჭებს, დანარჩენს კი აწი ვნახავთ.

დღეს ამბობენ, ივანიშვილიც ჩაერთვება "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაშიო. ეს კვირიკაშვილისთვის ცუდი იქნება და საერთოდ "ოცნებისთვისაც". "ოცნებას" სჭირდება ახალი ლიდერი, ხოლო კვირიკაშვილი ვერ იქცევა ლიდერად, როდესაც მის გვერდით გუნდისთვის უფრო ავტორიტეტული მეორე ადამიანი იქნება. ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვა სტრატეგიული შეცდომა მგონია, დროა, "ოცნება" მისი ჩრდილიდან გამოვიდეს და პირველ რიგში კვირიკაშვილი. როდესაც პრესკონფერენციაზე ვკითხე, ივანიშვილმა გადადგომა რომ შემოგთავაზოთ, თქვენი პასუხი როგორი იქნება-მეთქი, მას ამ თეორიულ დაშვებაზე პირდაპირი პასუხით შეეძლო სპეკულაციებისთვის წერტილი დაესვა, მაგრამ პირდაპირი პასუხი არ ისურვა.

ასე რომ, ამ ეტაპზე კვირიკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, აქტივად მხოლოდ კონსტრუქციულობას თუ ჩავთვლით და იმას, რომ პრეზიდენტთან ჯერ პინგ-პონგი აქვს და არა რაგბი.